საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბოდბის ეპარქია

bodbe

ბოდბის ეპარქია

ეპარქიის მმართველი

ბოდბის ეპარქია საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქიზიყის, ძველი კამბეჩოვანის მხარეში მდებარეობს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქი სიღნაღი, სიღნაღის რაიონი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ბოდბის ეპარქიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნეკრესის, გურჯაანისა და ველისციხის, დასავლეთიდან _ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიები, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია. ეპარქიის აღმოსავლეთით საქართველოს ისტორიული პროვინცია ჰერეთი მდებარეობს, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და, შესაბამისად, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარიც ეპარქიის ტერიტორიაზე გადის.

ქართული საისტორიო ტრადიცია ბოდბის ეპარქიის დაფუძნებას V საუკუნით ათარიღებს. VI საუკუნის დასაწყისში, 506 წ. ბოდბელი მღვდელმთავარი ლაზარე აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებთან ერთად დვინის საეკლესიო კრებას ესწრებოდა. საქართველოს სამეფო კარზე, შემდეგ კახეთის დამოუკიდებელ სამთავროსა და სამეფოში ბოდბელი მღვდელმთავრის დაწინაურებულ მდგომარეობას ამ მხარეში ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს მოღვაწეობა და აღსასრული განაპირობებდა. მეფე მირიანმა წმიდა ნინოს დაკრძალვის ადგილზე, ბოდბეში ააგო ეკლესია „ფრიად დიდი“, შეამკო „იგი ყოვლითა სამკაულითა“ და „ეპისკოპოზი განაჩინეს მას ზედა“, თუმცა ეპისკოპოსის დადგენა ბოდბეში შედარებით გვიან მოხდებოდა. მირიანის მემკვიდრე ბაქარმაც (364-386) ააგო ნინოს საფლავზე ხის პატარა სამლოცველო, რომელიც V საუკუნის დასაწყისში დაიწვა. V საუკუნეშივე განახლებული ეკლესია საეპისკოპოსო კათედრად იქცა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ბოდბელი არის პირველი ეპისკოპოსი კახეთისა, პატივისათვის წმიდისა ნინოსა“.

V-VI სს. მიჯნაზე ამ მხარეში ორი ეპარქია _ ხორნაბუჯი და ბოდბე იხსენიება. ქალაქი ხორნაბუჯი კამბეჩოვანის ადმინისტრაციულ ცენტრად ითვლებოდა. ადრიდანვე ორი ეპარქიის ერთ კუთხეში არსებობა ქვეყნისთვის საზღვრისპირა რეგიონის დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. ახლომდებარე სამღვდელმთავრო კათედრათა ბუნებრივ საზღვრად ბოდბისხევი არის მიჩნეული. კამბეჩოვანის დასავლეთი მხარე ბოდბელის სამწყსოდ ითვლებოდა, აღმოსავლეთი _ ხორნაბუჯელისა.

წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯი ჭერემსა და ნეკრესთან ერთად საუფლისწულო მამულად გადასცა თავის ძე დაჩის. VI ს-ის I ნახევარში, კამბეჩოვანი სპარსეთმა დაიმორჩილა. VI ს-ის II ნახევარში სპარსელთაგან გათავისუფლებული ეს მხარე ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტოს მფლობელობაში გადადის. VII ს-ის შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ, ხოლო VIII ს-ის II ნახევრიდან, ჰერეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ, ჰერეთის შემადგენლობაში შევიდა. XI ს-დან კახთა ქორეპისკოპოსმა კვირიკე III-მ კახეთთან ერთად დაიპყრო „ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა“. კახთა და რანთა (ჰერთა) სამეფოს ადმინისტრაციული რეფორმის საფუძველზე კამბეჩოვანი საერისთავო გახდა. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოს საბოლოო გაერთიანების შემდეგ ეს მხარე ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მძლავრ სანაპირო საერისთავოდ გადაიქცა.

