საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის სფეროში

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის სფეროში

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდგომში – ეკლესია), რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელსაც წარმოადგენს მინისტრი გია ქავთარაძე

– ვადასტურებთ ეკლესიის უდიდეს მნიშვნელობას ერის სულიერ განვითარებაში;

– გამოვთქვამთ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას;

– ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საქართველოში ყოველი პრობაციონერი და არაპატიმარი მსჯავრდებული პირის წინაშე;

– ვადასტურებთ პრობაციის, როგორც პატიმრობის ალტერნატივის, სისტემაში ეკლესიის კეთილისმყოფელი როლის გასაძლიერებლად და პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რელიგიური უფლებების უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას,

„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ (2002 წლის 14 ოქტომბერი) პირველი მუხლის საფუძველზე ვდებთ შემდეგ შეთანხმებას:

მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის წესი და ფორმები პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის სფეროში.

მუხლი 2. თანამშრომლობის პრინციპები და ფორმები

1. მხარეებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპს.

2. მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი ფორმებით:

    ა) ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შექმნა და განხორციელება;
   
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებში რელიგიური უფლებების რეალიზაციის პირობების შექმნა;
   
გ) თანამშრომლობის სფეროში ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა;
   
დ) ერთობლივი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კერძოდ, თანამშრომლობის სფეროსთან დაკავშირებელი ნორმატიული აქტების პროექტების ერთობლივი მომზადება.

3. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მეორე მხარის ინტერესის საგანს და რომელიც ეხება თანამშრომლობის სფეროს, მოიწვიოს მეორე მხარე.

4. სამინისტრო იღებს ვალდებულებას ეკლესიას მიაწოდოს ნორმატიული აქტების ის პროექტები, რომლებიც ეხება თანამშრომლობის სფეროს.

მუხლი 3. ღვთისმსახურებისათვის საჭირო პირობების შექმნა

1. სამინისტრო უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებში ღვთისმსახურებისათვის საჭირო პირობების შექმნას.

2. სამინისტრო ამ მუხლის წინა პუნქტით დადგენილ ვალდებულების აღსრულებისას გაითვალისწინებს ეკლესიის რეკომენდაციებს.

3. სამინისტრო უზრუნველყოფს არაპატიმარ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რელიგიური უფლებების რეალიზაციისათვის საჭირო გარანტიების შექმნასა და დაცვას, მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებში ეკლესიის ღვთისმსახურთა დაუბრკოლებელ დაშვებას საპატრიარქოსთან შეთანხმებით.

მუხლი 4. ეკლესიის ღვთისმსახურთა და პრობაციონერთა სისტემატური შეხვედრების მოწყობა

1. მხარეები უზრუნველყოფენ ეკლესიის ღვთისმსახურთა და პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა სისტემატური შეხვედრების მოწყობას.

2. საქართველოს საპატრიარქო, იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ორგანიზებას გაუწევს არამართლმადიდებელ პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

მუხლი 5. პრობაციონერთა ჩართვა შრომით საქმიანობაში

1. არაპატიმარ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა სურვილის შემთხვევაში, ეკლესია ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში, აგრეთვე საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობებში დასაქმებას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონიკური სამართლის ფარგლებში.

2. საპატრიარქო და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად იზრუნებენ პრობაციონერი და არაპატიმარი მსჯავრდებულებისთვის სახელოსნოების შექმნასა და მათთვის (სურვილისამებრ) გარკვეული სპეციალიზაციის დაუფლებაზე.

მუხლი 6. შეთანხმების ოფიციალური გამოქვეყნება

1. წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება ოფიციალურ გამოქვეყნებას.

2. ეკლესია შეთანხმებას გამოაქვეყნებს „საქართველოს საპატრიარქოს უწყებანში“, ხოლო სამინისტრო – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. თითოეული მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლის წინა პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

მუხლი 7. შეთანხმების ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალას იძენს ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ბოლო გამოქვეყნების დღიდან მეშვიდე დღეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი
ილია II

საქართველოს იუსტიციის
მინისტრი გია ქავთარაძე

2006 წლის 1 მარტი