საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარ

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ისტორიული აფხაზეთის სამთავრო ტერიტორიას მოიცავს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქები: სოხუმი, ოჩამჩირე, გალი, გუდაუთა, გაგრა და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი კავკასიონის ქედს ემთხვევა, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კი შავი ზღვისპირა ზოლზე მდებარეობს.

აფხაზეთი ქართველთა უძველესი სამკვიდროა. ტრადიცია ქართველთა ამ მხარეს ქართველთა ეთქნარქის, ეგროსის, წილხვდომილ მამულად მიიჩნევს. ადრიდანვე, თანამედროვე აფხაზეთის ჩრდილოეთი ზღვისპირა მხარე მდინარე ყუბანამდე ქართველთა სამკვიდრებელი იყო და მთელ ამ მხარეს ეგრისი ეწოდებოდა. სახელწოდება „აბასა“, „აფხაზეთი“ კი მოგვიანებით გაჩნდა. ყველა უცხოური წყარო, რომელიც I ს-მდე აღნიშნული მხარის ეთნიკურ სახეს აღწერს, მას ძირითადად ლაზებით დასახლებულად მიიჩნევს. აბაზების ტომებს უცხოური წყაროები მხოლოდ I ს-ის შემდეგ მოიხსენიებენ.

ანტიკური ხანის ადრეკლასობრივი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი შედიოდა. ეს მხარე ზღვისპირა ხელსაყრელი მდებარეობის გამო ადრიდანვე მრავალ დამპყრობს იზიდავდა. ქრისტეს შობამდე VI-V ს.ს.-ში ამ ზღვისპირა მხარეში ადგილობრივ დასახლებათა ბაზაზე ძველი ბერძნული ახალშენები – დიოსკურია (ცხუმი), გიენოსი (ოჩამჩირის მახლობლად), ტრიგლიტი (გაგრა), მოგვიანებით, III-II ს.ს. პიტიუნტი (ბიჭვინთა) წარმოიქმნა.

აფხაზეთი, საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, I ს-ში მოციქულებმა მოიარეს და ქრისტიანობა იქადაგეს. წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის საფლავი აფხაზეთშია. ქრისტიანობის დევნისას, I-III  საუკუნეებში რომის იმპერიიდან აფხაზეთში, როგორც მასზე დაქვემდებარებულ მხარეში მრავალი ქრისტიანი გაასახლეს. 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიწვეული იყო ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე. ეს ფაქტი საქართველოს ზღვისპირეთში ადრიდანვე მტკიცე ქრიტიანული თემების არსებობის მანიშნებელია. IV ს-ში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს მხარე გაქრისტიანდა და აქტიური ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო. აფხაზეთში სარწმუნოების განმტკიცებას ხელს უწყობდა დიდ ქრისტიან წარმომადგენელთა წმინდა იოანე ოქროპირის, წმიდა მოწამე ვასილისკოს, წმიდა მოწამე ლონგინოზ ბიჭვინთელის, წმიდა მოწამე ერნა კომანელის და სხვათა ამ მხარეში ცხოვრება-მოღვაწეობა.

მძლავრ იმპერიათა ინტერესის არეალში მოქცეულ ზღვისპირეთში ადრიდანვე ბერძნულ-რომაული გარნიზონები იდგა. V ს-ში ვახტანგ გორგასალმა შეძლო ქვეყნის გაერთიანება და დასავლეთ საქართველოდან უცხო ჯარების განდევნა: „ესრეთ წარმოვიდა და შემოვლო კავკასი და მოვიდა აფხაზეთს და წარუღო ბერძენთა აფხაზეთი…“

ვახტანგის შემდეგ, VI ს-ში ეგრისის დიდი ომიანობის და VII ს. პირველ მესამედში ჰერაკლე კეისრის შემოსევების შედეგად აფხაზეთი და მთელი ეს რეგიონი კვლავ ბიზანტიელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. პოლიტიკურად დამორჩილებულ მხარეში რელიგიური ექსპანსიაც განახროციელეს და VI-VII ს.ს.-დან საქართველოს დასავლეთი პროვინციები ბერძნულენოვან მსხვილ სამღვდელმთავროებში – ლაზიკის სამიტროპოლიტოსა და აბაზგიის საარქიეპისკოპოსოში გააერთიანეს. ბერძნული სამღვდელმთავროები ე.წ. სკანდა-შორაპნის ხაზს იქით, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა. ლაზიკის სამიტროპოლიტოს ოთხი საეპისკოპოსო კათედრა – საისი (ცაიში), როდოპოლისი (ვარციხე), პეტრა (ციხისძირი), ძიღანები (გუდაყვა, ილორთან) ექვემდებარებოდა და შესაბამისად აღნიშნულ კათედრათა ვრცელ შემოგარენს მოიცავდა. აბაზგიის საარქიეპისკოპოსოს იურისდიქცია მდინარე კლისურას მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ საკუთრივ აფხაზეთზე ვრცელდებოდა. კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებულ სამღვდელმთავროების აქტიური მოღვაწეობის მიმანიშნებელია ამ მხარეში მათ მიერ ეკლესიათა ინტენსიური აღმშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობის სრული გაქრისტიანება. ტრადიცია იუსტინიანე დიდს (527-262 წ.წ.) ბიჭვინთაში დიდებული ტაძრის აგებას მიაწერს, ხოლო VIII ს-ში აფხაზეთს შეფარებული აბო თბილელი – „უფროსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანა სავსე ქრისტეს სარწმუნოებითა და არავი ურწმუნოთაგანი მკვიდრად იპოვების საზღვართა მათთა“.

ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ იქ არსებულ ბერძნულენოვანი სამღვდელმთავროების თანდათანობითი გადმოქართულების პროცესი დაიწყო. „აფხაზთა სამეფოს“ შექმნის შემდეგ აღნიშნული კათედრების გაერთიანებით „აფხაზეთის საკათალიკოსო“ ჩამოყალიბდა. აფხაზეთის საკათალიკოსო საქართველოს ერთიანი ეკლესიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა და მას ადრიდანვე უცხოელი ავტორები „ქვემო ივერიის“, ანუ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს სახელით იხსენიებდნენ. X ს-დან ბერძნული საეპისკოპოსოების სანაცვლოდ ქართული სამღვდელმთავრო კათედრების დაფუძნება დაიწყო. აფხაზთა მეფე გიორგი II-მ (922-927 წ.წ.) ფოთის სამიტროპოლიტო კათედრის ნაცვლად „აღაშენა საყდარი ჭყონდიდსა და შექმნა საეპისკოპოსოდ“. მოიშალა გუდაყვის კათედრა და მის ნაცვლად მეფე ბაგრატ III-მ (978-1014 წ.): „ბედიას აღაშენა… ეკლესია დიდ-შუენიერ გუმბათიანი და შეამკო სიმდიდრითა დიდითა ფრიად. დასუა ეპისკოპოზი… მწყემსი დადის – წყლისა და მოქვის – წყლის შუათისა ადგილთა“ (999 წ.). ლეონ მეფეს უკავშირდება აგრეთვე მოქვის საეპისკოპოსო კათედრის აშენება. ამავე პერიოდში ააგეს „ბიჭვინტას ეკელსია დიდი. დიდშენი, კეთილ-ფრიად, გუმბათიანი. ზღვის კიდესა ზედა. პირველ იყო საეპისკოპოზო. ჟამსა აფხაზთა მეფეთათა იქმნა საკათალიკოზოდ“. ამდენად, უშუალოდ აფხაზეთის ძველი სამთავროს ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოსა და რამდენიმე მძლავრი ქართულენოვანი საეპისკოპოსო კათედრის ჩამოყალიბებით ეს მხარე სრულიად განთავისუფლდა ბერძნული საეკლესიო გავლენისაგან. ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი მთელ დასავლეთ საქრთველოს – ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მოიცავდა. ბიჭვინთას ექვემდებარებოდა საკუთრივ აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, ლეჩხუმ-სვანეთისა და სხვა სამღვდელმთავრო კათედრები. იგი, ამავე დროს, IX ს. ბოლოს და X საუკუნის დასაწყისში „მცხეთის უხუცესი“ საყდრის „უმრწემეს“ და მასზე დაქვემდებარებულ საკათალიკოსოდ ითვლებოდა.

ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, XV-XVI სს-ში აფხაზეთის მიმართულებით ჩრდილო-კავკვასიელი ტომები გააქტიურდნენ. აფხაზეთში შემოჭრილ ადიღე-ჩერქეზულ ტომებს დასუსტებული ქართული სამთავროები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. მომხვდურთა შორის აბაზა და აფსუა ტომები გამოირჩეოდნენ, რომლებიც დაპყრობილ ტერიტორიებზე ოჯახებით სახლდებოდნენ. XVI ს-ის პირველ ნახევარში, 1533 წლის 31 იანვარს აფხაზეთში შემოჭრილ მომთაბარეებს გაგრასთან დიდი ბრძოლა გაუმართეს გურიელისა და დადიანის გაერთიანებულმა ჯარებმა. ქართველთა დამარცხების შემდეგ მტერს გზა გაეხსნა ბიჭვინთის უმდიდრესი საკათალიკოსო ტაძრისაკენ. ამ შემოსევის გამო საკათალიკოსო ტახტი გელათში გადმოიტანეს, ხოლო ბიჭვინთისა და აფხაზეთის საეპისკოპოსო ტაძრების დიდძალი საეკლესიო ქონება მომხვდურმა მიიტაცა. XVII ს-ში ჩრდილო კავკასიელთა შემოტევები განსაკუთრებით გაძლიერდა. ამ დროისათვის აფხაზეთის სამთავრო ოდიშის სამთავროდან უკვე გამოყოფილი იყო. XVII ს. 40-იანი წლებიდან აფხაზეთის გაცილებით პატარა სამთავრომ ოდიშის სამთავროს მოსახლეობა გაანახევრა და დიდძალი ტერიტორიები ჩამოაჭრა. საზღვარმა ახალი ათონიდან მდინარე ენგურზე გადმოინაცვლა. XVII ს. 40-50-იან წლებში ლევან II დადიანის დროს, სამეგრელოს მთავრებმა და ეპისკოპოსებმა კელასურთან დიდი თავდაცვითი ნაგებობა, ე.წ. აფხაზეთის კედელი ააგეს. ასკილომეტრიანი კედელი სოხუმიდან მდ. ენგურამდე ტერიტორიის თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. იგი აფსუა ტომებისაგან სოხუმს, გულრიფშს, ოჩამჩირესა და მათ მიმდებარე ტერიტორიას იცავდა. ვახუშტის ცნობით, „ანაკოფიის აღმოსავლეთით ზღვიდამ მთამდე შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან – აფხაზთა გამოუსვლელობისათვის…“

XVI-XVII ს.ს.-ში ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მთიელთა ტომები საქართველოს ისტორიულ კუთხეში – აფხაზეთში დამკვიდრების გამო აფხაზებად იწოდებიან. თუმცა კი თავიდანვე ცნობილი იყო მათი ეთნიკური განსხვავება ძველი აფხაზებისაგან. „აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი“. VIII ს-ში აფხაზთა სამეფო ქართველთა სახელმწიფო იყო, ხოლო აფხაზნი – ქართველები (ნ.ბერძენიშვილი).

ძველი საეპარქიო კათედრები – მოქვი, ბედია, დრანდა, ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი XVII-XVIII ს-თვის ადიღე-ჩერქეზული ტომების აბაზებისა და აბსარების შემოსევების შემდეგ, გაუქმდა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაცლილი საეპისკოპოსოები მღვდლის ამარა დარჩა. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი XVII ს-ში, მთიელთა შემოსევების გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კათედრა და იერუსალიმში წასულიყო. აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრების მწყემსმთავრებმა თავი სამეგრელოსა და იმერეთს შეაფარეს.

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიქვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალის ნაწილი, წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი და სხვ.

დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საკათალიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი 25-მდე აღწევდა. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს იმერეთის სამეფოს სამღვდელმთავროები 4-მდე შემცირდა, ხოლო მოგვიანებით აფხაზეთის საკათალიკოსო ქუთაის-იმერეთის ერთ ეპარქიად ჩამოყალიბდა. XIX ს. 50-იან წლებში აღდგა აფხაზეთის საეპისკოპოსო, რომელსაც 1885 წლამდე განაგებდნენ ქართველი მღვდელმთავრები. 1885 წლიდან სოხუმის ეპარქიის სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები მართავდნენ. რუსეთის ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX ს-ის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რუსეთის უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ეპარქიის საქართველოდან ჩამოშორება განიზრახეს, – 1914 წელს აფხაზეთის ეპარქიის დედა ეკლესიიდან მოკვეთასა და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარებას შეეცადნენ. აფხაზმა პატრიოტებმა და სამღვდელოებამ შესაშური გონიერება გამოიჩინეს. თბილისში მეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამ პეტიცია წარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ ამ მზაკვრული გეგმის აღკვეთას. პეტიციის ტექსტის ავტორი იყო ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძე.

1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე, აღადგინეს აფახაზეთის ეპარქია, რომლის მწყემსმთავარს ცხუმელ-ბედიელი ეწოდა. რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობდა უგულებელეყო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და სოხუმის ოლქში დაეტოვებინა რუსი ეპისკოპოსი სერგი, რომელსაც დაემორჩილებოდა რუსული და ბერძნული სამღვდელოება.

1919 წლის 28 ოქტომბრიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია ცხუმელ-ბედიელად იქნა გადაყვანილი. 1921 წლის 15 ოქტომბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად ხელდასხმული იქნა იოანე მარგიშვილი.

1926 წ. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ქრისტეფორე ციცქიშვილი. 1927 წ. ოქტომბერში ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეფრემ სიდამონიძე, რომელიც მალევე შესცვალა მელქისედექ ფხალაძემ.

1928 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი პავლე ჯაფარიძე;

1929-34 წლებში – მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე;

1935-1938 წ.წ. – მიტროპოლიტი მელქისედექ ფხალაძე;

1952-1956 წ.წ. – მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი;

1957-1964 წ.წ. – ეპისკოპოსი ლეონიდე ჟვანია;

1965-1967 წ.წ. – ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი;

1967-1977 წ.წ. – მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი;

1978-1981 წ.წ. – მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ მახარაძე;

1981-1992 წ.წ. – მიტროპოლიტი დავით ჭკადუა;

1992-2010 წ.წ. – მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი;

2010 წლის, 21 დეკემბერის წმინდა სინოდის განჩინებით, ეპარქიის მმართველობა: სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ – ილია II-ს გადაეცა.