საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დიდმარხვის V კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

24 მარტი
კატეგორია: პუბლიკაციები,
didmarxvis-v-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

12 (25)მარტი, 2018

დიდმარხვის მე-5 კვირიაკე

ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა

წირვაზე – ებრ. 9:11-14; მარკ. 10:32-45.

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 9:11-14

11 ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით. 11 ხოლო ქრისტე მოვიდა, მღდელთმოძღუარი იგი ყოფადთა მათ კეთილთაჲ, უფროჲსითა მით და უსრულესითა კარვითა ჴელით უქმნელითა, ესე იგი არს, არა ამის დაბადებულისაჲთა.
12 კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. 12 არცა სისხლითა ვაცთა და ზუარაკთაჲთა, არამედ თჳსითა სისხლითა შევიდა ერთგზის სიწმიდესა მას და საუკუნოჲ გამოჴსნაჲ პოვა.
13 ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით განწმედს შებილწულთ, რათა წმინდა იყოს ხორცი, 13 რამეთუ უკუეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთაჲ და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმედდა მსგავსად ჴორცთა მათ განწმედისათა,
14 რამდენად უფრო სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათას წილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის? 14 რავდენ უფროჲს სისხლმან ქრისტესმან, რომელმანიგი სულითა საუკუნოდ თავი თჳსი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა!

11.ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი,მოვიდა.

მოციქული ამბობს, რომ ძველაღთქმისეულ ღვთისმსახურებას ადამიანი ზეცაში ვერ აჰყავდა. ქრისტე კი მოვიდა და ერთხელ შევიდა საწმიდარში, რადგან აზრი იქით მიემართება. მას არ უთქვამს: „გახდა მღვდელთმთავარი“, არამედ: მღვდელმთავარი მოვიდა, ანუ სწორედ ამ საქმისთვის მოვიდა. ისე კი არ მოხდა, რომ ჯერ მოვიდა და შემდეგ  გახდა მღვდელმთავარი – არა, მისი ამქვეყნად მოსვლის მიზანი მღვდელმთავრობა იყო. არ უთქვამს: „მღვდელთმთავარი მსხვერპლშეწირვის“, არამედ თქვა: მომავალ სიკეთეთა. რადგანაც სიტყვა უძლურია, ყველაფერი ზუსტად გადმოსცეს, ამიტომ მან უბრალოდ და მარტივად  უწოდა ყოველივეს სიკეთე, რაც ჩვენთვის აღსრულდა; ხოლო „მომავალი“ უწოდა ამ სიკეთეებს რჯულის დროსთან მიმართებით. როგორც იმ დროს უწოდა „აწმყო“ (მუხ. 9), ისე, მასთან შედარებით, ქრისტესეულს უწოდა „მომავალი“, ანუ უწოდა იმ საიდუმლოებებთან შედარებით, რომლებიც ჩვენ მომავალ საუკუნეებში  განგვეცხადება.

უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი კარვით.

მოციქული ამ სიტყვებში სხეულს გულისხმობს, ის უფრო ვრცელი კარავია, ვინაიდან მასში სიტყვა-ღმერთიც მკვიდრობს და სულიწმიდის მთელი ძალაც: რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული (ინ. 3:34). ის უფრო სრულყოფილია და საქმეებსაც უფრო დიდს აკეთებს.

ხელთუქმნელი, ესე იგი  არა იმნაირად შექმნილი.

