საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აღდგომიდან VII კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

18 მაისი
კატეგორია: პუბლიკაციები,
aghdgomidan-vii-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

7 (20) მაისი, 2018

აღდგომიდან მე-7 კვირიაკე, ამაღლების შემდგომი დღესასწაული.

პირველი მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (325).

წირვაზე – საქმ. 20:16-18, 28-36; ინ. 17:1-13.

საქმე წმინდა მოციქულთა – 20:16-18, 28-36

    

    რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში.

    ხომ ხედავ, მონდომების მიუხედავად, პავლე ხშირად ვერ აღწევდა სასურველს. ეს იმიტომ, რომ არ ვიფიქროთ, თითქოს იგი ზეკაცობრივი ბუნებისაა. წმინდა და დიდ მამებს ჩვენნაირი ბუნება ჰქონდათ, მაგრამ არა ჩვენნაირი ნება. ამიტომაც ჰქონდათ ბევრი მადლი.  

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

    მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის ხუცესნი იხმო. როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ასიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.

    აი, მოციქულებრივი სათნოების მაგალითი: მოშურნეობა, რომ იერუსალიმში პავლეს სახელი ექადაგა, არ აძლევდა მას ეფესოში შესვლის უფლებას. ამიტომ სამწყემსო სიფხიზლემ აიძულა იგი, თავისთან მიეწვია ეფესოს სამღვდელოება, გადაეცა და ესწავლებინა მისთვის ის წესები, რომლებიც მღვდელსაც გადაარჩენდა და მისთვის რწმუნებულ სამწყსოსაც. როდესაც ეფესელი მღვდლები მასთან მივიდნენ, სხვა შეგონებებთან ერთად პავლემ ასეთი რამეც უთხრა: გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც (მუხ. 28). ამ სიტყვებით მან მოკლედ გადმოსცა ეკლესიის მოძღვართა მთელი მოვალეობა; ის ასწავლის, რომ მღვდელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, ჯერ ერთი, საკუთარი თავის მიმართ – იცხოვროს წმინდად და წარემატოს სათნოებებში და, მეორეც, თავისი სამწყსოს მიმართ – დაუძინებლად იზრუნოს მის ცხონებაზე, ასწავლოს სარწმუნოება და საღვთო რჯული. შემდეგ იგი მიზეზსაც ასახელებს, თუ რატომაა აუცილებელი  მეორე სახის ყურადღება. სამღვდელო მადლით თქვენზე მოფენილმა სულიწმიდამ, – ეუბნება იგი, – ეპისკოპოსებად დაგადგინა თქვენ, ანუ მმართველებად და ზედამხედველებად, რათა უხელმძღვანელოთ კეთილმსახურებისა და სათნოების გზაზე ღვთის ეკლესიის შვილებს, რომელნიც მან თავისი მხოლოდშობილი ძის სისხლით გამოისყიდა და მოიპოვა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის ხუცესებად წმინდა ისტორიკოსი მოიხსენიებს მღვდლებს; მათვე უწოდებს ეპისკოპოსებსაც,  არა იმიტომ, რომ ისინი მღვდელთმთავრები იყვნენ, არამედ ეკლესიის წევრებს მართავდნენ, ზედამხედველობდნენ და მწყემსავდნენ.  

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი


    რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.

დაგადგინეს მწყემსად? მაშ, არ შეუშვა შენს სამწყსოში დამღუპველი მგლები, თორემ ცხვარს გაგინადგურებენ, რაც ფრიად უსიამოვნო იქნება მთავარი მწყემსისთვის.

მოარიდე ცხვრებს ყველაფერი ის, რაც მათ აზიანებს, რათა იმ საშინელ დღეს  „სახლის პატრონმა“ არ გიწოდოს „უსამართლობის მოქმედი“ (ლკ. 13:25-27).

„ძმათა შორის უფროსი პატივდებულია; ასევე მოშიშნი უფლისა მის თვალში“ (ზირ. 20:20).

ღირსი ეფრემ ასური

    და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.

