საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სიტყვა, წირვის შემდგომ, წარმოთქმული მსოფლიო საპატრიარქოში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სიტყვა, წირვის შემდგომ, წარმოთქმული მსოფლიო საპატრიარქოში

სტამბოლი, 4 მარტი, 1990

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ბატონო დიმიტრიოს I,

კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა მთავარეპისკოპოსო, მსოფლიო პატრიარქო,
ქრისტეს მიერ ჩვენო საყვარელო ძმაო!

ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძმანო და დანო!

„დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი, და ვერვინ შემძლებელ არს „მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. საკვირველია გზა, რომელიც განვლეს ბერძენმა და ქართველმა ერებმა და ჩვენმა ეკლესიებმა: დიდება და დამცირება, განსაცდელი და ღვთის წყალობა…  მრავალი მტერი გარს ერტყა ჩვენს ქვეყნებს და ფიქრობდა, რომ გოლგოთაზე დამთავრდებოდა ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი არსებობსა; მაგრამ შესცდა იგი, როგორც სცდება  ყოველი ბოროტის მომქმედი. ჩვენს ერებს და ეკლესიებს ღმრთისაგან სიკვდილი არ ეწერა. გოლგოთას ხომ აღდგომა და ამაღლება მოსდევს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ არ გადაგვიხვევია ქრისტეს გზიდან, როგორც გამოთქვა ჩვემა დიდმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ წმიდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ) – ქრისტე კვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის. ამ მძიმე ბრძოლაში ჩვენს ხალხთან ერთად მუდამ იყო ჩვენი ეკლესია.

მეოთხე საუკუნე განსაკუთრებულია ჩვენს ისტორიაში. საქართველოში ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია და ჩვენს ეკლესიურად და პოლიტიკურად დავუკავშირდით ახლად შექმნილ ბიზანტიის იმპერიას.

ნიშნად ჩვენი მეგობრობისა და სულიერი კავშირისა, იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ახლად გაქრისტიანებულ საქართველოს გამოუგზავნა ერთ-ერთი ლურსმანი, რომელითაც ჯვარცმული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ეს  სამსჭვალი დღესაც ინახება საქართველოს ეკლესიაში, როგორც უდიდესი სიწმინდე.

თქვენ იცით, რომ საქართველოს ეკლესია მეხუთე საუკუნემდე შედიოდა ანტიოქიის იურისდიქციაში. მეხუთე საუკუნეც განსაკუთრებულია ჩვენს ისტორიაში, ვინაიდან ანტიოქიის მამამთავრის პეტრე II დროს საქართველოს ეკლესიას მიენიჭა ავტოკეფალია. ეს იყო ჟამი ვახტანგ გორგასლის მეფობისა. საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში დაადგინეს პირველი კათოლიკოსი პეტრე.

XII საუკუნის დიდი ბერძენი კანონისტი, შემდეგ ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი წერს: „ამბობენ, რომ იბერიის არქიეპისკოპოსი პატივში აიყვანა ანტიოქიის კრების დადგენილებამ მაშინ, როდესაც ღვთაებრივი ქალაქის, დიდი ანტიოქიის უწმინდეს პატრიარქად იყო უფალი პეტრე. გამოტანილ იქნა კრების დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა, რომელიც მაშინ ექვემდებარებოდა ანტიოქიას“ /გეორგიკა, 8 თბ., 1970, გვ.18/.

ეს თარიღი აღიარებულია ქართულ საერო და საეკლესიო მეცნიერებაში და შესულია საერთაშორისო საცნობარო ენციკლოპედიებში. მაგ., ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „ვახტანგ გორგასალმა მთელი საქართველო გააერთიანა და დაიწყო ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ… მან იმოგზაურა იერუსალიმში, ანტიოქიის პატრიარქისგან ითხოვა, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები არჩეული ყოფილიყვნენ ქართველთაგან… აქედან იწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია“ /ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია, ტ. XVIII, 1893 წ, გვ. 797/.

ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში წერია: „რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, მისი ნამდვილი ავტოკეფალური სტატუსი დათარიღებულია V საუკუნით“ /ახალი კათოლიკური ენციკლოპედია, ტ. I, გვ. 1116, 1117, 1966/.

დიდი საბჭოთა ენციკლოპედია გვაუწყებს: „საქართველოს ეკლესია, ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელ ეკლესიათაგანია, აღმოცენდა IV საუკუნეში. პირველად შედიოდა ანტიოქიის საპატრიარქოს შემადგენლობაში, V საუკუნიდან გახდა ავტოკეფალური“.

ალბათ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ათენში 1965 წელს გამოცემულ „ზნეობრივ და რელიგიურ ენციკლოპედიაში“ ტერმინ კათოლიკოსის განმარტებისას მითითებულია, რომ ვითარცა ტიტული იგი ბოძებულ იქნა უკვე IV საუკუნეში იმ ეკლესიათა მეთაურებისთვის, რომლებიც მომდინარეობენ ანტიოქიის საპატრიარქოდან, ასეთებია: სელევკია – კტისიფონის (სპარსეთი), სომხეთისა და იბერიის (საქართველოს) ეკლესიები (ტ. VII, გვ. 103).