აქ თავს გვესხმიან მწვალებლები, ამბობენ, რომ სხეული ციური და ეთეროვანია, მაგრამ მოციქულს რომ უფლის სხეული ეთეროვნად მიეჩნია, მაშინ რატომღა იტყოდა: არა იმნაირად შექმნილი? – ცა ხომ არ არის ქმნილებათა რიგებიდან გამონაკლისი?! ამდენად, რას ნიშნავს ეს სიტყვები? ერთი მხრივ, იმას, რომ ძველაღთქმისეული კარავი მოეწყო ხუროთმოძღვარ ბესელეილისა და მისი ხუროების ხელით (გამოს. 31:2-6), მეორე მხრივ კი, სიტყვა-ღმერთის კარავი სულიწმიდამ შექმნა. აი, რატომაცაა ნათქამი: არა იმნაირად შექმნილი, ანუ ის სულიერი და ღვთაებრივია, რადგან არცერთ ქმნილებას არა ჰყავს თავის თავში სიტყვა-ღმერთი ბუნებითად; ეს კი ბუნებითად შეუერთდა მას. ამგვარად, უფლის სხეული ნივთიერებით ჩვენი მსგავსი  და ჩვენი თანაარსი იყო, როგორც ყოვლადწმიდა ქალწულის წმინდა სისხლისგან შექმნილი; შეეერთების სახით კი ჩვენზე აღმატებულია, იმიტომ, რომ ბუნებითად ის შეერთებულია სიტყვა-ღმერთთან. ვინაიდან ძველი აღთქმის კარვის მასალად გამოყენებული იყო ხე და ტყავი, ოქრო და ვერცხლი, სპილენძი და ზოგიერთი ქსოვილი, ამიტომ როცა   მოციქულმა ამ საგნებს მზერა მიაპყრო, თქვა, რომ ეს კარავი არაა ისე შექმნილი, როგორც ძველაღთქმისეული კარავი. ზოგადად კი იგი შედარებებს იშველიებს და აჩვენებს ქრისტესეულის უპირატესობას. ის მაცხოვრის სხეულს კარავსაც უწოდებს, რამდენადაც მასში მხოლოდშობილი მყოფობს, მას უწოდებს კრეტსაბმელსაც (ებრ. 10:20), რადგან იგი ღმრთეებრიობას ფარავდა. ეს სახელები ცასაც მიემართება. ის კარავია იმიტომ, რომ იქ მღვდელმთავარი მყოფობს, ხოლო კრეტსაბმელია იმის გამო, რომ მისით წმინდანები ჩვენგან დაფარულნი არიან.

12.კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით.

აი, ყველაფერი შეიცვალა,  შეიცვალა იმდენად, რამდენადაც უფლის სისხლი აღემატება ცხოველთა სისხლს, რომლითაც საკურთხეველში უწინ  მღვდელმთავარი შედიოდა.

ერთხელ შევიდა საწმიდარში ანუ ზეცაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. ეს ნიშნავს, რომ დროებით კი არ განგვწმიდა, როგორც ისინი აკეთებდნენ, არამედ კაცთა სულები საუკუნოდ გაათავისუფლა ცოდვებისგან; ან: ერთხელ შესულმა, სულ ერთი შესვლით, აღასრულა ჩვენთვის საუკუნო სიქველე. ყურადღება მიაქციე გამოთქმასაც: „მოგვიპოვა“. ეს გამოთქმა ისეა გამოყენებული, თითქოს ზემოსალოდნელი ამბავი მოხდა, რადგან ჩვენი გათავისუფლება ჩვენთვის საეჭვო იყო,  მან კი ის მოგვიპოვა.

13.ვინაიდან ბევრს, შესაძლოა, შეუძლებლად მოსჩვენებოდა, რომ ერთი მსხვერპლით და ერთი სისხლით საუკუნო გამოსყიდვა გვებოძა, ამიტომ მოციქული ამას ამტკიცებს და აჩვენებს თვით იუდეველების რწმენის საფუძველზე. თუკი თქვენ, – ეუბნება მათ, – გწამთ, რომ სული იწმინდება ვაცის სისხლის პკურებით, ასევე, წყალთან შერეული ფერფლით, რადგან ფერფლს გასაწმენდად ინახავდნენ, მაშინ ნუთუ ქრისტეს სისხლს არ ძალუძს სულების განწმედა? ყურადღება მიაქციე მოციქულის სიბრძნეს: არ უთქვამს, რომ ვაცის სისხლი ასუფთავებდა, არამედ თქვა: წმენდდა; წმენდდა არა რჯულის სადიდებლად, არამედ იმის შესასრულებლად, რაც მას სურდა. თუ თქვენ გწამთ, – ეუბნება ის მათ, – რომ ვაცის სისხლი წმენდდა, მაშინ იმისი უფრო უნდა გწამდეთ, რომ ქრისტეს სისხლი განგვწმენდს. ხოლო ეს რომ იმიტომ არ უთქვამს, რომ ძველი რჯულის მიმართ გაეზარდა იუდეველების რწმენა, ნახე, დასძინარათა წმინდა იყოს ხორცი, რამეთუ ეს განწმედა სულისთვის კი არა, ხორცისთვის იყო.