რათა მოწაფეები გადაიბირონ. ერეტიკოსები ცდილობენ, საკუთარი თავისთვის მოიხვეჭონ ხალხი და არა უფლისთვის; შემდეგ კი იქადიან, რომ ესა თუ ის ერეტიკული მიმდევრობა მათ სახელებს უკავშირდება; მაგალითად, მანის სახელს – მანიქევლები, არიოზს – არიანელები, ნესტორის – ნესტორიანელები და ა.შ. ამის შესაკავებლად პავლე ადუმებს და კიცხავს იმათ, ვინც ლაპარაკობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი“ (1 კორ. 1:12), რადგან არ სურს, რომ მათ სარწმუნოებას კაცის სახელი ერქვას; მას უნდა, რომ ყველა ქრისტიანად იწოდებოდეს, თუნდაც სხვადასხვა მოძღვრისგან იყვნენ განსწავლულნი. ამრიგად, როდესაც ყველა მოძღვარს ერთი საერთო მიზანი აქვს, კერძოდ, მოწაფეებს ჭეშამრიტება უქადაგოს და სულიერად განამდიდროს, თავად კი დაკნინდეს, მაშინ ყველანი საერთო სახელით – ქრისტიანად – იწოდებიან. თუკი მოძღვრები ეკლესიის სწავლებაში რაიმეს ამახინჯებენ, მაშინ მათი მოწაფეები საერთო სახელს კარგავენ და საკუთარი მასწავლებლის სახელით   იწოდებიან.

ამონიოს ალექსანდრიელი (III ს.), ქრისტიანი მწერალი და ფილოსოფოსი

    მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.

    

    იხილე, როგორი განსაკუთებული იყო მისი საქმენი: დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს. იგი ზრუნავდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაc ბევრი იყო ერთად შეკრებილი, არამედ ცალკე, ერთი სულისთვისაც იმავეს აკეთებდა. სწორედ ამგვარად შეაერთა მან ისინი.

 წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

    ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მადლს მისი სიტყვისა მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად.

იგი იდუმალად და ფარულად აჩვენებს, რომ მამა ღმერთი და მისი ძე იესო – სიტყვა-ღმერთი,  ერთია. მას არ უთქვამს მრავლობით რიცხვში: „შეუძლიათ“, არამედ ერთი სახელით გამოხატა ერთი არსი ორივესი, სიტყვით: „შეუძლია“.  ასე რომ, ჩვენ ვიცით: მამასა და ძეს აქვთ ერთი არსი, მაგრამ ისინი ორი სხვადასხვა პირია, რაზეც მეტყველებს არა მხოლოდ მათი სახელები, არამედ ჭეშმარიტებაც.

ამონიოს ალექსანდრიელი (III ს.), ქრისტიანი მწერალი და ფილოსოფოსი

     არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.

    შემდეგ კვლავ შეაგონებს: არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი, –ის ძირკვავს ბოროტების ფესვს – ვერცხლისმოყვარეობას. არ ამბობს: „არ ამიღია“, არამედ: „არ მინატრია“. ეს ჯერ კიდევ არ არის მნიშვნელოვანი, ამ სიტყვებშისხვა რამ არის  მნიშველოვანი. მას არ უთქვამს: „თქვენ არ მოგიციათ ჩემთვის“, არამედ: „არ მინატრია“, რადგან არ მოსჩვენებოდათ, რომ მათზე იყო დამოკიდებული, მისცემდნენ თუ არა. და არც ის უთქვამს, რომ არ ნდომია რაიმე აუცილებელი სახმარი, რათა არ ეფიქრათ, რომ მათ საყვედურობს, არამედ გამოხატავს იმას, რომ მას ნამდვილად შეეძლო არაფერი აეღო მათგან, რაკი თავად ინახავდა სხვებს.

    თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან.

    იგი ასწავლიდა სიმამაცეს საფრთხის დროს, სულგრძელებას დაქვემდებარებულების მიმართებით, კადნიერებას სწავლებაში, თავმდაბლობას, უანგარობას.  თუმცა ეს უანგარობასაც აღემატება. უკვე ნათქვამია: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ“ (მთ. 19:21). მაგრამ არაფერი აიღო სხვისგან, პირიქით, სხვებიც დააპურე, განა ეს უანგარობაზე მეტი არ არის? ამდენად, პირველია უარყო საკუთარი, მეორე – თავად დაიკმაყოფილო საკუთარი საჭიროება, მესამე  – სხვებსაც უწილადაო, მეოთხე – არ აიღო, როცა ქადაგებ და ამის უფლება გაქვს, ეს უკანასკნელი უანგარობაზე გაცილებით აღმატებული სათნოებაა.

