საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია

senaki

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული კოლხეთის სამეფოში, მდინარე რიონსა და ეგრისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე – ოდიშის დაბლობზე მდებარეობს. იგი მოიცავს სამეგრელოს ქალაქებს – სენაკს, ჩხოროწყუს და მათ მიმდებარე ტერიტორიას.

სენაკისა და ჩხოროწყუს სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან – ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – ცაგერისა და ლენტეხის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან – შემოქმედის ეპარქიები.

ეპარქიის სამწყსო ტერიტორია განფენილია მდინარეების ხობისწყლისა და ტეხურის შუა დინების, და ნაწილობრივ, მდინარე რიონის აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს ეგრისის, იმავე ლაზიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.

მოციქულთა ქადაგებით მოქცეული ამ კუთხის მოსახლეობა, საბოლოოდ IV ს-ში, საქართველოში ქრიტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ქრისტიანდება.

ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ჰერაკლეს შემოსევებისას ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე არსებულ ბერძნული სამღვდელმთავროების იურისდიქციაში იყო მოქცეული მთელი ზღვისპირეთი. კონსტანტინეპოლის პოლიტიკური და საეკლესიო გავლენისაგან გათავისუფლება VIII ს-დან დაიწყო.

აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, მთელ დასავლეთ საქართველოში მისი იურისდიქცია გავრცელდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ძალმომრეობით დაფუძნებული ბერძნული სამღვდელმთავროები ქართულით შეიცვალა.

თანამედროვე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ტერიტორიის იმჟამინდელი მოსახლეობა ცაიშისა და ჭყონდიდის ეპარქიების შემადგენლობაში ითვლებოდა.

როდესაც საქართველო სამეფოებად და სამთავროებად დაიყო, სენაკის ტერიტორიაზე არსებული უკვე გაყოფილი ეგრისის სამეფოს ძველი დედაქალაქი ციხე-გოჯი, XVI-XVIII ს-ში ოდიშის მთავართა – დადიანთა რეზიდენცია გახდა. ამ დროიდან ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შემოსევებით შევიწროებული აფხაზეთის კათალიკოსი იძულებული ხდებოდა თავშესაფარი შედარებით უსაფრთხო ადგილას ეძია და  ღვთისმსახურებას ხშირად სენაკში აღასრულებდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ეს მხარე 1823 წ. ჩამოყალიბებულ სამეგრელოს ეპარქიაში იყო გაერთიანებული. 1874 წ. მაისის თვეში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გაუქმებული სამეგრელოს ეპარქია იმერეთის ეპარქიას მიუერთეს, ხოლო 1885 წლიდან შექმნილი გურია-სამეგრელოს ეპარქია სენაკისა და ჩხოროწყუს ტერიტორიებსაც აერთიანებდა.

1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქია, რომელიც მთლიანად მოიცავდა სამეგრელოს ტერიტორიას. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე, მის ტერიტორიული გაყოფის შედეგად, აღდგა ძველი სამღვდელმთავროები: ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და სენაკის, და საკუთრივ ჭყონდიდისა. 2003 წ. 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, ჭყონდიდისა და ფოთი-სენაკის ეპარქიათა ხელახალი ტერიტორიული გადანაწილების საფუძველზე ჩამოყალიბდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია. ახალდაარსებული ეპარქიის საჭეთმპყრობლად წმიდა სინოდმა გამოარჩია არქიმანდრიტი შიო მუჯირი.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში არსებული მოქმედი ეკლესია-მონასტრების  ჩამონათვალი:

ქ. სენაკი:

სენაკის წმიდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი
სენაკის წმიდა გიორგის ეკლესია
სენაკის წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ეკლესია
ძველსენაკის მცხოვრის შობის ეკლესია
ნოქალაქევის წმიდა ორმოცი სებასტიელი მოწამის ეკლესია
ნოსირის ბრწყინვალე აღდგომის ეკლესია.

ქ. ჩხოროწყუ:

ჩხოროწყუს წმიდა გიორგის ეკლესია
ქვედა ჩხოროწყუს წმიდა გიორგის ეკლესია
ოჩხომურის წმიდა ბარბარეს ეკლესია
ახუთის წმიდა გიორგის ეკლესია
ოწინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია (დედათა მონასტერში)
ხაბუმის წმიდა ნინოს ეკლესია
ნაკიანის წმიდა გიორგის ეკლესია
ნაკიანის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
ლესიჭინეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველო.

მონასტრები:

მენჯის მთავარანგელოზთა _ მიქაელისა და გაბრიელის მამათა მონასტერი (სენაკი)
ზემო თეკლათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი (სენაკი)
ოწინდალეს წმიდა გიორგის დედათა მონასტერი (ჩხოროწყუ).

მშენებარე და აღდგენითი ტაძრები:

მენჯის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი
ნოქალაქევის წმიდა გიორგის ტაძარი
ძველი სენაკის წმიდა გიორგის ტაძარი
ახალსოფლის წმიდა ბარბარეს ტაძარი
ეკის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი
თეკლათის წმიდა ბარბარეს ტაძარი
ზანას ფერისცვალების ტაძარი
ფოცხოს მთავარანგელოზის ტაძარი
შხეფის მთავარანგელოზის ტაძარი
ხორში საადანაიოს ტაძარი
ხორში ციზეთი მაცხოვრის ტაძარი
ქვედა ჩხოროწყუს მთავარანგელოზის ტაძარი
კირცხის წმიდა გიორგის ტაძარი
მუხურის წმიდა ნიკოლოზის ტაძარი
ლეგახარეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ლეგერსამეს ტაძარი.