საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბზობის დღესასწაულზე საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

31 მარტი
bzobis-dghesaswaulze-sakitxavi-saxarebisa-da

 19 მარტი (1 აპრილი), 2018

ბაიაობის (ბზობის) კვირიაკე

დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩენისა იესო ქრისტესი

წირვაზე – ფლპ. 4:4-9; ინ. 12:1-18.

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის

ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ – 4:4-9

 

 

4 მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ. 4 გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ.
5 სიმდაბლე თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი. 5 სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს.
6 ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ყოველთვის ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს. 6 ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ,
7 და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში. 7 და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.
8 დაბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმინდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ. 8 ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.
9 რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან. 9 რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.

 

 

  1. მარადჟამ იხარეთ უფალში. მაშ როგორ ამბობს უფალი: ნეტარ არიან მგლოვიარენი (მთ. 5:4)? საქმე ისაა, რომ ამგვარი ტირილი სიხარულია. უბრალოდ გიხაროდენ კი არ უთქვამს, არამედ – გაიხარე უფალში. ვინც უფალთანაა, ის ყოველთვის ხარობს, თუნდაც მას აწამებდნენ და ტანჯავდნენ: ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ (საქ. 5:41).

     და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ. რადგანაც შექმნილი მდგომარეობა მათში მწუხარებას იწვევდა, ამიტომ იგი სიტყვის გამეორებით აჩვენებს, რომ ყოველთვის სიხარული მართებთ.

  1. სიმდაბლე თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. ვინაიდან პავლემ ზემოთ განიკითხა ისინი, ვინ ჯვარს მტრობდნენ, ახლა უკვე ფილიპელებს ეუბნება, რომ მათ მტრულად არ უნდა მოექცნენ.

     უკვე ახლოა უფალი. თქვენ გშურთ მათი, ვინც განცხრომაშია და შეურაცხგყოფენ, ამიტომაც წუხხართ. არაფერი გაქვთ სამწუხარო – უფალი ახლოსაა, სამსჯავრო დაიწყო.   

  1. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი. ნუ დარდობთ იმაზე, რომ წყენას გაყენებენ, გატყუებენ, გავიწროვებენ; გულს ნუ გაიტეხთ შეჭირვებული მდგომარეობის გამო. ისინი ყველაფრისთვის უფლის წინაშე აგებენ პასუხს, თქვენ კი განსვენებას ჰპოვებთ.

     არამედ ყოველთვის  ლოცვავედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს. აი, ნუგეშიც: გამუდმებით ილოცე, – რა მდგომარეობაშიც უნდა იყო, –თანაც მადლიერებით, რადგან როგორ შეიძლება მომავლისთვის რამე ითხოვო, თუ უკვე მიღებული სიკეთეებისთვის მადლიერების გრძნობას არ ამჟღავნებ?! ამდენად, ყველაფრისთვის, თუნდაც რამე უბედურებად მოგეჩვენოს, მადლობა უნდა აღუვლინო ღმერთს. ეს იმიტომ, რომ სიკეთისთვის მადლიერებას თვით ბუნება ითხოვს შენი, ხოლო უბედურებისთვის მადლიერება, ეს უკვე კეთილმოაზროვნე სულის ვალია. ასეთი სახის ლოცვები ჩვენს სურვილებს ღვთის წინაშე წარადგენს. სხვაგვარად აღსრულებულ ლოცვებს კი უფალი არ იწყნარებს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

    

  1. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც იესო ქრისტეში. აი, ჯილდო მდაბალ ადამიანთათვის, რომლებსაც არავითარი საზრუნავი არ აურვებთ და ყველანაირ მდგომარეობაში მადლიერებით ლოცულობენ ღვთის მიმართ და შეწევნასა და გამოსარჩლებას ითხოვენ მისგან. უფლისგან მონიჭებული მშვიდობა ჯილდოა, ის იცავს გულს და გონებას იესო ქრისტეს მადლით: გულს – ბოროტი სურვილებისგან, გონებას – უსირცხვილო აზრებისგან. რა არის ეს – „ყველა გონებაზე აღმატებული მშვიდობა“? ეს ის მშვიდობაა, რომელსაც უფალი ანიჭებს ყველა იმ მოღვაწეს, ვინც თავისი საზრუნავი მას მიანდო და მისგან ითხოვს ყოველივე აუცილებელს. მის მშვიდობას არა აქვს საზღვარი (ეს. 9:6), ხოლო რაც უსაზღვროა, ის ყველა გონებისთვის მიუწვდომელია. ასეთი მშვიდობა აწყნარებს კეთილისმოყვარე ადამიანებში ვნებებისგან აღშფოთებულ გულსა და აზრებს. აქ შეიძლება თავად ღმერთიც ვიგულისხმოთ. ესაია წინასწარმეტყველის მიხედვით, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი (9:5), რადგან ის უძლეველი მცველია და თავისი მონების გულსა და გონებას იცავს ხორციელი ვნებებისგან, სოფლის ამოებისა და დემონური ხიბლისგან.

8-9. ზემოთ მცნებად მოგვცა სიმდაბლე და ლოცვა, ახლა კი სხვა სათნოებებისთვისაც აღგვძრავს, თუმცა ყველას არ ჩამოთვლის, ზოგადად გვეუბნება: რაც კი რამ ჭეშმარიტია, ანუ წმინდაა ყოველგვარი სიცრუისგან, ცბიერებისგან, მზაკვრობისგან; პატიოსანიაგანშორებულია უსირცხვილობას, თავხედობას, ღვთის მოშიშებას; რაც მართალია – განწმედილია ყოველგვარი უსამართლობისგან; წმინდაა – უბიწო და შეუბღალავია ხორციელი ვნებებისა და სოფლის სიამეებისგან; რაც საყვარელია – სათნოა ღმერთისთვის; და საქებარი   ჭეშმარიტად ქების, პატივისა და დიდების ღირსი;  სათნო და ქებულირაც კი რამ არის სხვა სათნოება და ქების ღირსი სხვა საქმეებიიმაზე იფიქრეთ, გონებაში იქონიეთ, იმსჯელეთ.

ბოლოს, ეპისტოლის ადრესატებს შეახსენებს, რომ ყოველივე ეს მათთვის უცხო არ არის და მოკლედ ეუბნება: რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი  მშვიდობისა იქნება თქვენთან.

გისწავლიათ, – ეუბნება, – მიგიღიათ და გიხილავთ, და იცით, თუ რომელია ღვთისათვის სათნო საქმეები, თანაც მრავლად გიხილავთ ისინი ჩემს მაგალითზე, როცა თქვენთან ვიყავი. ასე რომ, თქვენც იგივე აღასრულეთ. საგულისხმოა: ზემოთ თქვა: „იმაზე იფიქრეთ“, რითაც გონებით სახილველ სათნოებებზე მიაქცია მათი ყურადღება, რადგან ჩვენ გონებით ვფიქრობთ და ვხედავთ სილამაზეს, პატიოსნებას, სიწმინდეს და სათნოებათათვის მისაგებელს. ხოლო, რადგანაც გონებით სახილველი და ქმედითი სათნოებების ერთობლიობისგან შედგება სრულყოფილი სათნოება, ამიტომ ორი სახით გვამცნო ისინი და მათში წარმატებების მისაღწევად აღგვითქვა: ღმერთი  მშვიდობისა იქნება თქვენთან.

მღვდელმთავარი ნიკიფორე თეოტოკისი

 

 

 

 

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა იოანე მახარებელისაგან საკითხავი – 12:1-18

  

                                                   

1 პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. 1 ხოლო იესუ უწინარეს ექუსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით.
2 იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო. 2 და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა.
3 ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 3 ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა.
4 მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 4 თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი:
5 რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 5 რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?
6 ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 6 ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ.
7 იესომ უთხრა: აცადე; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 7 და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე.
8 ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 8 რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
9 იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. 9 აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუჲსთჳს, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით.
10 ხოლო მღვდელმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც. 10 ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ, რაჲთა ლაზარეცა მოკლან.
11 ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს. 11 რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთჳს მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუჲსსა.
12 მეორე დღეს დღესასწაულზე მოსუღმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო, 12 ხვალისაგან ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ,
13 აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა! 13 მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!
14 იესომ კი იპოვა ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: 14 და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:
15 ნუ გეშინია, ასულო სიონისაო! აჰა, მოდის შენი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი! 15 ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა.
16 მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას. 16 ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეჴსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას.
17 მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი. 17 და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით,
18 ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული. 18 ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ.

