საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი

 

საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი

დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისათა მთვარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა და ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

სახელითა მამისათა და სულისა წმინდისათა!

”ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა და აღვაღორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, რომლისაგან ყოველი გვამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითეულისა ასოისა; სიორძილსა მას გვამისასა ჰყოფდით აღსაშენებლად თავისა თქვენისა სიყვარულით.” /ეფეს.4, 15-16/.

ამბობს მოციქული ერთა პავლე, და მართლაც ერთი სამწყსოა და ქრისტეს ერთი სხეულია, და ასევე იწოდება ღვთისმიერი ქვეყანასა ზედა ეკლესია მისი სული ერთიანობის გამო და არანაირი, რა თქმა უნდა, გზით არ შეუშლია ხელი ამას, არც პირველ და არც მის შემდგომ საუკუნეებში. სტრუქტურისათვის ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებისა, რომელნიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი, შინაგანად თვითმმართველნი, თავიანთივე მწყემს-მთავართაგან და მოძღვართაგან ქრისტეს სახარების მსახურთაგან მართულნი არიან და შეადგენენ ერთ წმინდა და სამოციქულო ეკლესიას.

ასეთივეა კავკასიის კურთხეულ მიწაზე, ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში შემავალი წმინდა და მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უძველესი დროიდან მიიღო თვითმმართველი და თავისუფალი გამგებლობა და შესაბამისად საეკლესიო მმართველობითი ორგანიზაციაც. რწმენაში, სიმტკიცისა და ეკლესიური ცხოვრებით მრავალი და შესანიშნავი მაგალითის მაჩვენებელი. იგი დღესაც შეუნელებლად და უცვლელად იცავდა და იცავს ჩვენი მართლმადიდებელი ქვეყნის მოძღვრებებს და მის მიერ აღიარებულ ჭეშმარიტებებს. ამჟამად კი, თავის გამგებლობაში კანონიერების მსურველი, ყველა წმიდა მსგავსი აღმსარებლობის ეკლესიებთან მეგობრულ და სიყვარულით სავსე ურთიერთობაში და სამსახურში მყოფი მიმართავს, ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას, ჩვენს ეკუმენურ საპატრიარქო ტახტს და ითხოვს კურთხევასა და მტკიცებას თავისი თვითმმართველობითი სტრუქტურისა. რამეთუ ასე შეთანხმებულმა, ვითარცა ვაზმა განუყოფელი ღვთისა ვენახისა, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა კანონიერ პლეადაში მყოფმა, განაგრძოს აყვავება ქრისტეს სხეულისა.

Eეს ღირსებით სავსე მიმართვა და თხოვნა სიყვარულით მივიღეთ ჩვენ და ჩვენმა წმიდა და კურთხეულმა სინოდმა, ვინაიდან ჩვენი ეკუმენური ტახტი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს სამართლიანი უფლებებისა და სტატუსის მომთხოვნ წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიებს; ხელი ჩასჭიდოს მათ და დაეხმაროს დროის აუცილებლობით გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში, რამეთუ, თანახმად მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო ცხოვრებისა და წესისა, ღირსეულად მოპოვებულმა მისმა ავტორიტეტმა აღავსო ავტოკეფალური მმართველობის მინიჭების უფლების უპრატესობით და ჩამოუყალიბა გარკვეული ადმინისტრაციული უფლებები. ამდენად, ჩვენი უმდაბლესობა და ჩვენი კურთხეული მიტროპოლიტები, ყოვლადპატივდებულთა თანა სულიწმიდის მიერ ჩვენს ძმებთან და თანამწირველებთან ერთად განიმსჭვალა აზრით და სიამოვნებით იწონებს, რომ პატაკად მომავალი წმიდა და დიდი მსოფლიო კრებისა, ჩვენმა უპირველესმა ტახტმა, კონსტანტინეპოლის ეკლესიამ აკურთხოს, ცნოს და დაამტკიცოს საქართველოს წმინდა ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებელი სტრუქტურა. იგი მუდამ გარანტირებული და ხელშეუხებელი იქნება ჩვენი წმინდა რწმენისა და საეკლესიო კანონიკური წესის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობაში.

სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმინდით განათლებული ვაცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზებით რაც უძველესი დროიდან გაჩნდა, რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: ”ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმინდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა.”

მივიჩნევთ, რომ იგი ჩართული არის ძმურ მართლმადიდებელი ეკლესიათა პლეადაში და ვადასტურებთ, ამასთანავე, იმას, რომ, იგი სახელდებულია, როგორც ”წმინდა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია სრულიად საქართველოისა”. ვცნობთ მას როგორც ჩვენს სულიერ დას, რომელიც უფლებამოსილია მართოს და აწარმოოს საქმენი დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, თანახმად წესისა. სხვა ადგილობრივ წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კანონიერი უფლებებით მოქმედს მეთაურად ჰყავს უფალი ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და კანონიკური და საეკლესიო წესის თანახმად აღიარებს და პატივს სცემს ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პირველადობას, და ვითარცა თავის უმაღლეს მმართველობით ორგანოს, სცნობს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართაგან შემდგარ სინოდს, რომლის თავმჯდომარეც არის ყოველი მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა.

ჩვენს უწმინდეს და სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო ტახტთან ასევე ყოველ მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან სულიერი და კანონიკური ერთიანობის დაცვის მიზნით, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის თანახმად, ყოველი მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა მოვალეა მათ მეთაურებს აცნობოს მისი რჩევა და აღსაყდრება სამშვიდობო საინტრონიზაციო ეპისტოლეებით, წარმოაჩინოს ამასთანავე, აღმასრულებლობა და დასტური მისი და მისდამი რწმუნებული წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომ შეუბღალავად დაიცავს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ღვთისმოსაობასა და ამასთანავე მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთო და და წმინდა კანონებსა და წესებს; რიგის მიხედვით მოიხსენიებს წმინდა დიპტიხს, სახელს ყოველი მსოფლიო პატრიარქისა და სხვა უწმინდეს პატრიარქთა და წმიდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების უნეტარეს გამგებელთა, რაც შეეხება წმიდა მირონის საკითხს, დაცულ იქნება ამასთან დაკავშირებით დადგენილი საეკლესიო წესი, რათა ხილულად და უხილავად შედგეს და განცხადდეს შინაგანი და გარეგანი განუყოფელი ერთიანობა მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ამასთანავე, ვურჩევთ, რომ ზოგადი ხასიათის საეკლესიო პრობლემებისა თუ დაბრკოლებათა დროს, რომელნიც ავტოკეფალური ეკლესიების საგანმგებლო საზღვრებში იჩენენ თავს, ხოლო საყოველთაო განსჯასა და კენჭისყრას ექვემდებარებიან, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსმა სრულიად საქართველოისა მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო ტახტს, რომლის მიერაც დაუკავშირდება ყოველ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოს, ჭეშმარიტი სიტყვის მართლმკვეთელთ და თავისივე თხოვნის შესაბამისად, მიიღებს მისგან სარწმუნე აზრსა და შეხედულებას მისას და ძმური ეკლესიებისას.

ამრიგად, ჩვენს მუდმივ სრული შემადგენლობის წმიდა და კურთხეული სინოდის 1990 წლის 23 იანვრის სხდომაზე ნაფიქრს, განსჯილს და სინოდურად ჩვენს მიერ დამტკიცებულს, რომ მტკიცედ დავიცავთ, ვადასტურებთ ამ საპატრიარქო და სინოდური სიგელით, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია ჩვენი წმინდა და ქრისტეს დიდი ეკლესიის წესდების თანახმად, ზუსტად და უცვლელად ვაუწყებთ და ვუგზავნით მთავარეპისკოპოსს მცხეთა- თბილისისა და სრულიად საქართველოისა, ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელ ძმათა და ტანამწირველთა უფალ ილიას, სრულიად საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის კურთხეული სინოდის თავმჯდომარეს და როგორც წესია, აგრეთვე ეკლესიური კანონიკის მიხედვით მოქმედ და გამოცხადებულ მოძმე მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებს დასაცავად და განსამტკიცებლად სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის.

უფალი ღმერთი ჩვენი მადლითა და წყალობითა პირველსა, დიდისა და უმაღლესისა მღვდელმთავრისა ქრისტე ღმერთისა ჩვენისა მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისა, მარადქალწულისა ღვთისმშობლისა მარიამისა. პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლისა იოანეს, წმიდათა და დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა წმინდა მოციქულთასწორის ნინოსი და ღირსთა და ღვთივდაცულ მამათა ჩვენთა განამტკიცებს და დაიცავს წიაღსა ერთი წმინდა და კათოლიკე ეკლესიისასა ძმურ ავტოკეფალურ ეკლესიასა სრულიად საქართველოისა და წარუძღვება და ააყვავებს მას სადიდებლად წმიდისა სახელისა თვისისა ნუგეშად მორწმუნე მრევლისა მისისა და სიხარულად მსოფლიო ტახტისა და ყოველთა მოძმე მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა.

მაცხოვრისმიერსა წელსა 1990. თვესა იანვარსა 25