საქართველოს პოლიტიკური დაქუცმაცებულობის პერიოდში, XVI ს-დან კახეთის მეფეებს ხშირად ბოდბელი ეპისკოპოსი აკურთხებდა. სამეფო გვირგვინი აქ დაიდგეს კახეთის მეფეებმა _ გიორგი I-მა (1466-1476 წწ.), ალექსანდრე I-მა (1476-1511 წწ.), ლევანმა (1520-1574 წწ.), თეიმურაზ I-მა (1606-1648 წწ.) და სხვ. მეფის კურთხევის პატივით იგი გარკვეულწილად უთანაბრდებოდა ქართლის და იმერეთის კათოლიკოსებს, რომლებიც ასევე თავიანთი სამეფოების მეფეებს აკურთხებდნენ.

ბოდბელს კახეთის სამეფოში პირველი სადროშოს _ ქიზიყის წინამძღოლობა ჰქონდა მინდობილი. მას „სასპასპეტო დროშაცა აქუს… და არს ბრძოლასა მეწინავე…“ ომისა და მშვიდობის საკითხი მათი მონაწილეობით და თანხმობით წყდებოდა. ბოდბელი ეპისკოპოსები ომის დროს თავისი სამწყსოს „ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე“ ჯარს მეთაურობდნენ და საომარი მოქმედებებისას ჯვრის მტვირთველის თანხლებით სრული სამღვდელმთავრო შესამოსლით შედიოდნენ ბრძოლაში. იგი „იყო ხელმძღვანელი უკანა ჯარისა“. სამშობლოსა და დედაეკლესიის დაცვისას ბოდბელ მღვდელმთავართა თავდადება საყოველთაოდ იყო ცნობილი.

XVI-XVII სს. სპარსელთა შემოსევებით განადგურებულ და იავარქმნილ ეპარქიის ტერიტორიაზე თურქმანები და ლეკები ჩამოსახლდნენ. ეპარქიის აღდგენა-გამოცოცხლება XVIII ს-დან იწყება.

ტრადიციულად ბოდბელი მღვდელმთავარი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტაში.

მრავალი განსაცდელის მიუხედავად ეპარქია ბოლომდე ინარჩუნებდა ძველ დიდებას. XIX ს-ის დასაწყისისთვის, 1811 წელს ბოდბის ეპარქიაში შედიოდა ასზე მეტი ეკლესია, 729 კომლი გლეხი და 200-ზე მეტი ღვთისმსახური.