     1-8. აი, მტკიცებულება ლაზარეს უეჭველი აღდგინებისა: გავიდა მრავალი დღე და ის ცოცხალია და ტრაპეზობს. აქედან ისიც ჩანს, რომ სერობა მართას სახლში გაიმართა და რომ მასპინძლები უფალს ხვდებიან, როგორც მისი მეგობრები და საყვარელი ადამიანები. თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ ეს შეხვედრა სხვის სახლში შედგა. მარიამი ვახშამზე კი არ მსახურობდა, არამედ მოწაფეობდა. კვლავ და აქაც მარიამი უფრო სულიერი კუთხით  გვევლინება; ის არავის ემსახურება, მხოლოდ ერთს მიაგებს პატივს,   მიაგებს პატივს როგორც ღმერთს და არა  როგორც  ადამიანს. ამიტომ სცხო ფეხებზე წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი და შემდეგ თავისი თმით შეუმშრალა. ეს აჩვენებს, რომ მის შესახებ სხვებისგან განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა. ამ დროს იუდა მას მოჩვენებითი კეთილმსახურებით საყვედურობს. როგორია ამაზე ქრისტეს რეაქცია? აცადეო, – ეუბნება, – კეთილ საქმეს აკეთებს ჩემი დამარხვისთვის (მუხ. 7). რატომ არ ამხილა აქ უფალმა თავისი მოწაფე და რატომ არ უთხრა ის სიტყვები, რასაც მახარებელი ამბობს: „იმიტომ კი არ უსაყვედურა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ მპარავი იყო“. უფალს სურდა, სულგრძელებით შეეძრა მისი გული. მან, რა თქმა უნდა, იცოდა იუდა რომ გამცემი იყო და მანამდე არაერთხელ ამხილა კიდეც: ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი; განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია(ინ. 6:64, 70). ამით მან აჩვენა, რომ იცნობს მას, როგორც გამცემს, მაგრამ ცხადად არ ამხილა, სულგრძელება გამოიჩინა და დაინდო, – ეგებ გონს მოეგოსო. მაშ, რატომ ამბობენ სხვა მახარებლები, რომ საყვედური სხვა მოწაფეებმაც გამოთქვეს (მარკ. 14:4)? მართალია, გამოთქვეს სხვებმაც, მაგრამ იუდასგან განსხვავებით, ისინი სხვა მოსაზრებით საყვედურობდნენ.

     თუ ვინმე იკითხავს, რატომ ჩააბარა ქრისტემ მას ყულაბა და ასეთი ვერცხლისმოყვარე და მპარავი გლახაკების ფულის განმკარგველად რატომ დაადგინაო, ვუპასუხებ, რომ ეს იდუმალი მიზეზი ღმერთმა უწყის. თუკი ჩვენ რაიმეს თქმა გვმართებს საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით, მაშინ ეს მხოლოდ იმისთვის, რომ იუდას ჩამოერთვას თავის მართლების ყოველგვარი შესაძლებლობა. სინამდვილეში მას არ შეეძლო, ეთქვა, რომ ქრისტე ფულის სიყვარულის გამო გასცა, რადგან ამ ვნების დაკმაყოფილება ამის გარეშეც თავისუფლად ხელეწიფებოდა, რამეთუ საერთო ყულაბა მის ხელში იყო; არა, მან ეს გააკეთა უაღრესი უწმინდურობის მიზეზით, რომლის ალაგმვასაც ქრისტე ცდილობდა თავისი კაცთმოყვარეობითა და მიმტევებლობით. ამიტომ არ ამხელდა მას ფულის მოპარვაში, თუმცა იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ამ გზით ცდილობდა ჩაეკლა მისი ბოროტი სურვილი და არ მიეცა თავის მართლების საშუალება.

     აცადე; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. როცა უფალი დამარხვას ახსენებს, ამით კვლავ გამცემზე მიანიშნებს. მაგრამ იუდა მხილებამ ვერ შეძრა, ამ სიტყვებმა გული ვერ მოულბო, თუმცა შეეძლო მასში თანაგრძნობა გამოეწვია. ის თითქოსდა ასე ამბობს: მე შენთვის უსიამოვნო და აუტანელი ვარ? მოიცადე ცოტა ხანიც და წავალ. ის ამ აზრამდე მიჰყავს შემდეგი სიტყვებით: ყოველთვის როდი გეყოლებით.  მაგრამ ვერც ამან მოდრიკა მხეცის მსგავსი ზნის მქონე ადამიანი. თუმცა უფალმა ამაზე გაცილებით მეტი თქვა და გააკეთა: იმ საღამოს ფეხები დაბანა, ტრაპეზის მონაწილე გახადა, რაც ავაზაკის სულსაც კი გარდაქმნიდა. ბევრი ისეთი რამ უთხრა, ქვასაც რომ მოალბობდა, და ეს ყველაფერი იმავე დღეს აღასრულა და არა დიდი ხნით ადრე, რომ არ დავიწყებოდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, იუდა მაინც არ შედრკა.

     9-11. როგორც სიმდიდრე, ჩვეულებრივ, გაუფრთხილებელ ადამიანებს ღუპავს, ზუსტად ასევეა ხელისუფლებაც. პირველს ადამიანი ვერცხლისმოყვარეობამდე მიჰყავს, მეორეს – უგნურებამდე.  აი, შეხედე: იუდეველ ხალხთაგან დაქვემდებარებულნი ჯანსაღად აზროვნებენ, მთავრები კი მიკერძოებულად. უბრალო ხალხს რომ ქრისტესი სწამდა, ამაზე მახარებლები ხშირად ლაპარაკობენ: ხალხში მრავალმა იწამა იგი (ინ. 7:31); მთავრებმა კი არ იწამეს და ამას თავადვე ამბობდნენ: ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი?“ (ინ. 7:48), არამედ „ხალხმა“, რომელმაც არ იცის ღმერთი, „დაწყევლილია“ (ინ. 7:49). მორწმუნეებს დაწყევლილებს ეძახდნენ, ხოლო საკუთარ თავს – მკვლელებს – კეთილგონიერებს. ახლაც ასე მოხდა, ხალხმა სასწაული იხილა და ბევრმა ირწმუნა, მთავრები კი არ დაკმაყოფილდნენ საკუთარი ბოროტმოქმედებით და ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს. კარგი, დავუშვათ, ქრისტეს სიკვდილი იმიტომ გინდოდათ, რომ შაბათს არღვევდა, თავის თავს მამის სწორად აცხადებდა,  გინდოდათ, დაგესაჯათ  რომაელთა გამო, – როგორც ამბობთ, მაგრამ ლაზარეს რაში ადანაშაულებთ? რისთვის უპირებთ მოკვლას? ნუთუ იმაშია დამნაშავე, რომ მადლი და წყალობა მიიღო? ხედავ, რამდენად არიან ისინი მკვლელობისკენ მიდრეკილნი? მრავალი სასწაული აღასრულა ქრისტემ, მაგრამ არცერთ მათგანს ასე არ გაუღიზიანებია და გაუსასტიკებია ისინი – არც განრღვეულის, არც ბრმადშობილის განკურნებას. ეს იმიტომ, რომ ლაზარეზე აღსრულებული სასწაული თვით თავისი ბუნებით იყო საკვირველი, და აღსრულდა მრავალი სასწაულის შემდეგ. მართლაც შემაძრწუნებელი იყო ოთხი დღის მკვდრის  ხილვა, რომელიც მათ წინ  დადიოდა და ლაპარაკობდა! რა მშვენიერი საქმეა, სადღესასწაულო ზეიმს მკვლელობა დაურთო! თანაც წინა შემთხვევებში ისინი ფიქრობდნენ, ქრისტე დაედანაშაულებინათ შაბათის დარღვევაში და ამით მისგან ხალხი ჩამოეშორებინათ; აქ კი მას ვერაფერში სდებდნენ ბრალს, ამიტომ ბოროტებას მის მიერ მკვდრეთით აღდგენილის წინააღმდეგ განიზრახავენ. აქ იმის თქმაც კი არ შეუძლიათ, რომ იგი თითქოს მამას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი ლოცვა მათ ადუმებდა. და ვინაიდან ბრალდების მუდმივი საბაბი ახლა მათ უკვე წართმეული ჰქონდათ, ხოლო სასწაული აშკარა იყო, ამიტომ ისინი მკვლელობაზე ფიქრობენ. რა თქმა უნდა, იმავეს გააკეთებდნენ ბრმადშობილის შემთხვევაშიც, რომ არ ჰქონოდათ იესოს მხრიდან შაბათის დარღვევის საბაბი. გარდა ამისა, ბრმადშობილი მდაბიოთაგანი იყო და ის უბრალოდ ტაძრიდან გააძავეს; ლაზარე კი ცნობილი ადამიანი იყო, რაც იქიდან ჩანს, რომ მრავალი ადამიანი მოვიდა მისი დების სანუგეშებლად. სასწაულიც სახალხოდ აღსრულდა და, თანაც, ყველაზე უჩვეულო სახით, ამიტომაც ყველა ესწრაფოდა მის ნახვას. აი, სწორედ ეს აწუხებდა მათ, რომ დღესასწაულის დაწყების წინ ხალხი ზეიმს ტოვებდა და ბეთანიაში მიდიოდა. ამრიგად, მათ ჩაიფიქრეს ლაზარეს მკვლელობა და არც კი დაფიქრებულან, რომ ეს დანაშაული იყო: იმდენად მიიდრიკნენ მკვლელობისკენ! დაივიწყეს, რომ რჯულისკანონი ამ მცნებით იწყება: არა კლა (გამოს. 20:13) და წინასწარმეტყველიც ამხელს მათ: ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! (ეს. 1:15).

წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

 

     12-13. რწმენისკენ უფრო მეტად მიდრეკილი და აღსრულებული სასწაულის შთაბეჭდილებით მოცული ხალხი ქრისტეს ადიდებდა და მას ფინიკის რტოებით ხელში ეგებებოდა; ღვთივგანბრძნობილი წერილიდან (ფს. 117:25-26) მის შესახებ შეთხზულ დითირამბებს უგალობდა და აღიარებდა, რომ იგი ისრაელის მეფე იყო, მაგრამ ამასთან, თავის საკუთარ მეფესაც უწოდებდა და ქრისტეს მეუფებას აღიარებდა. ამბობდნენ, რომ კურთხეულია ძე არა იმიტომ, რომ კურთხევა მამისგან მიიღო, რომ თავადაა ყოველივეს მაკურთხებელი და ადამიანისგან დაღუპვის განმრიდებელი, რამეთუ ერთარსია მამისა, არამედ იმიტომ, რომ ვწირავთ მას ბუნებითად უფალი ღმერთის შესაფერის კურთხევას, რადგან ის უფლის სახელით მოვიდა. ყველა წმინდანი მოდის არა საუფლო ხელმწიფებით (როგორც ყოვლადძლიერი მეუფე), არამედ როგორც ჭეშმარიტი მსახური; ის კი მოვიდა როგორც უფალი. ამიტომაც სრულად შეესაბამება მას მის შესახებ ნაწინასწარმეტყველები სიტყვა. ამქვეყნად კი თუ ვინმე უფლად იწოდება, მას ეს ღირსება ბუნებითად კი არა, არამედ მადლით აქვს. მაგალითად, სიცრუისგან თავშეკავებულ ადამიანებს მართლებს უწოდებენ, რასაც ვერ ვიტყვით ქრისტეს შესახებ, რადგან ის მართალია არა იმიტომ, რომ არ ცრუობს, არამედ მთლიანად სიცრუეზე აღმატებული ბუნება აქვს.

     14-15. როდესაც ხალხის სიმრავლე უფალს გარს ეხვია და ადიდებდა, იგი უკიდურესი სიმდაბლით შემოჯდა ვირზე, რითაც გვასწავლა, რომ ქებისას ქედი არ ავიმაღლოთ და აუცილებლობის ფარგლებიდან არ გამოვიდეთ. მათემ ვრცლად გადმოგვცა ვირთან დაკავშირებული ამბავი, იოანე კი, როგორც მას ჩვევია, მხოლო საქმის მთავარ მხარეს შეეხო. ვინაიდან უფალი, თავისი ჩვეულების საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ახლა მოგვევლინა ვირზე ამხედრებული, ამიტომ ვამტკიცებთ, რომ მისი ვირზე შემოჯდომის მიზეზი მანძილის სიშორე კი არ იყო, რადგან სულ თხუთმეტი სტადია ჰქონდათ გასავლელი (მუხ. 18), არც ხალხის სიმრავლე, რადგან სხვა დროსაც ყოფილა მასთან ბევრი ხალხი, არამედ ის, რომ ეჩვენებინა შემდეგი: უწმინდური წარმართებისგან გამოსული ახალი ერი მან უნდა დაიმორჩილოს და მართალი ადამიანის ღირსებით შეიყვანოს ზეციურ იერუსალიმში, – რომლის წინასახეც იყო მიწიერი იერუსალიმი, – და რომელშიც შედის განწმედილი ხალხი ქრისტესთან ერთად, უცოდველი ანგელოზების გალობის თანხლებით, რომელთაც ახლა ყრმები განასახიარებდნენ. მან „ჩოჩორი“ უწოდა ვირს, რადგან წარმართი ხალხი არ იყო იმ რწმენაში გაწვრთნილი, რომელსაც ადამიანი კეთილმსახურებისაკენ მიჰყავს.

  1. ამგვარად, მოწაფეებმა თავიდან არ იცოდნენ, რა იყო წმინდა წერილში ქრისტეს შესახებ დაწერილი. აღდგომის შემდეგ კი – როცა განდიდ იესო – უკვე აღარ დარჩენილან იუდეურ სიბრმავეში, არამედ სულიწმიდით განეცხადათ საღმრთო სიტყვების აზრი. მახარებელს სრულებითაც არ რცხვენია, მოწაფეების უმეცრება აღნიშნოს, შემდეგ კი მათ შემეცნებაზე გვაუწყოს, რადგან მისი მიზანი იყო კაცობრივი პატივის უგულებელყოფა, სულწმიდის დიდების დაცვა და ჩვენება იმისა, თუ როგორები იყვნენ მოწაფენი აღდგომამდე და როგორები გახდნენ აღდგომის შემდგომ. ასე რომ, თუკი მოციქულებმა არ იცოდნენ, მით უფრო არ იცოდნენ დანარჩენმა იუდეველებმა. ჯვარცმის შემდეგ განიპო კრეტსაბმელი, რაც იმის ნიშანია, რომ უკვე არაფერია დაფარული მორწმუნეთა და ღვთისმოყვარეთათვის; ისინი საღმრთო ცოდნით განათლდენენ აღდგომის ჟამიდან, როდესაც ქრისტემ მათ სახეში სული შეჰბერა (ინ. 20:22), ამის შედეგად ისინი სულ სხვანაირები გახდნენ;  მეერგასე დღეს კი კიდევ უფრო მეტად განათლდნენ, როცა მათში სულიერი ფერისცვალება მოხდა მათზე გარდამოსული სულიწმიდის ძალით (საქ. 2:1-4).

     17-18. ბრბომ მორჩილად დაიჯერა თვითმხილველთა მონათხრობი, რომ უფალმა საფლავიდან ლაზარე გამოიხმო და სიკვდილის ხელმწიფება დაამხო, როგორც წინასწარმეტყველები წერდნენ (ეს. 25:8), ამიტომ გამოეგება მას.

ე. ი. განგებულებით იყო საჭირო, რომ უფალს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის სასწაული მოეხდინა, რათა ამ მიზეზით ხალხს მეტი პატივი მიეგო მისთვის, ფარისევლებს კი, მეტისმეტად გაღიზიანებულთ მისი ასეთი პატივით, მის წინააღმდეგ სისაძაგლე ჩაეფიქრებინათ. ამგვარად უნდა  აღსრულებულყო მისი სასიკვდილო ვნება, რაც მოხდა კიდეც; ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას(მუხ. 19), – უთხრეს ერთმანეთს.

წმინდა მღვდელმთავარი კირილე ალექსანდრიელი