საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.)

 საქართველოს სამოციქულო ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.) 

საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა (ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული იქადაგეს დიდაჭარაში, სამხრეთ საქართველოში, შემდგომ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. წმიდა სვიმონ კანანელი აფხაზეთში დარჩა და იქვე აღესრულა მოწამეობრივად (დაკრძალულია ანაკოფიაში). სხვადასხვა დროს ქართლში ყოფილან მოციქულები: წმიდა მატათა (ხს. 9 აგვისტოს), წმიდა ბართლომე (ხს. 11 ივნისს). მატათას წმიდა ნაწილები აჭარაში, გიონიოში განისვენებს.IV საუკუნის დასაწყისში, სანამ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, დასავლეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში, საეკლესიო იერარქია უკვე არსებობდა: პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი.IV საუკუნის დასაწყისში, როცა რომში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, წმიდა მოციქულთასწორთა მირიან და ნანას (ხს. 1 ოქტომბერს) მეფობის ჟამს, ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოვიდა წმიდა ნინო (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს). შემდეგ, მირიან მეფის თხოვნით, წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოგზავნა იოანე ეპისკოპოსი (325 წელს ნიკეის I საეკლესიო კრებამ იგი ანტიოქიის პატრიარქად აირჩია) ორი მღვდლითა და სამი დიაკვნით, რომელთაც ნათელ-სცეს ქართველებს. ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიას. იოანეს ანტიოქიის პატრიარქად არჩევამ განაპირობა ის ფაქტი, რომ კრებამ საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს მიათვალა.წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის თაოსნობით, 472 წელს ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად – სამოელი. მანვე დაადგინა თორმეტი საეპისკოპოსო. „აქედგან იწყეს კათოლიკოსთა მთავრობად“, წერს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ავტორი. მაშასადამე, ვახტანგის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, ეპისკოპოსთა ხელდასმა-გადაყენება, თვითვე განეგო. ეკლესია დამოუკიდებელი გახდა.იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმისა და ანტიოქიის პატრიარქის თეოფილაქტეს დროს ანტიოქიაში ქართლიდან მივიდნენ ქართველი ღვთისმსახურები და პატრიარქს იბერიის ეკლესიის გასაჭირი მოახსენეს: სარკინოზთა შიშით ქართლსა და ანტიოქიას შორის მიმოსვლა შეწყვეტილი იყო, ამიტომ ანტიოქიის პატრიარქის, ანასტასის დროიდან ქართლის კათალიკოსის კურთხევა აღარ ხდებოდა. ანტიოქიის ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ გადაწყვიტა, სამაგიეროდ ქართლის ეკლესიას ანტიოქიიდან უნდა მიეღო მირონი და მასში 1000 დრაჰკანი გადაეხადა. ამასთან, ქართლის ეკლესიის წირვა-ლოცვაში პირველ ადგილზე უნდა მოეხსენებინათ ანტიოქიის პატრიარქი.ცოტა მოგვიანებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა ეფრემ მაწყვერელის (ხს. 17 აპრილს) ღვაწლით მიიღო მირონის კურთხევის უფლება. „ეფრემ ქრისტჱსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევა ქართლს განაწესა“, – წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევებითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხება მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ „წმიდა მირონის არომატი“ ნივთიერებები მოჰქონდათ).საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასა და მოციქულებრივ ღირსებას სხვადსხვა დროს იცავდნენ ღვთივგანბრძნობილი ქართველი მამები. XI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიამ მწვავედ დააყენა მრავალჭირნახული იბერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი. ათონის მთაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სვიმონ-წმიდელმა მამებმა ანტიოქიის პატრიარქთან, თევდოსისთან, დაასმინეს ივერთა მონასტერში მოღვაწე ქართველი მამები: „არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი“. წმიდა გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) არა მარტო დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის სამოციქულო პატივი, არამედ აჩვენა მისი უპირატესობა ანტიოქიის ეკლესიასთან შედარებით: „ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარგჳყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი… შუენის ესრეთ, რაჲთა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს, რაჲღა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რაჲთა თქუენ ჩუენ დაგუმორჩილდეთ“ (ანტიოქიის ეკლესია წმიდა პეტრე მოციქულის დაარსებულია).