14.რამდენად უფრო სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს.

რომელიმე მღვდელმთავარს კი არ შეუწირავს ქრისტე მსხვერპლად, არამედ მან თავად საკუთარი თავი შესწირა,  შესწირა არა ცეცხლის საშუალებით, როგორც ზვარაკს სწირავდნენ, არამედ – მარადიული სულით; ამიტომაცაა მარადიული ჩვენთვის მადლიც და გამოსყიდვაც. ის იყოუბიწო, ანუ უცოდველი, რადგან ძველ აღთქმაშიც იყო ზვარაკის უბიწობის მოთხოვნა.

განწმედს თქვენს სინდისს მკვდარ საქმეთაგან.

იქაც თქვა: განწმედს, მაგრამ დაურთო: რათა წმინდა იყოს ხორცი; აქ კი გამოთქმით – „განწმედს“, მან პირდაპირ უპირატესობა აჩვენა, რადგან დასძინა, რომ განწმედს სინდისს, ანუ შინაგან კაცს, რაც იქ არ ხდებოდა. მართალია,მსხვერპლშეწირვის გზით იქაც იწმინდებოდა მკვდარ სხეულთან შეხებით შებილწული კაცი, აქ კი ის იწმინდება მკვდარ საქმეთაგან, რომლებსაც ნამდვილად ძალუძს შებილწვა და ღმერთისგან მოწყვეტა.

ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის.

ცხადია, რომ მკვდარი საქმეების ზიარი არ ემსახურება ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს, არამედ საკუთარი ნებით არჩეულ საქმეებს აღმერთებს. ასე აღმერთებს ნაყროვანი სტომაქს; ანგარებისმოყვარე ხდება კერპთაყვანისმცემელი. ამგვარი საქმეები მკვდარია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მარადიული ცხოვრებისათვის უცხოა, არამედ იმიტომაც, რომ ისინი მათი შესრულების დროსაც საზიზღარი და ცრუა, რადგან გვაცდუნებს, და თუმცა სასიამოვნოდ გვეჩვენება, სინამდვილეში სრულებითაც არ არის ასეთი.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

წმინდა სახარება წმინდა მარკოზ მახარებელისაგან საკითხავი – 10:32-45

32 როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. კვლავ მოიხმო თორმეტი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას: 32 და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინაუძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა,
33 აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, მიუსჯიან მას სიკვდილს და მისცემენ წარმართთ. 33 ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა;
34 შეურაცხყოფენ, სცემენ, აფურთხებენ და მოკლავენ; მესამე დღეს კი აღდგება იგი. 34 და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.
35 მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენიიაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ. 35 და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ.
36 იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ? 36 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ?
37 მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ. 37 ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.
38 მაგრამ იესომ მათ უპასუხა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ? 38 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალგიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლისღებასა, რომელსა მე ნათელვიღებ, ნათლისღებად?
39 მათ თქვეს: შეგვიძლია. ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. 39 ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალგჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლისღებაჲ, რომელი მე ნათელვიღო, ნათელიღოთ.
40 მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინმარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს. 40 ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს.
41 ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ. 41 და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა.
42 ხოლო იესომ მოიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნიძალადობით განაგებენმათ. 42 ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნიიგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდდიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?
43 ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური. 43 ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;
44 და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა. 44 და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა.
45 რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად. 45 და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.

