საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწო-თიანეთსა და ძველი ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალვან-თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან – ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას მიეკუთვნება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – მცხეთა-თბილისის ეპარქიას ესაზღვრება, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.

ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი „მთეულნი“ ეწოდებოდათ. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურესი სამხრეთით, მდინარე ივრის დასავლეთ მხარეს მდებარეობდა „ერწუ“ ანუ „ერწო“. ერწოს ზემოთ იორზე იყო „თიანეთი“, რომელიც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოველთა მთებზე შეფენილი იყო „ფხოეთი“. ფხოეთი, იგივე ფხოვი, XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე – ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით – „ფხოვზე“) და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე „ჟალეთის ქვეყნის“ სახელით იყო ცნობილი).

თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმიდა მეფე მირიანისა რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმ. ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ „მოეწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ; ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქუეყანაჲ მათი და გარდავიდეს თუშეთს“, ხოლო ერწო-თიანელებზე უწყებულია, რომ „მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღესო“. ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: „ესე არს მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“, და ცოტა მოგვიანებით წმიდა მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელს: „რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა წმიდამან აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან“. აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმიდა დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა თანამედროვე ეპარქიის ტერიტორიაზე გაცილებით ადრე, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს დაფუძნდა ეპარქია, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „ჟალეთი“, იგივე „ბერ“ ანუ ჩელეთიაო. ჟალეთს „გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერკისა. მოგვიანებით, ჟალეთის დამცრობის შემდეგ, როდესაც იგი მხოლოდ „ჟალეთის ქვეყნის“ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, აღნიშნული სამღვდელთმთავროს ტერიტორიები ხარჭაშოს კათედრას  დაქვემდებარებია.

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათალიკოსოს გამგებლობაში ითვლებოდა.

ქვეყნის საერთო ძნელბედობის გამო ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი მასიური დაცარიელება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საუკუნეთა ნაცადი ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო.

XIX ს. დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა.

1917 წელს ავტოკეფალსიის აღდგენისას განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოს „მთეულთ“ – მთიულეთს, გადამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვ.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა და ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება – „თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის“ – არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულიდან, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული „ჟალეთის“, შემდეგ კი ძველი „ხარჭაშოს“ ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი „ხარჭაშნელად“ იწოდებოდა).

2015 წლიდან ეპარქიას მღვდელმთავრობს ეპისკოპოსი მიქაელი.