საქართველოს ეკლესია მაჰმადიანურ სამყაროსთან ჭიდილში საუკუნეების მანძილზე მოძღვრავდა, ზრდიდა და სულიერად კვებავდა ქართველობას.1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 მუხლში ბუნდოვნად არის ახსნილი საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობა: „ხოლო მართებისათვის საქართველოსა ეკლესიასათა და მიწერ-მოწერათასა, ვითარ სათანადო არს რუსეთისა სინოდისადმი, ამისთვის უკუე დაიწერების სხვაჲ არტიკული“.1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნოებრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ოდესღაც დიდი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას.1801 წლის აქტის შემდეგ საქართველოს მთავარმართებელი უხეშად ერეოდა საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში. მალე გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება.1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II სწერს: „საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმიდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა… გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისაგან, უწმიდესის სინოდის წევრობისა და კათილიკოსის სახელის შენარჩუნებით“… ასე გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ანტონ II რუსეთში გადაასახლეს. რაღაც ათიოდე წლის მანძილზე საქართველომ მეფეც დაკარგა და მამამთავარიც. პოლიტიკურ თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ სულიერი დამოუკიდებლობაც დაკარგა.დაიწყო მძიმე წლები ქართული ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა ეგზარხოსის მეშვეობით. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართველ წმიდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მესვეურთა შორის, ამას ემატებოდა ცალკეულ უღირს ეგზარქოსთა საქციელიც, ისინი ძარცვავდნენ მტერთა შემოსევებს გადარჩენილ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნუმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია, რომლის მღვდელმთავრები, სამწყსოსთან ერთად, იტანდნენ ყოველგვარ გაჭირვებასა და სიმძიმეს, სიცოცხლესაც კი სწირავდნენ სამშობლოსათვის, საეგზარქოსომ ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და აგროვებდა. ყოველივე ამან მოსახლეობის აღშფოთება და გაბოროტება გამოიწვია. ამ პროცესს აჩქარებდა ეგზარქოსების აშკარად გამოხატული ანტიქართული საქმიანობა და მიუხედავად იმისა, რომ ღვთივსულიერი რუსი მამები აფრთხილებდნენ საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებს, პატივითა და კრძალვით მოპყრობოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრ და მოციქულთა მოქცეულ ქვეყანას.საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა, სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები. ეგზარქოსმა, ჩუდეცკის მკვლელობის გამო, სიონის ტაძრის ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ერი. დიმიტრი ყიფიანმა საჯაროდ ამხილა ეგზარქოსი და უთხრა, რომ უფლება არ ჰქონდა დარჩენილიყო იმ ერის სულიერ მამად, რომელიც ანათემაზე გადასცა. ამ მხილების გამო მხცოვანი მამულიშვილი სტავროპოლში გადაასახლეს და განთავისუფლების წინა დღეს მოკლეს.XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა, ქართულ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე, ხს. 20 ივნისს) მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორები ალ.ცაგერელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემები იყო: 1) ქართული საეკლესიო საკითხი; 2) რა აიძულებს ქართველებს, იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; 3) რომელ წელს მიენიჭა ივერიას ავტოკეფალია; 4) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.სხდომაზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ: პროფ. გლებოვსკი, დეკანოზი ვოსტორგოვი, ბუტკევიჩი და მათი მიმდევრები, რომელთაც უარყვეს ქართველი საზოგადოების სამართლიანი მთხოვნები. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ნიკო მარმა პროტესტის ნიშნაც სხდომა დატოვა.საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლმა მღვდელმთავრებმა და მეცნიერებმა: კ.ცინცაძემ, ნ.დურნოვომ, თ.ჟორდანიამ გამოაქვეყნეს მონოგრაფიები, რომლებშიც დასაბუთებული იყო საქართველოს ეკლესიის თავისთავადობის აუცილებლობა.1917 წლის 12 (25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისთვის დაუცხრომელ მებრძოლს – კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.ღვთის განგებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური, რომლის უქონლობის გამოც, ჩვენს წმიდა წინაპრებს ხშირად უხდებოდათ ბრძოლა საქართველოს მრავალტანჯული ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად.ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.ეს იყო უდიდესი გამარჯვება და სიხარული. ამ ამბავს გამოეხმაურა სრულიად საქართველო, როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღნიშნა, ეს იყო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება.