საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთით – ზემო იმერეთში, ისტორიული არგვეთის, იგივე მარგვეთის, საერისთავოში მდებარეობს. იგი ჭიათურა-საჩხერის რაიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეს რეგიონი, ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის შექმნამდე, მარგვეთის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ჭიათურა-საჩხერის ეპარქია კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით შეიქმნა და ახლად შექმნილ სამღვდელმთავრო სამწყსოს ჭიათურის ეპარქია ეწოდა. 2002 წლის 17 ოქტომბერს წმიდან სინოდის განჩინებით მას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ეწოდა. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ესაზღვრება, დასავლეთიდან ქუთაის-გაენათის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, სამხრეთიდან მარგვეთისა და უბისის, სამხრეთ-დასავლეთიდან ურბნისისა და რუისის.

ისტორიულ წყაროთა უწყებით ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს კუთხეც გაქრისტიანდა. ტრადიცია, ამერ-იმერის საზღვარზე „ჯვარის“ უღელტეხილის სახელწოდებას, ასევე „რკინის ჯვარს“ და სხვ. ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულთა საქართველოში მიმოსვლას უკავშირებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მახლობელი პერიოდის არქიტექტურული ძეგლები ამ მხარის აქტიურ გაქრისტიანებას მიანიშნებს. არგვეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული სარწმუნოება აღმოსავლეთ საქართველოს უშუალო მეზობლობითა და მისი გავლენით გავრცელდა. ეს მხარე თავიდანვე მცხეთის საყდრის იურისდიქციაში, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის შემდეგ მის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1810 წელს იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, 1821 წელს რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიათაგან შეიქმნა მხოლოდ ერთი – იმერეთის ეპარქია. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკაფალიის აღდგენა გაუქმებულ ეპარქიათა ამოქმედებითაც აღინიშნა. პირველ საეკლესიო კრებაზევე განახლებულ ეპარქიათა შორის მარგვეთის ეპარქიაც იყო, რომლის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონიც შედიოდა. ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ცალკე ეპარქიებად გამოყოფის შემდეგ, 1995 წლის 5 აპრილის წმიდა სინოდის კრების განჩინებით მარგველმა მიტროპოლიტმა კონსტანტინე მელიქიძემ შეითავსა, 1998 წლის 8 ოქტომბრიდან ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია დაინიშნა. მეუფე აბრაამის მოსვლისას ეპარქიაში მსახურობდა შვიდი მღვდელმსახური:

  1. დეკანოზი დავითი (კაციტაძე)
  2. დეკანოზი ამირანი (მოდებაძე)
  3. დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე)
  4. მღვდელი ლაზარე (კაპანაძე)
  5. მღვდელი თადეოზი (სარალიძე)
  6. მღვდელი დავითი ( გაბრიჭიძე)
  7. მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე)

მეუფე  აბრაამის ხელდასხმით იკურთხა შემდეგი სასულიერო პირები:

  1. მღვდელმონაზონი ბართლომე (ფირცხალაშვილი)
  2. მღვდელმონაზონი ზოსიმე (ყაველაშვილი)
  3. მღვდელი მალხაზი (ყიფიანი)
  4. მღვდელი არკადი (ივანიშვილი)
  5. მღვდელი ავთანდილი (ცაბაძე)
  6. მღვდელი ვახტანგი (აბდუშელიშვილი)

მისივე კუთხევით ეპარქიაში გაიხსნა სასულიერო სემინარია, რომელმაც 2 წელი იარსება. აღდგა და იკუთხა არა ერთი ტაძარი2002 წლის 17 ოქტომბრის წმ. სინოდის განჩინებით ეპარქიის მართვა დაევალა იმდროისათვის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელს (დათუაშვილი), რომელიც დღემდე არის ეპარქიის მმართველი.

ამჟამად ეპარქიაში მოქმედებს ორი მამათა და ერთი დედათა მონასტერი.

  1. კაცხის სვეტის წმ. სიმონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტერი. წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი იღუმენი ილარიონი (კვირიაშვილი). მონასტერში ასევე მსახურობს მღვდელმონაზონი იოანე  (შენგელია) და ბერი მაქსიმე (ქავთარაძე), რომელმაც აღადგინა აღნიშნული მონასტერი.
  2. ჯრუჭის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი . წინამძღვარი არქიმანდრიტი ბიძინა (ქობალია), ასევე მსახურობს მღვდელმონაზონი სვიმეონი (ეზიაშვილი).
  3. მღვიმევის წმ. დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის დედათა მონასტერი. იღუმენია მონაზონი პარასკევა (ფაჩულაშვილი).

