საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთისა ეპარქია

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთისა ეპარქია

ეპარქიის მმართველი

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთისა ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების ტერიტორიას. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს, დასავლეთიდან ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთიდან ვანისა და ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მარგვეთისა და უბისის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვარი გადის თურქეთთან.

საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ  ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს.

XX ს-ის 20-იანი წლებიდან, გასაგებ მიზეზთა გამო, მთელი 70 წლის მანძილზე ქრისტიანული საეკლესიო ცხოვრება მეტად მძიმე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გაიზარდა მღვდელმთავართა რიცხვი. ამ პერიოდს უკავშირდება სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა, რომელიც იმჟამად ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ თითქმის მთელ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა.

1978 წელს, ახლად აღდგენილი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე დაინიშნა, შემდეგ ეპარქიას მწყსიდა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია გაიყო და მისგან ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ორი ეპარქია. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე).

ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ  ქართველთა შევიწროების გამო, ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც, ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის მრევლმა მიისაკუთრა.