საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ვანისა და ბაღდათის ეპარქია

ვანისა და ბაღდათის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

ვანისა და ბაღდათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში მდებარეობს. იგი ქალაქებს – ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთისა და უბისის, დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილოეთიდან ქუთაის-გაენათის და ხონის, სამხრეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები.

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო, როდესაც მათ მოაიარეს ზღვისპირეთი და მდინარე ფაზისს აჰყვნენ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისის და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XIV ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბებული ხონის, შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსის რეზიდენციის გელათში გადმოტანისას, დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა და ვაკე იმერეთიც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX სს-თა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყო ტერიტორიას შეადგენდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ვაკე იმერეთი გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში – იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სამწყსო ქუთაისსა და გაენათის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.

1995 წ. 5 აპრილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვანისა და ბაღდათის ეპარქია ჩამოყალიბდა. 1996 წ. ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანტონ ბულუხია.