მეუფე დანიელის ხელდასხმით იკურთხა შემდეგი სასულიერო პირები:

  1. მღვდელი ნიკოლოზი (მაჭარაშვილი)
  2. მღვდელი გიორგი (წერეთელი)
  3. მღვდელი მიქაელი (ბიწაძე)
  4. მღვდელი გიორგი (გოგოლაშვილი)
  5. მღვდელი ზურაბი ( გველესიანი)
  6. მღვდელი გიორგი ( გოგესაშვილი)
  7. მღვდელი ლევანი (კაციტაძე)
  8. მღვდელი თეიმურაზი (რუხაძე)
  9. მღვდელი ფილიპე (სუთიძე)
  10. მღვდელი იოსები (სადუნიშვილი)
  11. მღვდელი პეტრე (ცაბაძე)
  12. მღვდელი ონოფრე (ნოზაძე)
  13. მღვდელი ლევანი (გელაშვილი)
  14. მღვდელმონაზონი ილარიონი (კვირიკაშვილი)
  15. მღვდელმონაზონი იოანე (შენგელია)
  16. მღვდელმონაზონი სვიმეონი (ეზიაშვილი)
  17. დიაკვანი ლევანი( შუკაკიძე)
  18. დიაკვანი გიორგი (შუკაკიძე)
  19. დიაკვანი აკაკი ( გომართელი)

2010 წელს ჭიათურაში დაიწყო წმ. ანდრია პირველწოდებულის საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომლის საფუძველი აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა – ილია II-მ.

2010 წლის  18 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჭიათურაში გაიხსნა „წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის“ ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა. სკოლის დაარსებისა და გახსნის ინიციატორი გახლავთ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 2010-2011 სასწავლო წელს სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო II-III საფეხურით, სადაც სწავლობდა 90 მოსწავლე. 2011-2012 სასწავლო წლიდან სკოლაში სწავლა-სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურზე. 2013 წელს სკოლას მიუშენდა სამსართულიანი შენობა. ამჟამად სკოლაში ირიცხება 270  მოსწავლე, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული საქალაქო, რესპუბლიკურ საგნობრივ ტურებსა და ოლიმპიადებში. შესაბამისად დაჯილდოებულნი  არიან II-III  ხარისხის დიპლომებით, მედლებით. სისტემატიურად ტარდება მხატვრული ღონისძიებები. მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს ემსახურება 46 პედაგოგი. აქედან 27 სერთიფიცირებულია. სკოლის ყველა პედაგოგი ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. სკოლა ითვლება პრესტიჟულ, აქტიურ, ახალი ინოვაციების განმავითარებელ სასწავლებლად.

2010 წელს მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით საჩხერეში წმ. ნინოს სახ. სკოლა პანსიონი დაარსდა.

მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, 2013 წელს დაფუძნდა საგანმანათლებლო საგამომცემლო ცენტრი „სპეკალი“, რომლის ბაზაზე, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში გაიხსნა საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო სასწავლებელი. იგი მოიცავს ერთწლიან სასწავლო კურსს, თეორიული და პრაქტიკული მიმართულებით:

  • თეორიული მიმართულება — საღვთისმეტყველო:

ა) წმინდა წერილი
ბ) კატეხიზმო
გ) ეკლესიის ისტორია

  • პრაქტიკული მიმართულება — საღვთისმსახურო:

ა) გალობა
ბ) მედავითნეობა
დ) კატეხიზმო

პედაგოგები არიან თბილისისა და ბათუმის  სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული ადგილობრივი ახალგაზრდები, მათგან ოთხი სასულიერო პირია.

სასწავლო პროცესი ეპარქიის ორივე რაიონშია გადანაწილებული როგორც ჭიათურაში ასევე საჩხერეში.

2015 წლიდან დაემატა სოფლები სადაც საკვირაო სკოლა გაიხსნა ასეთია საჩხერის რაიონის სოფელი კორბოული და  ჭიათურის რაიონის სოფელი ტყემლოვანა.

სასწავლო კურსი გაიარა:

  • 2014 წელს 15 მსმენელმა
  • 2015 წელს 28 მსმენელმა.

ამჟამად სასწავლებელში 30 მსმენელი ირიცხება.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთტიფიკატები.