საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია

ეპარქიის მმართველი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში მდებარეობს. სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან  ესაზღვრება  დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია,  ჩრდილო აღმოსავლეთიდან _  წალკის, ჩრდილოეთიდან _ ბორჯომისა და ბაკურიანის ხოლო დასავლეთიდან _ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთისა  ეპარქიები. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია საზღვრისპირა ეპარქიაა, მას სამხრეთიდან თურქეთისა და სომხეთის სახელმწიფოები ესაზღვრება.

ჯავახეთი, როგორც სახელმწიფოებრივი ნიშნის მქონე ქვეყანა, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, VIII ს-ის ლურსმულ წერილობით ძეგლებში იხსენიება.

უძველესი დროიდან ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მძლავრი საერისთავო იყო.

ეს კუთხე თავიდანვე იმ გზისგასაყარზე აღმოჩნდა, საიდანაც ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში. წმიდა მოციქულთა ქადაგების შემდეგ ამ მხარეში პირველქრისტიანთა თემები აღმოცენდა. მოგვიანებით, IV ს. დასაწყისში, ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ საქართველოში შემოსვლისას გზად აქ გამოიარა.

XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა აღდგენისა და განახლების შესაბამისად, 1995 წელს აღდგა ისტორიული კუმურდოს ეპარქიის უშუალო მემკვიდრე ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიის სახელწოდებით.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი სამღვდელმთავრო  _ ბორჯომისა და ბაკურიანის, და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მღვდელმთავრად წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.