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

    ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.

    მოციქული ამას ღვთის მცნებას უწოდებს. თავად თქვა, – ამბობს. ეს ნიშნავს, რომ გამცემის გულუხვობა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიმღების სიძუნწე. მით უმეტეს ის გულუხვობა, როცა გასცემ საკუთარ ნაოფლარს, პატიოსანი შრომის ნაყოფს და არა ურჯულო საქციელებით მოპოვებულ ფულს. ამიტომ მეტი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება, განსაკუთრებით, როცა გამცემი თავადაც საჭიროებს მოწყალებას, მაგრამ თავისი შრომით არათუ საკუთარ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, არამედ კეთილმსახური მზრუნველობით ისწრაფის შეიწყალოს სხვა გაჭირვებული (განსაკუთრებით, მონაზვნები). ასეთი ადამიანი ორმაგი მადლითაა დამშვენებული: ის საკუთარი ქონების უარყოფით იხვეჭს ქრისტეს სრულყოფილ უპოვარებას და თავისი შრომითა და გულის განწყობით ავლენს მდიდრის გულუხვობას. იგი პატივს მიაგებს ღმერთს თავისი მართალი შრომით, მსხვერპლად სწირავს მას თავისი შრომის ნაყოფს; ხოლო ვინც სიზარმაცისა და უქმობისგანაა დასუსტებული, ის არ არის ჭამის ღირსი, როგორც პავლეს განაჩენი ამტკიცებს (2 თეს. 3:10); უქმად ყოფნის მოყვარე, აკრძალვის მიუხედავად, მაინც სარგებლობს პურით, ცოდვისა და სიჯიუტის გარეშე. გაცემა გულს სიყვარულით აფართოებს, სულს ალამაზებს და სრულყოფილებას ანიჭებს. ვინც ღმერთისთვის გასცემს, ამით მას პატივს მიაგებს და  მისგან დავალებული ხდება. ამ ცხოვრებაში თუ არა, მომავალში მაინც გადაუხდის უფალი და დამსახურებულ ჯილდოს მიუზღავს. ხოლო ვინც გაჭირვებისას მოწყალებას იღებს, მას მადლიერების ვალი აწევს, – თუნდაც ლოცვები თავისი კეთილისმყოფელისთვის. სხვა საქმეა, როდესაც ვინმე ნებაყოფლობით ღატაკდება და ქრისტეს გულისთვის უპოვარი ხდება, რათა დაუბრკოლებლად მიჰყვეს უფალს, სათნო ეყოს მას და საკუთარი სული იცხონოს.

ღირსი იოანე კასიანე რომაელი

     ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა.

     რას ნიშნავს  მუხლის მოყრა? ეს ნიშნავს სიმდაბლეს, კეთილკრძალულებას, ლმობიერებას და გულის სითბოს. როდესაც მოციქულები ღმერთს რაიმეს მხურვალედ შესთხოვდნენ, მუხლს იყრიდნენ მის წინაშე (საქმ. 7:60), – ასე შესთხოვდა პირველმოწამე სტეფანე ღმერთს ცოდვების შენდობას თავისი მკვლელებისთვის. ამგვარადვე მოიყარა მუხლი პეტრემ ღვთის წინაშე, რათა  მას ტაბითა აღედგინა (საქმ. 9:40). პავლე ქრისტეს პირველი მქადაგებელი იყო ეფესოში და იქ სამი წელი დღე და ღამ, განუწყვეტელი ცრემლით იღვწოდა. მისთვის ბოძებული წინასწარჭვრეტის ნიჭით მან იცოდა, რომ თავის საყვარელ ეფესელ მოწაფეებს ვეღარ იხილავდა, რომ მისი წასვლის შემდეგ მათ მძვინვარე მგლები შემოესეოდნენ, მათ შორის აღდგებოდენ კაცები, რომლებიც  უკუღმა ილაპარაკებდნენ, რათა ისინი გადაებირებინათ (მუხ. 29-30), ამიტომაც აღივსო მისი მოციქულებრივი გული უკიდურესი ლმობიერებით, ამიტომაც მოიყარა მუხლი ყველა იქ მყოფის თანდასწრებით და ყოვლადსახიერ ღმერთს ლოცვა აღუვლინა რწმენაში მათი  განმტკიცებისა და სულის ცხონებისათვის.  

