საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქია

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქ _ მარნეულს და მის მიმდებარე ტერიტორიას. მარნეულისა და ხუჯაბის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რუსთავის, ჩრდილო-დასავლეთიდან მანგლისისა და თეთრიწყაროს, დასავლეთიდან _ ბოლნისის ეპარქიები, ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს.

ეს მხარე ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და მის კულტურულ დაწინაურებას აქ გამავალმა სავაჭრო გზებმა შეუწყო ხელი. ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენცია _ მარნეულში მდებარეობს. მარნეული ქალაქურ დასახლებად იქაური სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად იქცა. უძველესი დასახლებაა ლომთაგორა, „მარნეულს, სადაცა არს აფთარნი მრავალნი, არს ნაციხვარი, მის გამო იწოდა ძუელადვე ლომთა-გორა“, რომელიც წერილობით წყაროებში პირველად XIII ს-ში იხსენიება. XVII ს-ში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, რის გამოც აქაურ დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. XX ს. შუახანებში კი კვლავ აღდგა ძველი ქართული სახელწოდება.

ამ რეგიონს ხშირად ჰქონდა დამცრობა-შევიწროებისა თუ აღზევება-დაწინაურების პერიოდები. ადრიდანვე მომხვდური მტრის შემოსევები ძირითადად ამ რეგიონიდან ხორციელდებოდა, რის გამოც მარნეული და მთელი მისი შემოგარენი ხშირად იავარქმნილა და განადგურებულა. მნიშვნელოვან სავაჭრო-სატრანზიტო გზაგასაყარზე მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა ამ კუთხის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში ჩასაბმელად. ამ რეგიონის დიდ მნიშვნელობას წმიდა მეფე თამარის ზეობისას მისთვის მეპატრონეთა დადგინების წესი მიანიშნებს. პატრონი უცილობლად მეფის ერთგული და ქვეყნისთვის თავდადებული დიდმოხელე უნდა ყოფილიყო. თამარის შვილების დროს მარნეული საუფლისწულო მამულად ითვლებოდა. XIII საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, 1269 წ., ოქროს ურდოს ყაენმა ბერქამ დაარბია მთელი ეს მხარე.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად ეს მხარე რუსთავის, რუსთავ-მარნეულის და სხვ. სახელწოდებით არსებულ ეპარქიათა იურისდიქციაში შედიოდა და მხოლოდ 2013 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის შემდეგ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა:

ა) რუსთავის ეპარქია,

ბ) მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას მღვდელმთავარია ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები:

წმიდა დიდმოწემე გიორგის ეკლესია
წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესია.
წმიდა თამარ მეფის ეკლესია (მარნეული)
წმიდა დიდმოწამე გიორგის ეკლესია (მარნეული).

წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ეკლეისია (მარნეული)
წმიდა გიორგის ეკლესია (თამარისში)