საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბოლნისის ეპარქია

ბოლნისის ეპარქია

ეპარქიის მმართველი

ბოლნისის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი საქართველოს უძველეს ქალაქს – ბოლნისსა და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავისა და მარნეულის, დასავლეთიდან – დმანისის, ჩრდილოეთიდან – მანგლისისა და თეთრი წყაროს ეპარქიები, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა.

ქვემო ქართლი ეთნიკურ-გეოგრაფიული სახელია საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კურთხისა, რომელიც მდინარე მტკვრის დინების ქვემო მარჯვენა სანაპიროზე ვრცელდება. ეს ვრცელი მხარე ბუნებრივად არის შემოსაზღვრული თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით.

ეპარქიის ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო გზა გადიოდა, რომლის გასწვრივაც უძველესი დროიდან დაწინაურებული და, ამავდროულად, თვითმყოფადი კულტურით გამორჩეული ინტენსიური დასახლებები არსებობდა. ქვემო ქართლი ძველთაგანვე ქვეყნის ძლიერების მტკიცე დასაყრდენად მოიაზრებოდა, ამიტომაც მას ქართველი მეფეები ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ეს რეგიონი ქართლის პიტიახშს ემორჩილებოდა. ერთ ხანს (IV ს.) იგი ირანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის დროს 12 საეპისკოპოსოთაგან ოთხის ქვემო ქართლში დაარსება რეგიონის დიდ მნიშნველობას მიანიშნებს: „და დასუა ეპისკოპოსად… ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს, ერთი რუსთავს, ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით“.

VII-VIII საუკუნეებიდან ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კუთხეც მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუს ლაშქრობამ ქვემო ქართლს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ეს მხარე  თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა. საამიროს დასუსტების მიუხედავად, საქართველოს სხვა პროვინციებისაგან განსხვავებით, IX საუკუნიდან თბილისთან ერთად მხოლოდ ეს მხარე – მანგლისის ხევი და სამშვილდის ქვეყანა შემორჩა ამირას დაქვემდებარებაში. ამავე დროს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა კლდეკარის საერისთავო და ტაშირ-ძორაგეტის სამეფო.

XI საუკუნიდან თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა და დავით აღმაშენებლის ძლევამოსილმა ომებმა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ადრეული ხანის მსხვილი ფეოდალური ერთეულები (გარდაბნის, ანუ ხუნანის და გაჩიანის, ანუ სამშვილდის საერისთავოები) საქართველოს გამაერთიანებელ მეფეთა ხელში მრავალრიცხოვან, მაგრამ მცირე საერისთავო ქვეყნებად დაიშალა. როგორც ცნობილია, ქვეყნის ძნელბედობის გამო, ქვემო ქართლის გარკვეული ნაწილი მცირე ხნით სომხებს ჰქონდათ მიტაცებული. იმ დროისათვის ლორე-ტაშირის მეფეთა საჯდომი ციხე-სიმაგრე სამშვილდე იყო. XI ს-ის მეორე ნახევრიდან ქვემო ქართლში სომეხ ბაგრატიონთა ბატონობას ბოლო მოეღო. დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან ქვემო ქართლის სამხეთი მხარე კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილია. XII-XIII საუკუნეებში აქ გაგისა და ლორეს ქართული სანაპირო საერისთავოები არსებობდა.

XIII საუკუნეში მონღოლთაგან დაპყრობილი საქართველო ადმინისტრაციულ ერთეულებად – დუმნებად დაანაწილეს. ქვემო ქართლი მეორე დუმანს შეადგენდა. XIV ს-ის მეორე ნახევრიდან, თურქმანთა ახალი ურდოების შემოსევებმა მთელი ქართლი ააოხრა. სწორედ ამ დროიდნა იწყება ერთიანი საქართველოს პოლიტიკური დაშლა, სათავადოების წარმოქმნა. საქართველომ იმხანად დაკარგა ხუნანის საერისთავო და სახელმწიფო საზღვარმა ქცია-მტკვრის შესაყარზე გადაინაცვლა.

უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV ს-ის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. ვახუშტის ცნობით: „სარკინეთის ხევის დასავლეთით… არს მცირე ქალაქი ბოლნისი. მას ზემოთ ეკლესია დიდი, უგუმბათო ბოლნისისა, რომელი აღაშენა მეფემან ფარსმან და გორგასალ დასუა ეპისკოპოსი“.

პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ამდენად, ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V ს-ში ჩამოყალიბდა.

ბოლნისის სამღვდელმთავრო ტერიტორია ძალიან მდიდარია V-XVIII საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებით.

ამ კუთხეში ადრიდანვე ფართოდ იყო გაშლილი მწიგნობრული საქმიანობაც. მრავალთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი მწერალი და მქადაგებელი იოანე ბოლნელი.

1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული წარსულის ეპარქიებში ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება ძალზე ნელა, მხოლოდ 70-80-იან წლებში დაიწყო. ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული.

2003 წ. 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა – ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა.

ამჟამად ბოლნისის სამწყსოს განაგებს მთავარეპისკოპოსი ეფრემი.