საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიული პროვინციის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ბორჯომის რაიონს და მის მიმდებარე ბორჯომის იგივე ძვ. სადგერის ხეობას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან _ გორი-სამთავისის, ურბნის-რუისის და სურამი-ხაშურის, ჩრდილო-დასავლეთიდან _ მარგვეთისა და უბისის, აგრეთვე ვანისა და ბაღდათის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან _ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, სამხრეთიდან _ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები.

ისტორიული თორის საერისთავო II-IV სს. დაარსდა და სრულად აერთიანებდა მტკვრის ხეობას, რომელსაც XV ს-დან სადგერის ხეობა ეწოდებოდა, XIX ს-დან კი _ ბორჯომის ხეობა. ხეობა მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (სადგერიდან წაღვერ-კ(ტ)იმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისაგან შედგებოდა. თორის საერისთავო მთათა ბუნებრივ ქვაბულში _ ლიხის, ღადოს, ბაკურიანის და თორის _ მთებს შორის იყო მოქცეული.

ტრადიცია საერისთავოს გამგებლების, თორელების წარმომავლობას წმიდა ანდრია მოციქულის მიერ გაქრისტიანებულ პირველ ქართულ საგვარეულოს _ სამძივარებს უკავშირებს. წერილობითი წყაროების და წმიდა საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სოსანგეთში (აწყური) შემოსული წმიდა მოციქულის ქადაგებისა და აქაური მთავრის, ქვრივი ქალის _ სამძივარის გარდაცვლილი შვილის სასწაულებრივი აღდგენის შემდეგ სამძივართა ოჯახი ქრისტიანობაზე მოექცა და პირველი ეკლესიაც მათ მამულში დაარსდა. საქართველოში დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს წმიდა მოციქულმა ეპისკოპოსი დაუდგინა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც დაუტოვა. აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული მრავალი სასწაულის შესახებ გვაუწყებს საქართველოს ისტორიის უპირველესი წერილობითი წყარო „ქართლის ცხოვრება“. ამდენად, მოციქულებს საქართველოში პირველი სამღვდელმთავრო სამწყსო _ აწყურის ეპარქია ისტორიული თორის ტერიტორიაზე დაუარსებიათ. IV ს-ში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სადგერის ხეობის მოსახლეობაც გაქრისტიანდა და ამ კუთხეში ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობაც დაიწყო. თუმცა იმდროინდელი საღვთისმსახურო მრავალი შენობა-ნაგებობა დროის მსვლელობისა და მტერთა აურაცხელი შემოსევების გამო დროთაგანმავლობაში განადგურდა. ამ მხარის უძველეს ტაძართაგან აღსანიშნავია ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, ლიკანის, ჩითახევის, დაბის ეკლესიები და სხვ.

ეს კუთხე ადრიდანვე მაწყვერელი მღვდელმთავრის სამწყსოდ ითვლებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის უწყებით, მაწყვერელი იყო „მწყემსი ყვიბის _ კორტანეთს ზეითისა, და მტკურის ჩრდილოეთისა და ბოცოს წყლის ჩრდილოეთის კერძოსი, ვიდრე გურიის მთისამდე“. ამდენად, საქართველოს უძველესი ეპარქია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი ყოფილა და ისტორიული თორისა და სამცხის ტერიტორიებს მოიცავდა. ეს კუთხე მრავალგზის აოხრებულა მტერთა შემოსევების გამო. სპარსელების, არაბების, თურქ-სელჩუკთა და თათარ-მონღოლთა შემდეგ, XV ს-დან ეს მხარე განსაკუთრებული სისასტიკით გააჩანაგეს თურქ-ოსმალებმა. აქაური მოსახლეობა „კაცნი ყოფილან მბრძოლნი ძლიერნი“, მაგრამ მტერთან ბრძოლაში განახევრებულან და ზემო ქართლსა და იმერეთს შეხიზვნიან. ოსმალთაგან დაპყრობილ მხარეში დაიწყო ეკლესია-მონასტრების მეჩეთებად გადაკეთება, სამღვდელოების დევნა და საეპისკოპოსოს თანდათანობითი გაუქმების პროცესი… ქრისტიანი მოსახლეობისგან გაუკაცრიელებულ ხეობაში XVIII ს. შუაწლებში სამღვდელმთავრო კათედრაც გაუქმებულა.

საუკუნეთა მანძილზე გაუკაცრიელებული უძველესი კუთხის აღდგენა XIX ს. პირველი ნახევრიდან დაიწყო. ტოპონიმ „ბორჯომის“ წერილობით წყაროებში პირველი მოხსენიებაც ამავე პერიოდს უკავშირდება. XV-XVIII სს. ბორჯომის ადგილზე რამდენიმე პატარა სოფელი იყო: _ ნუა, ფაფა, ჭალა და სხვ. ბორჯომის სახელწოდება მესხეთში ურავლის ხეობაში სოფელ ბორჯომიდან, (ამჟამად ანდრიაწმინდის ახლოს მდებარე ნასოფლარი ახალციხის რაიონში) ოსმალთა დაპყრობების დროს ლტოლვილი მოსახლეობიდან მომდინარეობს. ბორჯომის გაქალაქება კი XIX ს. ბოლო პერიოდიდან დაიწყო. უძველესი ნაქალაქარის აღდგენას და ხეობის ცენტრალურ ქალაქად გადაქცევას ძირითადად ბორჯომის ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი.

1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, 20-იან წლებში ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო, უძველეს ქრისტიანულ კერაზე _ თორში ტრადიციული ეკლესიური ცხოვრების განახლება თითქმის შეუძლებელი იყო. მხოლოდ 1978 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ მხარეში ეპარქიის დაარსება.

