საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

გურჯაანის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთისა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე – გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო დანაწილების თანახმად, ესაზღვრება: აღმოსავლეთით – ბოდბისა და ნეკრესის; დასავლეთით – მცხეთა-თბილისის; ჩრდილოეთით – ალავერდისა და წილკნის ეპარქიები. გურჯაანის სამღვდელმთავრო ტერიტორია უძველეს დროს შედარებით მცირე მოცულობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა და ამ მხარის ადმინისტრაციულ პუნქტად ჩელეთი ითვლებოდა. ხელსაყრელი მდებარეობის გამო კახეთის გარშემო მომიჯნავე კუთხეები – ერნო-თიანეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთი ადრიდანვე გაერთიანდა, VIII ს-ის ბოლოს კი მის შემადგენლობაში კახეთისა და ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც შევიდა.

გურჯაანის ეპარქიის ტერიტორია ისტორიული კახეთის სამეფოს მეორე და მესამე სადროშოს მიეკუთვნებოდა. ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო.

ამ მხარის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიები აღდგენის შემდეგ სამღვდელმთავრო კათედრების ცვალობადობის შესაბამისად სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული სახლწოდებით მოიხსენიებოდა. თუმცა ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად მოიცავდა თანამედროვე გურჯაანის სამღვდელმთავარო ტერიტორიას. მოგვიანებით ამ მხარის ეპარქიათა გაუქმება და საზღვრების ცვალებადობა ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობის შედეგია და XVII-XVIII საუკუნეებს უკავშირდება.

საქართველოს ეკლესიის 2002 წ. 14 სექტემბრის წმ. სინოდის სხდომის განჩინებით ჩამოყალიბდა გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია, მის მწყემსმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა).