საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურისთვის საპატრიარქო ტიტულის ცნობის და ბოძების საპატრიარქო სინოდური განჩინება

საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურისთვის საპატრიარქო ტიტულის
ცნობის და ბოძების საპატრიარქო სინოდური განჩინება

დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი
კონსტანტინოპოლისა ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

„რამდენადაც, მრავალსაუკუნოვანი წესის თანახმად, ჩვენი უწმიდესი სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო ტახტი ინარჩუნებს კანონიერ უფლებას ჩაერიოს ღვთის წმიდა ეკლესიათა მოთხოვნილებებში, გამოიჩინოს გარკვეული მზრუნველობა და დააკმაყოფილოს ისინი, ამიტომ ჩვენი უმდაბლესობა, ჩვენ კურთხეულ და ყოვლადპატივდებულ მიტროპოლიტთან მსჯელობის შედეგად, საეკლესიო კანონმდებლობიდან გამომდინარე, განიმსჭვალა აზრით, რომ საქართველოს უწმინდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვითარცა ავტოკეფალურსა და დამოუკიდებელს, მართლმადიდებელ ეკლესიათა სისტემაში შემავალსა და თვითმმართველს, მიეცეს ძმური თანხმობა და აღიარება ჩვენი უწმინდესი კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან მასზედ, რომ საქართველოს უწმიდესი ეკლესია პატივდებულ იქნეს საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით, როგორც ადრიდანვე იხსნიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში მისი ტიტული – „მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა“, ასევე იხსენიებოდეს ამიერიდანაც მართლამადიდებლურ საღმრთო და წმიდა განგებებში.
ღრმად დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ჩვენი წმიდა და ქრისტეს დიდი ეკლესიის განსჯის და მისი წმიდა სინოდის დადგენილებას გაიზიარებენ და მხარში დაუდგებიან უნეტარესნი პატრიარქნი და განმგებელნი ღვთის ყოველი წმიდა ეკლესიისა და მიღებულ იქნება ერთსულოვანი თანხმობა საქართველოს მოძმე ეკლესიის საპატრიარქო ღირსების აღიარების შესახებ. გამოვთქვამთ ჭეშმარიტ იმედს, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის შენებას, ეკლესიის სიძლიერეს და წინსვლას.
სიხარულით ვაუწყებთ ყოველივე ამას ჩვენთვის საყვარელ და ყოვლადღირსეულ თქვენს უნეტარესობას, თქვენს ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს, მორწმუნე წმიდა სამღვდელოებას, საქართველოს საპატრიარქოს ღვთისმოსავ და მორწმუნე მართლმადიდებელ ხალხს.

ვეამბორები თქვენს საყვარელ უნეტარესობას ძმური ამბორით, მივმართავთ თქვენს ქრისტესმოყვარე მრევლს ჩვენი პირველმღვდელმთავრული ლოცვა-კურთხევით და ვითხოვთ ყოველთათვის მადლს და უსაზღვრო წყალობას უფლისას.