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

წმინდა სახარება წმინდა იოანე მახარებლისაგან საკითხავი – 17:1-13

  1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.

    ჩვენს უფალს, მხოლოდშობილსა და მამის თანამარადიულს, რომელმაც მონის ხატი შეიმოსა (ფილიპ. 2:6-7), შეეძლო, ჩუმადაც ელოცა, ამის საჭიროება რომ ყოფილიყო, მაგრამ  მან ინება, წარმდგარიყო მამის წინაშე ისეთი თხოვნით, რომ ჩვენთვის შეეხსენებინა: ის ჩვენი მოძღვარია. ასე რომ, მან მამისადმი აღვლენილი ლოცვა ჩვენთვის საცნაური გახადა. ეს ხომ მარტო საუბრები არ იყო მათთან, არამედ ლოცვებიც იყო მათთვის და შეგონებებიც. ხოლო რაკი ეს შეგონებები მისი მსმენელებისთვის იყო განკუთვნილი, . . განკუთვნილი იყო ჩვენთვისაც, ამ ჩანაწერების მკითხველებისთვის.  

2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.

მამამ რომ ყველა ხორციელზე მისცა ხელმწიფება იესო ქრისტეს, ეს უნდა გავიგოთ მის კაცობრივ ბუნებასთან მიმართებით. რაც შეეხება ქრისტეს ღმრთეებრიობას, მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა“ (კოლ. 1:16)

ნეტარი ავგუსტინე იპონიელი

3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს.

მამას ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი უწოდა, რათა განასხვავოს წარმართების ცრუ ღმერთებისგან, და არ იმიტომ, რომ ამით საკუთარი თავი მამისგან გამოაცალკევა (განაგდე ასეთი აზრი!). ის, როგორც ჭეშმარიტი ძე, ვერ იქნება ცრუ ღმერთი, ის ჭეშმარიტი ღმერთია. სწორედ ამას ამბობს უფლის შესახებ იგივე მახარებლი თავის კათოლიკე ეპისტოლეში: იესო ქრისტე არის „ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე“ (1 ინ. 5:20). თუკი მწვალებლები იმ აზრზე დგანან, რომ ძე არის ცრუ ღმერთი იმიტომ, რომ მამა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთადაა წოდებული, მაშინ მათ უნდა იცოდნენ, რომ ძის შესახებ ეს მახარებელი ამბობს: „იყო ნათელი ჭეშმარიტი“ (ინ. 1:9). ნუთუ ამის გამო, მამა ცრუ ნათელია? არა და არა! სასწრაფოდ განიგდოს ასეთი აზრი! ამიტომ, როდესაც ქრისტე მამას ჭეშმარიტ ღმერთს უწოდებს, ამით იგი მას წარმართების ცრუ ღმერთებისგან განასხვავებს, მსგავსად იმისა, როგორც შემდეგ სიტყვებში: „არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმერთისგან არის“ (ინ. 5:44). თუკი მწვალებლების ლოგიკას მივყვებით, მაშინ გამოდის, რომ რაკი მამა ერთადერთი ღმერთია, მაშინ ძე სრულებითაც არ არის ღმერთი, მაგრამ ასეთი დასკვნა ნამდვილი უგუნურებაა.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი.

4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.

ძე ღვთისა საკუთარ თავს უკვე ზეცაში აღსულს ჭვრეტს – ჯვარი, სიკვდილი, აღდგომა და სხვა ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, ანუ სახარების ქადაგება მთელს მსოფლიოში, მის თვალწინაა, როგორც უკვე აღსრულებული სინამდვილე. ძე ღვთისას საქმე სამყაროს განათლებასაც გულისხმობს, რომელიც იმ დროისათვის ცრურწმენისა და ცდომილების სიბნელით იყო მოცული. მას უნდა გაეცხადებინა ჭეშმარიტი ღმერთი და მისი წმინდა ნება, მისი სრულყოფილება და მაცხოვნებელი რჯული. მაგრამ ამით არ შემოიფარგლებოდა ზეციერი მამისგან მისთვის დაკისრებული საქმე. სამყაროს განათლება მისი ჯვარზე სიკვდილის შემდეგ მოციქულებს უნდა გაეგრძელებინათ. შესაბამისად, როდესაც დაკისრებული საქმის შესრულებაზე საუბრობს, უფალი მზერით მოიცავს მოსალოდნელ მოვლენებსაც და ლაპარაკობს თავისი ჯვარსახოვანი სიკვდილით აღსრულებულ საქმეზეც, – ადამიანთა გამოსყიდვას რომ ემსახურებოდა და რომელმაც ხალხს ზეციერი მამის სიმართლე და სიყვარული გამოუბრწყინა. იგი აქ იმავე სულისკვეთებით საუბრობს, რომლითაც მოწაფეებს ეუბნებოდა: „გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას“ (ინ. 16:33).