1978 წ. აღდგენილ სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა ბორჯომის ხეობაც. 1995 წ. 5 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულად მეტად განვრცობილი ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია. 2002 წლის 17 ოქტომბერს კი, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის საფუძველზე დაარსდა ორი ეპარქია: _ ა) ახალქალაქისა და კუმურდოს და ბ) ბორჯომისა და ბაკურიანის. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად წმიდა სინოდმა მანამდე ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის მწყემსმთავარი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი სერაფიმე ჯოჯუა დაადგინა.

2016 წლიდან ეპარქიის მმართველობა მინდობილი ჰქონდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს, შემდეგ  გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას. 2017 წლის იანვრიდან კი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილია.

ეპარქიის ტერიტორიაზე ათობით მოქმედი და მშენებარე ეკლესია_მონასტერია, რომელთაც შესაბამისი რაოდენობის ღვთისმსახური ემსახურება. უშუალოდ მეუფე სერაფიმეს მიერ მოიხატა რამდენიმე ეკლესია. ათწლეულობით გამოკეტილ ეკლესია-მონასტრებში, ღვთის მადლით, კვლავ აღევლინება ღვთისმსახურება, მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ საზრდოს მოკლებული აქაური მრევლი ტრადიციულ საეკლესიო წიაღს უბრუნდება. ეპარქიის ძველ სამონასტრო კერებზე თანმიმდევრულად მიმდინარეობს ტრადიციული ბერ-მონოზვნური ცხოვრების წესის განახლება, საუკუნეთა განმავლობაში მივიწყებული ქრისტიანული ხელოვნების და ხელსაქმის, სასულიერო განათლების ტრადიციის აღდგენა და სხვ.

თანამედროვე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ტერიტორიაზე, ისტორიული თორის საერისთავოში, ადრიდანვე ქვეყნისა და დედაეკლესიისთვის თავდადებული მრავალი მამულიშვილი მოღვაწეობდა: საისტორიო ტრადიციის თანახმად, წმინდა გრიგოლ ხანძთელსა და მის ძმობას ამ მხარეში მრავალი ეკლესია აუგიათ. წმინდა გიორგი მთაწმინდელი კი საქართველოდან გამგზავრებამდე თანამედროვე ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისის მონასტერში იზრდებოდა. ქვეყნისა და დედაეკლესიისთვის მოწამეობრივად აღსრულებული შალვა თორელ-ახალციხელი ამ კუთხიდან იყო წარმოშობით და მის სახელს უკავშირდება ტიმოთესუბნის, იმავე კიმოთესუბნის ეკლესიის მშენებლობა და სხვ. ბოლო პერიოდის მოვლენებიდან კი აღსანიშნავია ქვეყნის გაერთიანებისათვის მებრძოლი მეფის, ერეკლე მეორის, განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ მხარისადმი. ასპინძის ომში გზად მიმავალი მეფე და ქართული მხედრობა სოფელ სადგერში წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან შეჩერებულან, ღამე გაუთევიათ და ლოცვაში ქართველთა მფარველი მხედრის _ დიდმოწამე გიორგისთვის ზეციური შეწევნა გამოუთხოვიათ. ბრძოლის დაწყების წინ რუსი გენერლისგან მოღალატურად მარტოდ მიტოვებული მცირერიცხოვანი ქართველებისგან მტერზე ბრწყინვალე გამარჯვებას მეფეც და ქართველი მხედრობაც ღვთიური შეწევნით ხსნიდნენ და განსაკუთრებულად მადლობდნენ უფალს.

დღეისათვის ეპარქიაში არსებულ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი მისივე წმინდა ნაწილითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „შენ ხარ ვენახი“, მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე საუკუნეთა წინათ მომხდურ უსჯულოთაგან მოწყვეტილი მონასტრის ძმობის დათხეული სისხლის კვალი, რომელიც სასწაულებრივად აღბეჭდილა იქ მოჩუხჩუხე ნაკადულში მიმობნეულ ქვებზე, სადაც მტერს ქართველთა სასაკლაო მოუწყვია. მოწამეთა სისხლიანი ქვებისგან დღემდე მრავალი სასწაული აღესრულება. ასევე ქ. ბორჯომში ძველ ტაძარზე სასწაულებრივად გამოსახული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატება, რომელთანაც ღვთის რწმენით მისული სხვადასხვა სენით დაავადებულნი სასწაულებრივად იკურნებიან და სხვ.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი:

1. ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი
2. ბორჯომის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
3. ახალდაბის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
4. ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია
5. ახალდაბის წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესია
6. ბორჯომის ახალშენის დასახლების წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
7. ბაკურიანის წმინდა გიორგის ეკლესია
8. ყვიბისის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
9. ვაშლოვანის წმინდა გიორგის ეკლესია
10. წაღვერის წმინდა ნინოს ეკლესია
11. ქვაბისხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
12. ნეძვის ეკლესია
13. ლიკანის ეკლესია

მონასტრები:

1. კიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი:
ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ბ) წმინდა ბარბარეს ეკლესია
2. მწვანე მონასტერი:
ა) წმინდა გიორგის ეკლესია
ბ) წმინდა იოაკიმ და ანას ეკლესია
გ) წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია
3. ცემის მამათა მონასტერი
4. სადგერის წმინდა გიორგის დედათა მონასტერი
5. ჭობისხევის წმინდა ეკატერინეს დედათა მონასტერი

მშენებარე:
1. ყვიბისის კვირაცხოველის ტაძარი
2. ბაკურიანის ქრისტეს შობის ტაძარი
3. ბაკურიანის ტაძარი ორი საკურთხევლით
ა) ყოვლადწმიდა სამების
ბ) წმიდა სერაფიმ საროველის
4. ჩითახევის ტაძარი
5. დაბის ტაძარი