საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება დიდ და წმინდა კრებასთან დაკავშირებით

11 ივნისი
antioqiis-martlmadidebeli-eklesiis-wminda-sinodis

 ანტიოქიის წმინდა სინოდის სამდივნოს განცხადება
ბალამანდი, 6 ივნისი, 2016 წელი
გადაწყვეტილება 

მეშვიდე საგანგებო სესიის ფორმატში, რომელიც 2016 წლის 25 მაისს გაიხსნა, ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 6 ივნისს გამართა სხდომა მისი უწმინდესობის იოანე X-ის თავმჯდომარეობით და ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსების მონაწილეობით.

კრების მიზანი იყო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების შესწავლა წმინდა და დიდ საყოველთაო მართლმადიდებლურ კრებასთან (შემდგომში: „დიდი კრება“) მიმართებით, აგრეთვე იმ საკითხებისა, რომლებიც აღნიშნული კრების დღის წესრიგშია შეტანილი, რათა ანტიოქიის ეკლესიას შესაბამისი პოზიცია გამოეხატა ამ საკითხის შესახებ. მსჯელობისას უნდა გაგვეთვალისწინებინა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის ამა წლის 31 მაისის გადაწყვეტილება: „კომისიის ფორმირების შესახებ ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელნიც შეიკრიბებიან დიდი და წმინდა კრების დასრულებისთანავე. აღნიშნულ შეკრებაზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხოლოდ კოორდინატორის როლი ეკისრება“. სხდომას ასევე უნდა გამოემუშავებინა გადაწყვეტილება იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ ყატარის საემიროში ანტიოქიის საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით.

განიხილეს რა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციები, ანტიოქიის ეკლესიის სინოდის წევრები შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ:

1. ჯერ კიდევ განსხვავებულია მთელი რიგი ადგილობრივი ეკლესიების პოზიციები დიდი კრების დღის წესრიგში შეტანილ უმეტეს საკითხთან მიმართებით; ზოგიერთი ეკლესია არ ეთანხმება დიდი კრებისთვის წარმოდგენილ რამდენიმე დოკუმენტს არსებული ფორმით, რაც ამ ეკლესიებმა ნათლად ჩამოაყალიბეს თავიანთი წმიდა სინოდების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. 2. ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია გამოხატავს არსებით შენიშვნებს დიდი კრების ორგანიზაციულ ასპექტებთან დაკავშირებით, _ ეს ეხება ფინასურ ხარჯებს, ასევე, იმ შეთანხმებათა განხორციელების გზებს, რომლებიც მიღწეულია მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს შორის შამბეზში 2016 წლის შეხვედრაზე. 3. ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 1 ივნისის სინოდის გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბა თავისი შენიშვნები და უწმინდეს მსოფლიო პატრიარქს დიდი კრების მოწვევის გადავადება სთხოვა აქტიური მოსამზადებელი სამუშაოების გაგრძელების წინადადებით. წინაღმდეგ შემთხვევაში ის უარს ამბობს კრებაში მონაწილეობაზე. 4. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, 2016 წლის 3 ივნისის სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, წინადადებით შემოვიდა, დიდი კრების დაწყებამდე გამართულიყო ექსტრენული თათბირი გადაუჭრელი პრობლემების შესასწავლად და ეკლესიების სინოდების მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად. ამ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია კრების მონაწილე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მხრიდან კონსენსუსის პრინციპის პატივისცემის აუცილებლობა.

ანტიოქიის ეკლესიის სინოდის წევრებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ: 1. ანტიოქიის ეკლესიის კომენტარები და შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა დიდი კრების შიდა პროცედურებსა და ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთურთა 2016 წლის 21-28 იანვრის სინექსისის გადაწყვეტილებას (ამ ორ დოკუმენტს ანტიოქიის მართლმადიდებლმა ეკლესიამ ხელი არ მოაწერა), დღემდე არ არის ყურადღებული, მიუხედავად იმ წესებისა, რომელნიც დადგენილია ერთობლივი მართლმადიდებლური მუშაობისათვის მისი უწმინდესობის მსოფლიოს პატრიარქის ათინაგორე I-ს მიერ, რომელმაც დასაბამი დაუდო დიდი კრების მზადებას. ეს წესები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ საყოველთაო შეთანხმების აუცილებლობას. 2. დოკუმენტი, რომელიც ეხება ქორწინების საიდუმლოსა და მის დამაბრკოლებელ მიზეზებს, ჯერაც არ არის მოხსნილი დიდი კრების დღის წესრიგიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ხელმოწერილი ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიების მიერ. 3. დიასპორის შესახებ საკითხი შეტანილია დიდი კრების დღის წესრიგში, თუმცა არ ყოფილა შეფასებული ამ საკითხთან დაკავშირებით ეპისკოპოსთა შეკრებების მუშაობა, მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან, მოწვეულიყო საგანგებო სხდომა აღნიშნული ასამბლეების შედეგების შესაფასებლად და მათ შესახებ საეკლესიო გადაწყვეტილების მისაღებად დიდი კრების მოწვევამდე. ეს შეკრებები ემსახურებოდა „გარდამავალი წესრიგის შექმნას, რომელიც დიასპორების პრობლემების ჯანსაღი და კანონიკური გზით გადასაჭრელად საძირკველს მოამზადებდა, იმ პირობით, რომ მათი მოღვაწეობა შეიზღუდებოდა დიდი კრებისათვის მზადების პერიოდით…“ (2009 წლის 6-12 ივნისს შამბეზში ჩატარებული მართლმადიდებლური კრებისწინა მეოთხე თათბირის ტექსტის პარაგრაფი 1. პუნქტ გ). შესაბამისად, აუცილებელია შეფასდეს ამ ასამბლეათა მუშაობადიდი კრების დაწყებამდე, რათა მას უშუალოდ, წინასაკრებო მომზადების გარეშე, არ მოუწიოს დიასპორების პრობლემებისა და ეპისკოპოსთა შეკრებების შედეგების განხილვა. 4. საკითხი „საეკლესიო კალენდრისა და აღდგომის დღესასწაულის ერთიანი თარიღის შესახებ“, მოსხნილია დიდი კრების დღის წესრიგიდან, მიუხედავად ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის მისი აქტუალობისა, რომელიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიის სავსებისგან სამწყემსო პოზიციის დაფიქსირებას ელოდებოდა. 5. ქვეთავი, რომელიც უკავშირდება სხვა ქრისტიანებთან დიალოგის შეფასებას, და რომლის პროექტის შედგენაც ნავარაუდევი იყო ახლო მომავალში დიდი კრების დაწყებამდე დოკუმენტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ – შესატანად, აქამდეც არ არის შედგენილი და მოწონებული. 6. დოკუმენტის – „ავტონომია და მისი გამოცხადების წესი“ – შინაარსი, უნდა იყოს მოწონებული მანამდე, სანამ ის დიდი კრების დღის წესრიგში იქნება შეტანილი. 7. უკანასკნელი კრებისწინა ეტაპი აღინიშნა მოსამზადებელ სამუშაოებში მართლმადიდებელი ეკლესიების რეალური და ეფექტური წვლილის შეუტანლობით, სამდივნოს მუშაობის ნელი ტემპით და სესიების მუშაობასა და გრაფიკებთან დაკავშირებით სიცხადის არარსებობით, რამაც შეიძლება სინოდალური სესიების ჩაშლა გამოიწვიოს. 8. მსოფლიოს საპატრიარქოს უკანასკნელი შემოთავაზება, დათარიღებული 2016 წლის 31 მაისით, იმის თაობაზე, რომ იერუსალიმის საპატრიარქოსთან არსებული დავის გადაჭრა გადაიდოს დიდი კრების დასრულებამდე, წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო პატრიარქის 2016 წლის 5 აპრილის ინიციატივასა და მასზე ანტიოქიის საპატრიარქოს პასუხთან, ასევე, აჩვენებს ამ სერიოზული პრობლემისადმი უპატივცემულობას, რაც აუცილებლად აისახება წმინდა და დიდ მართლმადიდებლურ კრებაზე. წმინდა და დიდი კრება ვერ ჩატარდება, როდესაც გაწყვეტილია ევქარისტული კავშირი ორ სამოციქულო ეკლესიას შორის, თუ მხედველობაში მივიღებთ აღნიშნული კრების ევქარისტულ ხასიათს. ზედ კრების ზღურბლზე წამოყენებული შემოთავაზება გვიტოვებს ერთადერთ და, თანაც, მიუღებელ გზას – მივიღოთ მონაწილეობა დიდი კრებაში, მაგრამ ამასთან არ შევასრულოთ ევქარისტია, ვინაიდან არ იქნა მოძიებული იმ დავის გადასაჭრელი გზები, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან კანონიკურმა დარღვევამ წარმოშვა, და რომელიც აგერ უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება (აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით იხ. 2016 წლის 1 ივნისით დათარიღებული ანტიოქიის ეკლესიის სინოდის განცხადება). 9. იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან იურისდიქციული საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით წარმოქმნილმა პრობლემამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი და საშიში მასშტაბები მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, რომელიც მან გააკეთა ანტიოქიის საპატრიარქოსთან მიმოწერის პროცესში, რომ თითქოსდა ანტიოქიის იურისდიქციაში არსებული სხვა კანონიკური ტერიტორიებიც იერუსალიმის ეკლესიას მიეკუთვნება.

გასათვალისწინებელია, რომ ანტიოქიის ეკლესია ძალისხმევას არ იშურებს მართლმადიდებლური ერთობის შესანარჩუნებლად საყოველთაო მართლმადიდებელი კრებისათვის მზადების დასაწყისიდანვე (1961 წ.), რჩებოდა რა ნეტარხსენებული პატრიარქების ილია IV-ისა და ეგნატე IV-ის ერთგული, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს მომავალი დიდი კრების კრებისწინა შეკრებების განხორცილებაში. ანტიოქიის საპატრიარქო, თავისი პატრიარქის იოანე X-ს სახით, მთელი გულმოდგინებით, სიმტკიცითა და მსხვერპლგაღებით ცდილობს ამ ერთობის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ანტიოქიის ეკლესიას ხელი არ მოუწერია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სინაქსისის გადაწყვეტილებაზე ფანარაში 2014 წლის მარტში, მან მაინც მიიღო მონაწილეობა დიდი კრების მოსამზადებელი კომისიების მუშაობაში კრებისწინა მეხუთე თათბირზე შამბეზში 2015 წელს და ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სინაქსისში შამბეზში 2016 წელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უკნასკნელი თათბირების არც ერთ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია, დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელი კომისიების მუშაობაში მაინც მონაწილეობდა იმ მიზნით, რომ შეწეოდა ერთობლივ მართლმადიდებლურ შრომას, რასაც ის აკეთებს ათწლეულების განმავლობაში იმის სასოებით, რომ გადაიჭრება ყველა დაგროვილი პრობლემა დიდი კრების მოწვევამდე.

ანტიოქიის ეკლესიამ ამ მოვლენას, უდიდესს და უბრწყინვალესს ეკლესიის უახლოეს ისტორიაში, მიაკუთვნა მისი დამსახურებული ადგილი, მოამზადა მისი ყველა დოკუმენტის პროექტები არაბულ ენაზე და მისაწვდომი გახადა მთელი მრევლისთვის. ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდი ასევე ჩართული იყო კრებისათვის მოსამზადებელ სამუშაოში და მის დოკუმენტებში საჭირო ცვლილებების შეტანის წინადადებებით გამოდიოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  წმიდა და დიდი კრების მოწვევა, რომლის მზადებაც თაობების მანძილზე გრძელდება, მუქარის ქვეშაა რიგი სირთულეების გამო და შემდგომ მუშაობას საჭიროებს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და მის ჩატარებასა და მუშაობასთან დაკავშირებული პრაქტიკული დეტალების დასაზუსტებლად.

ანტიოქიის ეკლესიას, მის მიერ გადატანილი განსაცდელების ფონზე, რომლებიც ყველაზე დრამატული იყო მთელი მისი ისტორიის მანძილზე, და თავისი მრევლის საწყალობელი მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით, სირიაში, ლიბანსა და ერაყში, არ დაუშურებია არც ძალა, არც დრო და არც ლოცვები დაუკლია იმ წარმატების მისაღწევად, რომელიც უკავშირდება ჩვენს დღეებში კრების მოწვევას და მასში მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ უხდება ჰუმანური და ეკონომიკური კრიზისების დათმენა.

თუკი კრება შედგება, მაგრამ ამავე დროს ორი ეკლესია, ჯერ კიდევ სამოციქულო დროში აღმოცენებულნი, არ იქნებიან ერთმანეთთან ევქარისტულ კავშირში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სინოდალურ სესიებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი ყოფილა წმინდა ევქარისტიაში მონაწილეობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში კრებას ვერ ექნება ეკლესიოლოგიური ხასიათი და მხოლოდ ადმინისტრაციულ თვისებას შეინარჩუნებს, რითაც დაუპირისპირდება იმ მართლმადიდებლურ ტრადიციებს, რომლებიც ოდითგანვე მოსდევს მართლმადიდებელ ეკლესიას. კრების ორგანიზება ხდება მართლმადიდებლური ერთობის გამოსახატავად. ამას გულისხმობს ქრისტესმიერი სიყვარულისა და ძმობის სულისკვეთება და არცთუ მცირე საზრუნავი დღევანდელ კაცობრიობაზე. ყოველივე ეს ნიშნავს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შეთანხმების მიღწევას ძლიან ბევრი საკითხის ირგვლივ, იძლევა მათი მონაწილეობის გარანტიას კრების მუშაობასა და მისი გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებაში.

გარდა ამისა, ანტიოქიის ეკლესიის მრევლი, გაეცნო რა დღის წესრიგს და კრების დოკუმენტებს, მწუხარებით აღნიშნავს, რომ კრება არ არის მიმართული მორწმუნეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებთან საბრძოლველად. მორწმუნე მრევლმა შეშფოთება გამოთქვა, რამეთუ კრება გადაიხარა თავისი პირველსაწყისი პრინციპებიდან, რისთვისაც ხდება მისი მოწვევა: ერთობლივად გაგვეცა პასუხები მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დაგვემოწმებინა მართმადიდებლობა მთელ მსოფლიოში.

ყოველივე ამის შედეგად, ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა:

1. ეთხოვოს მის უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქს, იმუშაოს კონსენსუსის მისაღწევად ავტოკეფალური მართლმადედებელი ეკლესიების მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით საყოველთაო მართლმადიდებლური კრების გახსნამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიოქიის ეკლესია ითხოვს წმინდა და დიდი კრების გადადებას იქამდე, ვიდრე არ მიიღწევა მშვიდობიანი შეთანხმება ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს შორის და ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მართლმადიდებლური კონსენსუსი დღის წესრიგის, რეგლამენტის, აღმასრულებელი და პრაქტიკული პროცედურების შესახებ.

2. ანტიოქიის ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდი კრების მუშაობაში, სანამ არ იქნება აღმოფხვრილი კრების მსვლელობისას წმინდა ევქარისტიაში მონაწილობის დამაბრკოლებელი მიზეზები. ამის მიღწევა შეიძლება, თუ მოიძებნა იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან ანტიოქიის ეკლესიის კანონიკური იურისდიქციონალური საზღვრების დარღვევით გამოწვეული დავის გადაჭრის საბოლოო გზა, რადგან სწორედ ამ დარღვევამ მიგვიყვანა იერუსალიმის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტამდე.

3. უნდა დავარწმუნოთ წმინდა და დიდი კრების ორგანიზატორები იმაში, რომ ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა წმინდა და დიდი კრების მუშაობაში უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული მათი წარმომადგენლების თანდასწრებით და ერთხმად მოწონების შემთხვევაში, როგორც ამას ითვალისწინებს ნებისმიერი საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიის საბაზისო პრინციპი და რაც აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის დასაცავად.

4. ეცნობოს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას ანტიოქიის ეკლესიის პოზიცია.

5. ეთხოვოს მორწმუნეთ, ილოცონ მწყემსებთან ერთად, რომ სულიწმიდამ ერთობის გზაზე მიმართოს ეკლესია, მისი საერთო მოწმობისათვის ამქვეყნად ქრისტეს შესახებ.

წყარო: antiochpatriarchate.org