წმინდა მღვდელთმთავარი ფილარეტი (გუმილევსკი)

5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.

თუკი ძე მამას სთხოვდა, განედიდებინა იგი ღმრთეებრივად და არა კაცობრივად, მაშინ უთხოვია ის, რაც არ გაააჩნდა,  მაშინ ცრუ ყოფილა მახარებლის, მოციქულისა და წინასწარმეტყველის სიტყვები: ვიხილეთ დიდება მისი“ (ინ. 1:14); რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს“ (1 კორ. 2:8); „და შემოვიდეს მეუფე დიდებისა“ (ფს. 23:7). ამიტომ დიდების გამრავლებას კი არა, განგებულების გამოჩენას სთხოვს.

წმინდა მღვდელთმთავარი ბასილი დიდი

   6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.

    აქ უფალი განმარტავს, თუ რას ნიშნავს სიტყვები: მე განგადიდე დედამიწაზე. კერძოდ, ეს ნიშნავს: გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს. როგორ გამოუცხადა ძემ, თუკი ჯერ კიდევ ესაი ამბობდა: უფლის სახელის მოფიცარნო“ (ეს. 48:1). საქმე ისაა, რომ იმ დროში ღმერთის სახელი მხოლოდ იუდეველებისთვის იყო ცნობილი, ისიც არა ყველა მათგანისთვის. ახლა კი წარმართებზეა საუბარი, რომ მათთვისაც გახდება ღმერთის სახელი ცმობილი, ვინაიდან იესო ქრისტემ დაამხო კერპთმსახურების დემონი და ხალხში ღვთისშემეცნების თესლი ჩაყარა. სხვაგვარად: თუკი ზოგიერთებმა მაინც იცოდნენ ღმერთი, იცოდნენ არა როგორც მამა, არამედ მხოლოდ შემოქმედი. ძემ კი განუცხადა ღმერთი ქვეყანას, როგორც მამა; ის სიტყვებითა და საქმეებით გაეცნო ხალხს როგორც ძე ღვთისა, ხოლო რაკი დაამტკიცა, რომ ძე ღვთისა იყო, ამით, ცხადია, ღმერთის მამობაც ყველასათვის საცნაური გახადა.    

უფალს სურს ორი აზრი დაამკვიდროს: ერთი ის, რომ იგი არ არის ღმერთის მოწინაღდეგე; მეორე – მამის სურვილია, იწამონ ძე. ამიტომ ამბობს: შენი იყვნენ და მე მომეცი. სიტყვებით: მე მომეცი, ერთსაც აჩვენებს და მეორესაც. მე ისინი არ მიმიტაცებია, არამედ შენი ნება იყო, რომ ჩემთან მოსულიყვნენ. ეს ნიშნავს: ჩვენ შორის მტრობა კი არა, ერთაზროვნება და სიყვარულია. და დაიცვეს შენი სიტყვა, იმიტომ, რომ ირწმუნეს ჩემი და არ დაუჯერეს იუდეველებს. ვისაც ქრისტესი სწამს, ის ღვთის სიტყვას იცავს, ანუ წმინდა წერილს, რადგან ის ქრისტეს შესახებ იუწყება. ან კიდევ სხვაგვარად: ყველაფერს, რასაც უფალი მოწაფეებს ეუბნებოდა, მამისგან ეუბნებოდა: „რასაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით“ (ინ. 14:10). მოწაფეებს მან ასევე უთხრა: „დარჩით ჩემში“ (ინ. 15:4), და აი, დაიცვეს მათ ეს მცნება: ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. ახლა, – ამბობს, –  ჩემმა მოწაფეებმა შეიცნეს, რომ მე არაფერი მაქვს რამე განსაკუთრებული და შენგან განსხვავებული, და რომ შენთვის მე უცხო არა ვარ, არამედ ყოველივე, რაც მე მომეცი, შენია, ანუ მეკუთვნის მე, როგორც ძეს და მამის კუთვნილის განმგებელ პირს. საიდან შეიცნეს ეს ჩემმა მოწაფეებმა? შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ე. ი. ჩემი სიტყვებიდან, ჩემი სწავლებიდან. მე ყოველთვის იმას ვასწავლიდი, რაც მამისგანაა. ვასწავლიდი არა მხოლოდ ამას, არამედ იმასაც, რომ შენგან გამოვედი და შენ მომავლინე. მთელს სახარებაში უფალი იმ ჭეშმარიტებას ამტკიცებს, რომ ღმერთის მოწინააღმდეგე კი არ არის, არამედ მამა ღმერთის ნების შემსრულებელია.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

