საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

zugdidi

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს ზუგდიდს, წალენჯიხასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და ჩხოროწყუს, დასავლეთიდან _ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან _ მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან _ ფოთისა და ხობის ეპარქიები, სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ამ მხარეში წმიდა მოციქულებს _ ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველქრისტიანული თემისთვის ეკლესია დაუფუძნებიათ.

IV საუკუნის პირველ ნახევარში ეგრისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელი-გიად გამოცხადდა, ხოლო V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა სრულად გაათავისუფლა დასავლეთ საქართველო რომაელთაგან.

მალევე, ეგრისის დიდი ომიანობის დროს, რომაელთაგან მოპოვებული წარმატებების შემდეგ, ეს მხარე ეკლესიურადაც კონსტანტინოპოლს დაექვემდებარა. იმხანად, VI ს. საქართველოს ზღვისპირეთში ორი მსხვილი ბერძნულენოვანი საეკლესიო ერთეული ჩამოყალიბდა, რომელთაგან ფაზისის, ანუ ლაზიკის სამიტროპოლიტოს იურისდიქცია ამ მხარეზე ვრცელდებოდა. სამიტროპოლიტოს ცენტრი ქალაქი ფაზისი იყო და მას ოთხი ეპისკოპოსი _ პეტრა-ციხისძირის, ზიგანევ-გუდავასი, ცაიშისა და როდოპოლის-ვარდციხისა ექვემდებარებოდა. ცაიშელი ეპისკოპოსის სამწყსოდ ცაიში და მისი შემოგარენი ითვლებოდა. ეს ტერიტორია თანამედროვე ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს შემადგენლობაშია.

დასავლეთ საქართველოში VIII საუკუნიდან იწყება აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბების პროცესი, რომლის შემადგენლობაშიც X საუკუნისათვის მთელი დასავლეთ საქართველო შედიოდა. ცაიშის ბერძნულენოვანი კათედრის საფუძველზე იმავე სახელწოდების ქართული სამღვდელმთავრო აღმოცენდა.

ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ ქართულენოვანი წერილობითი წყაროების ცნობა პირველად X-XI სს. მიჯნაზე გვხვდება. ცაიშის დიდი საწინამძღვრო ჯვრის წარწერაში „ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის“(978-1014 წწ.) გვერდით მოხსენიებულია ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი. XI ან XII საუკუნეში აქაურ მღვდელმთავრად იოანე I ფელაგისძე ჩანს, XIV ს-ის დამდეგს კი, ბასილი ეპისკოპოსი.

პოლიტიკურად დანაწევრებულ იმერეთის სამეფოში უმაღლეს საეკლესიო იერარქად აფხაზთა კათოლიკოსი ითვლებოდა, რომლის ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ცენტრალიზებული იყო. ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად იზრდებოდა ან მცირდებოდა ოდიშის ტერიტორიაზე არსებულ ეპარქიათა რიცხვი და მათი იურისდიქციის საზღვრები. ცაიშის ძველი საეპისკოპოსო ადრიდანვე, XIV ს-დან ფლობდა ზემო სვანეთის გარკვეულ ნაწილსაც. ზემო სვანეთი ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში XVII ს-შიც შედიოდა, ხოლო XVIII საუკუნისთვის ვახუშტი ბატონიშვილის მიერ აღწერილ ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში ხობის გაუქმებული საეპისკოპოსოც შედიოდა.

XVII ს-ის დამდეგიდან, როდესაც ოდიშის სამთავრო სახლის საძვალედ წალენჯიხის ეკლესია იქცა, ეს უკანასკნელი ძალიან დაწინაურდა და ცალკე საე-პისკოპოსო კათედრად ჩამოყალიბდა. წალენჯიხის სამწყსო ადრე ცაიშის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა და ახალი ეპარქიის შექმნით ცაიშის ეპარქიას მნიშვნელოვანი ტერიტორიები ჩამოშორდა. XVIII ს-ის შუახანებში გაუქმებული წალენჯიხის ეპარქიის სამწყსო კვლავ ცაიშელის იურისდიქციაში შევიდა, იმავე საუკუნის მიწურულში სამურზაყანოც ცაიშელი მღვდელმთავრის სამწყსოდ იქცა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, 1814 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო უშუალოდ შეუერთდა რუსეთის ეკლესიას. ცაიშის სამწყსოც ეგზარქოსის დაქვემდებარებაში არსებულ იმერეთ-ქუთაისის ეპარქიის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

