საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მცხეთა-თბილისის ეპარქია

მცხეთა-თბილისის ეპარქია

ეპარქიის მღდელმთავარი

მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს _ მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.

საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საგარეჯოსა და ნინოწმინდის, დასავლეთიდან _  სამთავისისა და კასპის, ჩრდილოეთიდან _ წილკნისა და დუშეთის, სამხრეთ-დასავლეთიდან _ მანგლისისა და თეთრიწყაროს და აღმოსავლეთიდან რუსთავისა და მარნეულის ეპარქიები.

ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი.

მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა.

V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში _ დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო _ სამთავროს და ქვემო _ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა.

375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება.

ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ.

ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია _ „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი, ,,მაცხოვრის” სახლობის საყდარი, საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე(აღნიშნულ რეფორმამდე) მცხეთის საეპისკოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა.

თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო.

ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვალად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადაგდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება.

XVIII ს-ის ბოლო პერიოდიდან  1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა… სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის… ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“.

თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა.

ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანულად აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის… დროს.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად  ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი.

1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში – ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა.

1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ უწმინდესნი და უნეტარესნი:

კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918);
ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921);
ამბროსი ხელაია (1921-1927);
ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932);
კალისტრატე ცინცაძე (1932-1952);
მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960);
ეფრემ სიდამონიძე (1960-1972);
დავით დევდარიანი (1972-1977).

1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური).