საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია

საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში, მდინარე ივრის აუზში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთი კალთის მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქ საგარეჯოსა და მის შემოგარენს. ეპარქიას აღნიშნული სახელწოდება 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წმინდა სინოდის კრებაზე ეწოდა. 1995 წლის 5 აპრილიდან იგი საგარეჯოსა და გურჯაანის საერთო სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა, რომლის სამწყსო ტერიტორიის გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, და გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირებით, სამღვდელთმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოდბისა და გურჯაან-ველისციხის, დასავლეთიდან – რუსთავ-მარნეულისა და მცხეთა-თბილისის, ჩრდილოეთიდან – ალავერდისა და თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის ეპარქიები, სამხრეთის მიჯნა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა. საგარეჯოსა და ნინოწმინდის სამღვდელმთავრო ტერიტორია უძველეს დროს შედარებით მცირე მოცულობის კახეთის პროვინციის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა და ამ მხარის ადმინისტრაციულ პუნქტად ჩელეთი, IV ს-დან კი უჯარმა ითვლებოდა.

სააგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიის ტერიტორია ისტორიული კახეთის სამეფოს მესამე სადროშოს მიეკუთვნებოდა. ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ვახტანგის მიერ დაფუძნებულ ქართლის საკათალიკოსოში თორმეტი ახალი საეპისკოპოსო კათედრიდან ორი – ნინოწმიდა და ჭერემი თანამედროვე საგარეჯო-ნინოწმიდის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ნინოწმიდის საეპისკოპოსოს კათედრა – „უჯარმის კარი“ – მეფის სასახლის კარის ეკლესია იყო, რომლის მწყემსმთავარი მეექვსე საუკუნის დასაწყისში დვინის საეკლესიო კრებაზეც მოიხსენიებოდა. უმძიმესი ისტორიული წარსულის მიუხედავად, საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიაზე ადრიდანვე ერთიანი ქრისტიანული საქართველოს უმნიშნველოვანესი ეკლესია-მონასტრები და საგანმანათლებლო კერები არსებობდა.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიის გადანაწილების შემდეგ, ჩამოყალიბდა გურჯაან-ველისციხისა და საგარეჯო-ნინოწმიდის ეპარქიები.

საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოარჩია დავით-გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა (ლომიძე).