XI ს-დან წერილობით წყაროებში მოხსენიებულია შემდეგი ცაიშელი მღვდელმთავრები:

ეფრემი _ XI საუკუნე
იოანე ფელაგისძე _ XI-XII სს.
ბასილი _ XIV ს-ის დამდეგი
დანიელი _ XV ს-ის 40-იანი წლები
ეფთვიმი _ XV ს-ის 80-იანი წლები
ბართლომე _ XV-XVI სს.
კირილე ჟუანიძე _ 1549-1572 წწ.
მაქსიმე I _ XVI-ის ბოლო მეოთხედი
დავით I _ XVI ს-ის მიწურული
მალაქია გურიელი _ 1611-1639 წწ.
ანდრია _ 1639-1640 წწ.
დავით ჯოლია _ … 1652 … წლები
მაქსიმე აგიაშვილი _ 1696-1701 წწ., მეორედ _ 1709-1710 წწ.
სვიმონ ღოღობერიძე _ 1701-1709 წწ., მეორედ _ 1710-1759 წწ.
სოფრომ ღოღობერიძე _ 1766-1777 წწ.
გრიგოლ ჩიქოვანი _ 1777-1823 წწ.

1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს საეკლესიო კრების განჩინებით ცაიშის ძველი სამღვდელმთავრო ტერიტორია ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე აღდგა 1823 წლიდან გაუქმებული ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა. ახლად აღდგენილ სამღვდელმთავროს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ეწოდა. აღდგენილი ეპარქიის მართვა 1998 წლამდე შეთავსებული ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოს დანიელ დათუაშვილს. ამჟამად ზუგდიდისა და ცაიშის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარე ეკლესია-მონასტრები:

ზუგდიდი:

ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძა-რი (1825-1830 წწ.)
ცაიშის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (X-XI სს.; XIII-XIV სს.)
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი (X ს.)
ზუგდიდის კვირაცხოვლობის (მაცხოვრის კარის) ეკლესია (XV-XVI სს.)
სოფ. კორცხელის (ზუგდიდი) ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (X ს.)
სოფ. ჭითაწყარის (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია (XIX-XX სს.)
სოფ. ლეშამუგეს (ზუგდიდი) მაცხოვრის შობის ეკლესია (XIX-XX სს.)
სოფ. ტყაიას (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია (XIX-XX სს.)
სოფ. ყულიშკარის (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია (XVII ს.)
კოკის (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია (XV ს.)
სოფ. მუჟავას (წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. ლიის (კუთხე მახარია) (წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია (XIX-XX სს.).
ქ. ზუგდიდის (ქაფათის უბანი) წმიდა გიორგის ტაძარი
სოფ. დიდინეძის წმიდა გიორგის ტაძარი
სოფ. კახათის წმიდა გიორგის ტაძარი
სოფ. ძველი აბასთუმნის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი
სოფ. ოდიშის წმიდა გიორგის ტაძარი
სოფ. ჭკადუაშის წმიდა ნინოს ტაძარი
სოფ. ჭკადუაშის წმიდა გიორგის ტაძარი
სოფ. რიყეს წმიდა გიორგის ტაძარი
სოფ. რუხის წმიდა გიორგის ტაძარი
სოფ. ზედა ეწერის წმიდა გიორგის ტაძარი
სოფ.ნარაზენის ხარების ტაძარი.

წალენჯიხა:
ქ. წალენჯიხის მთავარანგელოზის ტაძარი
სოფ. ეწერის (სააფაქიო) წმიდა ნინოს ტაძარი
სოფ. ლიის (პალური) წმიდა ნინოს ტაძარი
სოფ. ოჭანეს წმიდა გიორგის გუმბათოვანი ტაძარი
სოფ. ეწერფერდის წმიდა კვირიკეს ტაძარი
სოფ. ჯგალის (ნოხორუ) წმიდა ნიკოლოზის ტაძარი
სოფ. ობუჯის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ტაძარი
სოფ. საჩინოს მთავარანგელოზთა ტაძარი.

საგანმანათლებლო დაწესებულებები:

ზუგდიდის წმ. გიორგის სახ. გიმნაზია – თაბუკაშვილის ქ. 76, დირექტორი _ მანანა ნაჭყებია

კახათის წმ. გიორგის სახ. გიმნაზია _ ზუგდიდის რაიონი სოფ. კახათი; დირექტორი _ მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), დირექტორის მოადგილე _ დეკ. გაბრიელ გულორდავა.