32-34.მართალია, ღმერთკაცმა იესომ მანამდეც უწინასწარმეტყველა თავის მოწაფეებს საკუთარი სიკვდილისა და აღდგომის თაობაზე, – ამას მოწმობენ როგორც მარკოზ, ისე მათე და ლუკა მახარებლებიც, მაგრამ  იერუსალიმის გზაზე მან კვლავ გაიხმო განცალკევებით თორმეტი მოწაფე და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას, კერძოდ: ტანჯვა, სიკვდილი და შემდეგ მკვდრეთით აღდგომა. ეს თორმეტი მოწაფე ქრისტემ იმიტომ გამოაცალკევა, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ მზად ესოდენ დიდი და უმაღლესი საიდუმლოებების მოსასმენად; უფალმა წინასწარმეტყველების გზით დაარწმუნა ისინი, რომ ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი  და ნებაყოფლობით სწირავდა თავის ყოვლადწმიდა სხეულს სატანჯველად. ეს ამბავი მათთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, მოწაფეები სულით არ უნდა შეშფოთებულიყვნენ და უნუგეშო მწუხარებას არ უნდა მისცემოდნენ. ამ საუბრის მიზანი ისიც იყო, რომ მოძღვარს მათ გულებში თავისი მკვდრეთით აღდგომის იმედი ჩაენერგა და ამით მწუხარების სიმწარე განექარვებინა.

შეხედე, როგორი მოკლე სიტყვებით იუწყება წინასწარ თავის ვნებას, სიკვდილსა და აღდგომას: ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

ნახე, რა საოცარია ეს წინასწარმეტყველება, როგორი სიზუსტით აღსრულდა მისი ნათქვამი! აჰა, ავდივართ იერუსალიმში, – ამბობს უფალი, – სადაც ჩემთვის სატანჯველებია მომზადებული, და ძე კაცისა მიეცემა ხელთ მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს. ეს მართლაც ასე მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მისი თორმეტთაგანი მოწაფე, კერძოდ, იუდა, ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან მივიდა და უთხრა: „რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ(მთ. 26:14-16). ამის შემდეგ კი, როცა ხელსაყრელი დრო იპოვა, მან ამბორით გასცა თავისი მოძღვარი და სინედრიონს ჩაუგდო ხელში. ძე კაცისას მიუსჯიან სიკვდილს, – იწინასწარმეტყველა უფალმა და ასეც აღსრულდა, როდესაც მღვდელმთავრებმა, უხუცესებმა და მთელმა დასმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ სიკვდილის ღირსია იგი (მთ. 26:66). ძე კაცისას გადასცემენ წარმართებს. პონტიელი პილატე და მისი ჯარისკაცები ხომ წარმართები იყვნენ. მაცხოვრის ეს სიტყვებიც ახდა, როდესაც „შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს პონტიელსა პილატეს მთავარსა“ (მთ. 27:2).შეურაცხყოფენ, სცემენ და აფურთხებენ, – წინასწარ ამბობს უფალი. ესეც ასრულდა, როცა პილატემ თავის ჯარისკაცებს გადასცა იესო (მთ. 27:28-30). მოკლავენ; მესამე დღეს კი აღდგება იგი, წინასწარ იუწყება ქრისტე საკუთარ თავზე. მისი სიკვდილი გოლგოთაზე ვიხილეთ (მთ. 27:50), ხოლო აღდგომა თავად მახარებლებმა დაამოწმეს, რომლებსაც არაერთხელ გამოეცხადათ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე.

35-37. როდესაც უფალმა თავის მოწაფეებს უახლოესი მომავლის შესახებ აუწყა, ამის შემდეგ ,,მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენიზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ“.  რატომ წერს მათე მახარებელი, რომ მათთან ერთად მათი დედაც მიეახლა უფალს, „თაყუანისსცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან“ (მთ. 20:20), როცა მარკოზი დედის შესახებ არაფერს წერს? მარკოზი ზებედეს ძეთა დედას იმიტომ არ ახსენებს, რომ უფლის პასუხი: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალგიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად?“ (მარკ. 10:38) მხოლოდ მათ ეხებოდათ – იაკობსა და იოანეს, რასაც მათეც ადასტურებს (20:22). გარდა ამისა, თუნდაც ეს სიტყვები დედას ეთქვა და არა შვილებს, მაინც რჩევით იყო ნათქვამი, ამიტომ კეთილმეტყველმა მარკოზმა, რაკი მოკლე სიტყვის მოყვარულია, არაფერი თქვა დედის შესახებ და მხოლოდ მისი შვილები ახსენა, რომლებიც თხოვნით მივიდნენ ქრისტესთან, თუმცა მან, როგორც გულთამხილველმა, წინასწარ იცოდა მათი სურვილი; ხოლო დედასთან ერთად იმიტომ მივიდნენ, რომ ჯერ ერთი, რცხვენოდათ, პირველობა ეთხოვათ მისგან, მეორეც, იმედოვნებდნენ, რომ დედის შუამდგომლობას უფალი დაუკმაყოფილებლად არ დატოვებდა. და მაინც, რატომ ითხოვდა ეს ორი მოციქული იესო ქრისტესგან პირველობას? საქმე ისაა, რომ როდესაც  სასუფევლის შესახებ მისი საუბარი მოისმინეს და გაიგონეს, რომ ქრისტეს მიმდევრები თორმეტ ტახტზე დასხდებოდნენ, ჩათვალეს, რომ ლაპარაკი მიწიერ სამეფოს ეხებოდა, რომ იგი ჯერ თავის სამეფო ტახტს დაიკავებდა და შემდეგ გადახდებოდა თავს ის განსაცდელები, რაზეც ისაუბრა. ამიტომ ითხოვდნენ ადგილებს მისგან მარჯვნივ და მარცხნივ.

მღვდელმთავარი ნიკიფორე (თეოტოკისი) (1731-1800)

  1. რას ნიშნავს უფლის სიტყვებიძალგიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლისღებასა, რომელსა მე ნათელვიღებ, ნათლისღებად? რა განსხვავებაა სასმისსა და ნათლისღებას შორის?

უფლისმიერი ნათლისღება არის ჩვენი ნებაყოფლობითი ღვაწლის სახე სათნოებების მოსახვეჭად, რომელიც  სულის შინაგანი მიდრეკილებით ვლინდება. ამ ღვაწლის საშუალებით ჩვენი სინდისი ბიწისგან განიბანება, რის შემდეგაც ნებაყოფლობით ვაკვდინებთ გულისთქმებს მიწიერ საგნებთან მიმართებით. უფლისმიერი სასმისი კი – ეს არის განსაცდელების სახე, რომლებიც ჭეშმარიტებისაკენ სავალ გზაზე გარეგანი გარემოებების სახით ჩვენს თავზე მოიწევა, მოიწევა ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად, და მათ კი არ გავურბივართ, არამედ ვეგებებით; ამ განსაცდელების გამოვლითა და ჩვენი ბუნებისათვის დამახასიათებელი ღვთაებრივი სიყვარულით კი თავისთავად ვმაღლდებით ბუნებისეულ სიკვდილზე.

ასეთია განსხვავება ნათლისღებასა და სასმისს შორის: ნათლისღების გზით  ხორციელი ცხოვრების სიამეებთან მიმართებით ჩვენი გულისთქმები (სურვილები) კვდება, რათა სათნოებებში წარვემატოთ;  სასმისი კი კეთილმსახურ მოღვაწეს არწმუნებს, რომ ჭეშმარიტება საკუთარ ბუნებით მოთხოვნილებებზე წინ უნდა დააყენოს. უფლის სიტყვებში სასმისი ნათლისღების წინ დგას, ვინიდან სათნოებაა ჭეშმარიტებისთვის, და არა – ჭეშმარიტება სათნოებისთვის. ამიტომ ვინც ჭეშმარიტების გამო სათნოებებს მოიმუშაკებს, ის არ იწყვლება პატივმოყვარეობის გესლით, ხოლო ვინც სათნოებების გამო ეძებს ჭეშმარიტებას, მის გვერდით   პატივმოყვარეობა და თვითდაჯერებულობა მკვიდრობს.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

39-40. მას შემდეგ, რაც იაკობმა და იოანემ გაიგეს, რომ ადგილი, რომლის მოპოვებაც მათ სურდათ, ღვაწლით უნდა შეეძინათ, უფალმა თავისი სიტყვა შემდეგნაირად განავრცო: „თუკი თქვენ მიხვდით, რომ თქვენთვის სასურველი ადგილი საქმეებით მიიღწევა, მაშინ ცხადია, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ადვილად მოიძებნებიან ისეთნი, რომლებიც თქვენზე მეტად იღვაწებენ ან უკვე მოღვაწეობენ, და ვინც ყველა სხვა ადამიანზე აღმატებული იქნება თავისი ღაწლით და მამის სამსჯავროზე გამორჩეული აღმოჩნდება, სწორედ მისთვისაა ეს ადგილი განკუთვნილი“. ამგვარად, რაკი ისინი მიეახლნენ უფალს იმ გაზრახვით, რომ მის გვერდით დამსხდარიყვნენ არა თავიანთი ღვაწლით, არამედ გამორჩევის გზით,  უფალმა განირიდა ისინი და რომ არ დაემწუხრებინა, უთხრა, რომ ეს მას არ ხელეწიფებოდა, როგორც იქ თქვა: „იმ ჟამის შესახებ არავინ იცის“ (შდრ. 24:36). „თქვენთვის, – ეუბნება ის, – არ არის მოცემული ჟამისა და ვადების ცოდნა“ (შდრ. საქ. 1:7). ამრიგად, ზებედეს ძეთა სათხოვარით უფალმა თავის მოწაფეებს შესთავაზა გვირგვინი, რომლითაც იმკობა მისთვის წარმოებულ ომში თავდადებული, უმამაცესი მხედარი. „გამოიკვლევს, – ეუბნება, – გულის ზრახვებს, და თითოეულს შეესხმება ქება ღვთის მიერ“ (შდრ. 1 კორ. 4:5).

ღირსი ეფრემ ასური

  1. პირდაპირ გასაოცარი რამაა: იაკობი და იოანე იესო ქრისტეს სასუფეველს მიწიერად იაზრებენ! როდესაც უფალი თავის ვნებებზე, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე საუბრობდა, ისინი მას მიეახლნენ და უპირატესობა და პირველი ადგილები სთხოვეს, სხვა ათი მოციქული კი ამის გაგონებაზე განრისხდა. ხედავ, მოციქულები, ეს რჩეული ჭურჭელნი, ისინი, ვინც ღმერთმა წუთისოფელში სხვათაგან გამოარჩია, ავლენენ უმეცრებას, დიდებისმოყვარეობას, მრისხანებას! ეს სრულებითაც არ არის გასაკვირი: ისინი, ძირითად, მეთევზურნი იყვნენ – უწიგნურნი და მდაბიონი. შესაბამისად, ვერც მათი გონება სწვდებოდა  უმაღლეს, ზეციურ დოგმატებს და არც მათი გულისთვის იყო უცხო კაცობრივი ვნებები (შდრ. საქ. 4:13). სწორედ ასეთები გამოირჩია ღმერთმა სახარების საქადაგებლად, რათა არ იქადოს ადამიანმა სარწმუნოების ქადაგებით სოფლის მონადირება (შდრ. 1 კორ. 1:29). ასეთები ისინი ბუნებითად იყვნენ, მაგრამ ღმერთკაცმა თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ,  განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმისყოფად წიგნთა“(ლკ. 24:45) მეერგასე დღეს ისინი აღივსნენ  სულიწმიდით. ამიტომაც ამეტყველდნენ უცხო ენებზე და წინასწარმეტყველებდნენ (საქ. 2:4) და ღვთაებრივი მადლით აღვსილნი გახდნენ უბრძნესნი, უკეთილმსახურესნი და უსრულყოფილესნი.

ახლა კი მოვისმინოთ ზეციერი ღმერთკაცის შეგონებანი.

42-43.უწყითა, რამეთუ რომელნიიგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდდიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო არ აეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ.