XIX ს-ის II ნახევარში ბოდბის ეპარქია, მონასტერი და ეკლესია რუს ეგ-ზარქოსთა მიერ სისტემატურად იძარცვებოდა. ბოდბის ეპარქიის საკათედრო ტაძარი რუსულ მონასტრად გადააკეთეს, სადაც ღვთისმსახურება ქართულად აღარ აღესრულებოდა. პირველი რუსი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი 1821 წლის ივლისში წმიდა ნინოს საფლავის შეურაცხყოფისათვის ღვთის განგებით სამაგალითოდ დაისაჯა. მან არ ირწმუნა IV საუკუნის ქართველთა განმანათლებლის _ წმიდა ნინოს საფლავის ბოდბეში არსებობა და საფლავის გათხრისას 54 წლის ენერგიული მღვდელმთავარი მოულოდნელად აღესრულა. ბოდბის მონასტერი 1889 წლის 7 მაისს, იმპერატორ ალექსანდრე III-ის საქართველოში სტუმრობისას, დედათა მონასტრად გადააკეთეს. აქვე დაარსდა სკოლა, სადაც რუსულ წერა-კითხვასთან ერთად ხელსაქმესა და ხატწერას ასწავლიდნენ. ბოდბის მონასტრის ცნობილი წინამძღვარი იყო დედა იუბენალია (თამარ მარჯანიშვილი). ბოდბე ადრიდანვე გამოირჩეოდა საგანმანათლებლო საქმიანობით. აქ, ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გაიხსნა სკოლა, სადაც საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად ასწავლიდნენ ფილოსოფიას, ფიზიკას, გეომეტრიას და სხვ. სკოლა რუსეთთან შეერთების შემდეგ სამკლასიან სასულიერო სასწავლებლად გადაკეთდა, ხოლო 1839 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელს მიუერთდა. ბოდბეში ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა _ იონა ხელაშვილმა და სოლომონ დოდაშვილმა მიიღეს პირველდაწყებითი განათლება. უძველესი დროიდანვე ბოდბის წიგნსაცავში აქვე გადაწერილი მრავალი ხელნაწერი ინახებოდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე განახლებულად ჩაითვალა ბოდბის საეპისკოპოსოც. მისი მართვა დროებით შეთავსებული ჰქონდა ალავერდელ მღვდელმთავარს. 1925 წლის 22 ოქტომბერს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით, ალავერდის ეპარქიას გამოეყო ბოდბის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი (1925-1928 წწ.). ეპარქიას ამის შემდეგ განაგებდნენ:
მიტროპოლიტი იოანე მარგიშვილი (1928-1929 წწ.)
ეპისკოპოსი იროთეოზ აივაზაშვილი (1929 წ.)
ეპისკოპოსი გაბრიელ ჩაჩანიძე (1951-1953 წწ.)
მიტროპოლიტი დიმიტრი იაშვილი (1958-1961 წწ.)
ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი (1967-1971 წწ.)
კათოლიკოს-პატრიარქი დავით V დევდარიანი (1973-1976 წწ.)
ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე (1976-1978 წწ.)
მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი (1978-1992; 1993-1996 წწ.)
ეპისკოპოსი დავით მახარაძე (1992 წ.)
მთავარეპისკოპოსი დანიელ დათუაშვილი (1993 წ.)
ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე (1996-1998 წწ.)
მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი (1998-2001 წწ.)
ეპისკოპოსი დავით ტიკარაძე (2001-2013 წწ.).
2013წლიდან ეპარქიას მართავს ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ბოდბის დედათა მონასტერი გაუქმდა. მონაზვნებს იძულებით დაატოვებინეს სავანე, მონასტერში კი საავადმყოფო გაიხსნა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს. მონასტრის ერთ-ერთი დიდი სიწმიდე, ათონის მთაზე შესრულებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, საავადმყოფოში საოპერაციო მაგიდის დანიშნულებით გამოიყენებოდა. ხატი სახეზე საგანგებოდ არის დასერილი, მაგრამ სასწაულებრივი მადლმოსილებით გამოირჩევა. მონასტრის ეზოში სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისებების მქონე წყარო მოჩუხჩუხებდა. საავადმყოფოს პერსონალი წმიდა წყალს აბინძურებდა. წყარო დაშრა და მონასტრის ეზოდან მოშორებით, ღრმა ხევში ამოვიდა. წყაროს წყალს სამკურნალო თვისებები ამჟამადაც შენარჩუნებული აქვს. ბოლო დროს უშუალოდ წყაროზე წმიდა ნინოს მშობლების _ წმიდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი ააგეს, სადაც აღესრულება სრულყოფილი შთაფლვა მოსანათლებისა და უძლურთა განბანა-განწმენდისათვის.

ბოდბის ეპარქიის ტერიტორიაზე სამ ათეულამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი, შესაბამისი რაოდენობის მღვდელმსახური და ათობით აღდგენითი და მშენებარე ტაძარია.

ბოდბის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები:
სიღნაღის რაიონი:
წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარი (ბოდბის წმიდა ნინოს მონასტერი)
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია (ბოდბის წმიდა ნინოს მო-ნასტერი)
წმიდა ნიკოლოზის ეკლესია (წმიდა ნინოს მონასტერი)
წმიდა ზაბულონისა და სოსანას ეკლესია (წმიდა ნინოს წყარო)
ტიბაანის სტეფანე პირველმოწამის ეკლესია
სიღნაღის წმიდა გიორგის ეკლესია
წნორის წმიდა ილია მართლის ეკლესია
ჯუგაანის ძელი ცხოველის ეკლესია
ვაქირის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
მაღაროს წმიდა გიორგის ეკლესია
ქვემო მაჩხაანის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
ხირსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ანაგის მთავარანგელოზთა ეკლესია
ანაგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მონასტრები:
ბოდბის წმიდა ნინოს დედათა მონასტერი
ტიბაანის სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი
ქვემო მაჩხაანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერი

მშენებარე და აღდგენითი ტაძრები:
ღირსი მამა დავით გარეჯელის ტაძარი სიღნაღის საეპისკოპოსო რეზიდენციაში
წმიდა გიორგის ტაძარი (სიღნაღი)