საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია

dmanisi

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

    დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ე.წ. „ქვენა სოფელში“, მდინარეების მაშავერისა და ხრამის აუზში მდებარეობს. იგი ქართლის განაპირა ქალაქ დმანისს და მის მიმდებარე სანახებს მოიცავს. დმანისის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოლნისისა და მანგლის-თეთრიწყაროს, დასავლეთიდან _ ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან _ აგარაკ-წალკის ეპარქიები, სამხრეთ საზღვარი საქართველო_სომხეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.
ეპარქიის ტერიტორიაზე ბოლო დროის არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლენილია პირველყოფილ ადამიანთა უძველესი ნაკვალევი, რაც დმანისს მსოფლიო ცივილიზაციის საწყისებთან აკავშირებს.
დმანისი იყო ძირძველ ქართულ პროვინციათა ტაშირისა და დმანისხევის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და კულტურულ-საეპარქიო ცენტრი. ქალაქი დმანისი წერილობით წყაროებში პირველად IX ს-ში იხსენიება, თუმცა ქალაქის ტერიტორია ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული, ხოლო წყაროებში დმანელი ეპისკოპოსი VI ს-დან გვხვდება. ეპარქიის შექმნა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ საეკლესიო რეფორმის გატარების ახლო ხანებშია სავარაუდო.
დმანისის ეპარქია ეკლესია-მონასტრების სიმრავლის გარდა, ადრიდანვე გამორჩეული იყო აქ დავანებული სასწაულმოქმედი ხატებისა და წმიდათა წმიდა ნაწილების მრავალრიცხოვნებით. დმანისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატიდან აღსრულებულ ღვთაებრივ სასწაულთა შესახებ „ქართლის ცხოვრებაც“ გვაუწყებს.
ცნობილია, რომ დმანისშია საძვალე წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულის ძის მეფე ვახტანგ III-ისა (1302-1308 წწ.).
საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და მრავალ განსაცდელგამოვლილ დმანისის ეპარქიის მნიშვნელობას დრო-ჟამის სიავე _ მტრის შემოსევები, მუდმივი ბრძოლა და ვაება, თანდათანობით აკნინებდა. დმანისის ეპარქიის არსებობა XVIII ს. 40-იანი წლებში წყდება.
VI საუკუნიდან XVIII საუკუნის შუა წლებამდე კი ცნობილია დმანელი მღვდელმთავრები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. სამუელ დმანელი VI ს.
2. თევდოსი კალნაპეტისძე XIII ს.
3. ელისე დმანელი XIII_XIV სს.
4. იოსებ სააკაძე XVI ს.
5. იოსებ თარხნიშვილი XVI ს.
6. ქრისტეფორე ბარათაშვილი XVII ს.
7. ფილიპე ბარათაშვილი XVII ს.
8. ქრისტეფორე ბეგაშვილი XVII ს.
9. პავლე დმანელი XVII ს.
10. ელისე დმანელ-მტბევარი, მგალობლიშვილი XVII_ XVIII სს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, თანამედროვე დმანისის ეპარქიის სამწყსო ტერიტორია აგარაკ-წალკის სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა. 1995 წ. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით აგარაკ-წალკას გამოეყო ბოლნისისა და დმანისის ეპარქია, რომელიც აღნიშნულ ორ მეზობელ რაიონს აერთიანებდა. ეპარქიის მღვდელმთავრად დადგენილ იყო მთავარეპისკოპოსი თადეოზ იორამაშვილი. 2003 წ. 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სადღესასწაულო კრებაზე, ბოლნისისა და დმანისის სამღვდელმთავრო ტერიტორიის საფუძველზე ორი ეპარქია _ ა) ბოლნისის და ბ) დმანისის ჩამოყალიბდა, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა ორი უძველესი და დამოუკიდებელი სამღვდელმთავროს მემკვიდრეობის განახლების თვალსაზრისით.
2003 წლის 31 აგვისტოს დმანისის ეპარქიის მწყემსმთავრად წმიდა სინოდმა დაადგინა ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ზენონი იარაჯული.

დმანისის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები:
დმანისის დიდი სიონი (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი) და მამათა მონასტერი _ ადგილის მცველი (კათიღუმენი)
დმანისის წმიდა გიორგის ეკლესია
ნაქალაქარ დმანისის წმიდა მარინეს ეკლესია
სოფ. მაშავერას წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. ჯავახის წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. საკირეს წმიდა ილია წინასწარმეტყველის ეკლესია
სოფ. გომარეთის წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. სარკინეთის წმიდა ბასილი დიდის ეკლესია და მამათა მონასტერი
სოფ. ველისპირის წმიდა დემეტრე თესალონიკელის ეკლესია და დედათა მონასტერი