ხედავ, როგორ ბრძნულად და მშვიდად ამხილებს და ასწავლის უფალი თავის მოწაფეებს და გონებით აჰყავს ისინი მიწიდან ცაზე; აჩვენებს, რომ წარმართული, ანუ ამსოფლიური მონების საქმენი მისი მოწაფეების საქმეთა საპირისპიროა. ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი, – ეუბნება, – მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ. ხოლო თქვენ შორის, ანუ ჩემს მოწაფეთა შორის ნუ იქნება ასე, თქვენ არა ხართ სოფლისანნი, თქვენ ზეცისანნი ხართ, ამიტომ არ  უნდა იცხოვროთ მათნაირად, არამედ რომელ თქვენგანსაც სურს, რომ დიდი იყოს,  დაე, ის თქვენი მსახური გახდეს, და ვისაც პირველობა უნდა, დაე, ყველას მონა იყოს. მაგრამ რატომ ამაღლებს მსახურება და მონობა ადამიანს? იმიტომ, რომ ვინც სხვათა მსახური და მონაა, იგი სიმდაბლის სათნოებას ფლობს. სიმდაბლე კი ადამიანს სხვათა წინაშე ამაღლებს, უპირატესად ჰყოფს და ჭეშმარიტ და მარადიულ წინამჯდომელობას ანიჭებს: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“ (ლკ. 14:11) და „უფალი… მდაბალთა მოსცის მადლი“(იგავ. 3:34). სწორედ აქ ამ ზეციურ სწავლებას ნერგავს უფალი თავის მოწაფეთა გულებში და მისაბაძ მაგალითად საკუთარ თავს წარმოუდგენს (მუხ. 45).

მღვდელთმთავარი ნიკიფორე (თეოტოკისი)

44.უფალმა გაუქმა წყევლა (შდრ. გალ. 3:10-13), დათრგუნა სიკვდილი (შდრ. 1 კორ. 15:55-57; 2 ტიმ. 1:10), გააღო სამოთხის კარი (შდრ. ლკ. 23:43; 2 კორ. 12:4); განაქარვა ცოდვა, გახსნა ბჭენი ცისანი, კეთილმსახურებით აავსო ქვეყნიერება, განაძევა ცდომილება, დააბრუნა ჭეშმარიტება, ცად,  სამეუფეო ტახტზე აიყვანა ჩვენი დასაბამი (შდრ. 1 კორ. 15:20), ქმნა მრავალი სიკეთე, რომელთა წარმოჩენა ვერც მე, ვერც სხვამ   სიტყვებით ვერ შეძლო (შდრ. ინ. 21:25). სანამ თავს დაიმცირებდა, მას მხოლოდ ანგელოზები იცნობდნენ; ხოლო როცა დამდაბლდა, იგი მთელმა კაცობრივმა ბუნებამ გაიცნო. შეხედე: მის სიმდაბლეს ის არ დაუკნინებია, პირიქით, უამრავი მონაპოვარი შესძინა, უამრავი მიღწევები მოიტანა და მისი დიდება კიდევ უფრო გამოაბრწყინა (ფილიპ. 2:6-11). და რაკი სიმდაბლე ღმერთთანაც მისადაგებელია, რომელიც არაფერს საჭიროებს,  ის ისეთი სიკეთე აღმოჩნდა, რომელმაც მას კიდევ უფრო მეტი მსახური შესძინა და სასუფეველი გაუფართოვა, მაშინ შენ რატომღა გეშინია, რომ არ დამცირდე სიმდაბლის გამო?

წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

  1. ჩემთვის სასარგებლოა ვიცოდე, რომ ქრისტემ ჩემ გამო იტვირთა ჩემი უძლურებანი (შდრ. ეს. 53:4; მთ. 8:17), საკუთარ თავზე აიღო ჩემი სხეულის ტანჯვა; ჩემთვის და ე. ი. ნებისმიერი ადამიანის სიყვარულისთვის ის ცოდვის მსხვერპლი გახდა (შდრ. 2 კორ. 5:21), ჩემ გამო ცილი დასწამეს (შდრ. გალ. 3:13),ჩემთვის და ჩემში დამცირდა და დამორჩილდა (შდრ. 9:24-28); ჩემ გამო გახდა ტარიგი (შდრ. ინ. 1:29, 36); ვენახი (შდრ. ინ. 15:1-5); კლდე (შდრ. 1 კორ. 10:4); მონა (შდრ. ეს. 53:11; ფილიპ. 2:7); მხევლის ძე (შდრ. ლკ. 1:38); სამსჯავროს დღის უცოდნელი; ჩემ გამოხდა ის, ვინც არ იცის არც დღე, არც ჟამი (შდრ. მთ. 24:36; მარკ. 13:32).

წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი მედიოლანელი