ქართლის ცხოვრების მოწმობით, V საუკუნეში, ავტოკეფალიის მიღების დროს, როცა პეტრე იყო დადგენილი საქართველოს პირველ კათოლიკოსად, ჩვენთან შეიქმნა თორმეტი საეპისკოპო კათედრა /ქართლის ცხოვრება, გვ. 198, 199/. V საუკუნიდან ქართულმა ეკლესიამ მიიღო ეროვნული სახე; აღმოცენდა ეროვნული კულტურა, სასულიერო მწერლობა, ხუროთმოძღვრება, მონასტრული ცხოვრება.

V საუკუნის ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ამბობს: „იბერები ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ“  /გეორგეტიკა, 1965, ტ. II, გვ. 48/.

XI-XII საუკუნეები ითვლება საქართველოს ოქროს ხანად. XI საუკუნიდან იწყება ახალი აღმავლობის პერიოდი ჩვენი ერის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში. როგორც ბიზანტიაში, ასე საქართველოში ამ დროს არსდება და ვითარდება საგანმანათლებლო ცენტრები-აკადემიები.

ქართულ აზროვნებაზე დიდი გავლენა იქონია XI საუკუნის კონსტანტინოპოლის /მანგანის/ აკადემიამ, რომელსაც სათავეში ედგნენ დიდი ფილოსოფოსები და მოაზროვნენი – მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. ქართულ ენაზე დაცულია მიქაელ ფსელოსის ტრაქტატები: „პირმშოსათვის“ და „დღესასწაულთა შესახებ“.

კონსტანტინოპოლის აკადემიაში აღიზარდნენ XI-XII საუკუნეების დიდი ქართველი ფილოსოფოსები იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. იოანე პეტრიწმა ქართულ ენაზე ორიგინალურ ფილოსოფიურ ნაშრომებში განავითარა თავისი მასწავლებლის იოანე იტალოსის მოძღვრება. XI საუკუნეში საქართველოს მამამთავარი უკვე ატარებს კათოლიკოს-პატრიარქის წოდებას, რაც დასტურდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I სიგელით. XI საუკუნიდან დაწყებული შემდგომ პერიოდში პატრიარქის ტიტული მუდამ ახლავს ჩვენი ეკლესიის მეთაურს.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის ადგილს დიპტიხში, საქართველოს საპატრიარქოს მუდამ ეკავა VI ადგილი რომის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და იერუსალიმის შემდეგ.

1259 წლის საბუთში ვკითხულობთ: ”… ჩვენცა გლახაკი ქრისტეს მიერ შემდგომად ხუთთა პატრიარქთა… და სვეტიცხოველისა მეექვსესა პატრიარქსა და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა კათოლიკოზი ნიკოლოზი ვამტკიცებ და წარვწერ“ /ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, გვ. 66/.
როგორც ცნობილია, XVI საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემია II მიანიჭა რუსეთის ეკლესიის მეთაურს პატრიარქის წოდება და დიპტიქში V ადგილი /რომის გამოკლებით/, ხოლო საქართველოს პატრიარქს დაუთმო VI ადგილი.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორიცაა საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღება, პატრიარქის ღირსების მოპოვება და დიპტიქში VI ადგილის დაკავება, არ მოხდებოდა ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის გარეშე, რადგან ეს იყო როგორც საეკლესიო, ისე მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტები.

დარწმუნებული ვართ, რომ იქნებოდა სათანადო ტომოსები, მაგრამ თქვენი და ჩვენი ავბედობის გამო ეს მნიშვნელოვანი საბუთი არ შემოგვრჩა. ჩვენ უკვე მეორედ ჩამოვედით თქვენს დიდებულ ქალაქში, რომ აღვადგინოთ ძმური ურთიერთობა, ჩვენს შორის არ უნდა იყოს გაუგებრობა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდისა და ჩემი სახელით მადლობას გწირავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, თქვენ წმიდა სინოდს, რომ მიიღეთ ახალი გადაწყვეტილებანი საქართველოს ავტოკეფალიისა და პატრიარქის წოდების ცნობის თაობაზე, რონელნიც ჩვენ უძველესი დროიდან გაგვაჩნია.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ძმური და ტრადიციული ურთიერთკავშირი ჩვენ ორ უძველეს ეკლესიას შორის მომავალში უფრო მეტად განმტკიცდება და გაღრმავდება. ჩვენი ერი დიდი სიყვარულით იხსენებს თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში. ეს იყო დაუვიწყარი და ღვთის მადლით აღსავსე დღეები.

კვლავ სიყვარულით გიწვევთ ჩვენ სამშობლოში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო მეტად გაიხარებს თქვენი მობრძანებით.

გისურვებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მრავალჟამიერ და უხვი ნაყოფით აღსავსე სიცოცხლეს, ხოლო მსოფლიო საპატრიარქოს – ძლიერ წინსვლასა და გაბრწყინებას“.