    9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც მომეცი მე, ვინაიდან შენი არიან.

მათთვის გევედრები. მე, როგორც კაცი, მათთვის გევედრები შენ.

    (მთელი) ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც მომეცი მე, ვინაიდან შენი არიან. მხოლოდ მათთვის გევედრები, ვინც მე მიწამა, იმიტომ, რომ ურწმუნოთ არ სურს, რომ მათთვის ვილოცო. იესო ქრისტე ხშირად იმეორებს სიტყვებს: რომლებიც მომეცი მე, რათა მოწაფეებმა მტკიცედ შეითვისონ, რომ მამის სურვილია, იწამონ ძე. ვინაიდან სიტყვებს – „რომლებიც მომეცი“, „შენი არიან“ და მისთანები, უგუნურ ადამიანებში ცრუ მოსაზრება შეიძლება აღეძრა,  თითქოს, მამა ძეზე ძლიერია და მასზე ადრე არსებობდა, ამიტომ იესო ქრისტე ფანტავს ასეთ სავარაუდო აზრებს შემდეგი სიტყვებით:

     10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი; და განდიდებული ვარ მათში.

ხომ ხედავ, სიტყვების გადაადგილებით მამისა და ძის სრული თანასწორობა რომ ჩანს? ყველაფერი ჩემი შენია, – ეს ნიშნავს, რომ ვინც იესო ქრისტეს მიეცა, ყველა ისინი მამა ღმერთსაც ექვემდებარებიან; და რომ ვინმემ არ იფიქროს, მამა უფრო ძლიერი არისო, დასძინა: შენი კი – ჩემი. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მანამდეც, სანამ მამამ ძეს მისცა, ისინი ძეს ეკუთვნოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ძეს მისცა, მამასაც ეკუთვნოდნენ. ე. ი. ისინი ყოველთვის ორივე მათგანის იყვნენ, როგორც უფლებით თანასწორების. ამრიგად, მაცხოვრის სიტყვები შემდეგი აზრისაა: შენ მე ჩემები მომეცი. თუმცა ეს სიტყვები („რომლებიც მომეცი მე“) უფალმა იმ მიზნითაც გამოთქვა, რომ იცოდნენ: მამის ნების გარეშე მას არ მიუზიდავს ისინი თავისკენ.

და განდიდებული ვარ მათში. მე ხელმწიფება მაქვს შენებზე, როგორც ჩემს საკუთრებზე, მსგავსად იმისა, როგორც შენ გაქვს ხელმწიფება ჩემებზე, როგორც შენს საკუთრებზე. ან სხვაგვარად: მე განვიდიდე ჩემთვის მოცემულ მოწაფეებში, რომლებიც თაყვანს მცემენ და თავიანთ უფლად და ღმერთად მაღიარებენ.

    11. მე უკვე აღარა ვარ ამ სოფელში, ესენი კი ამ სოფელში არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ერთნი, როგორც ჩვენ.

    მე უკვე აღარა ვარ ამ სოფელში, რადგან მოკლე ხანში უნდა მოვკვდე. იესო ქრისტე კვლავ იწყებს თავის სიკვდილზე ლაპარაკს, რომ როგორც კაცმა, თავისი მოწაფეები ღმერთსა და მამას მიაბაროს. ე. ი. სულ მალე ისე აღარ ვიქნები ამ სოფელში, როგორც ახლა ვარ – მათთან ვცხოვრობ, რწმენაში ვამტკიცებ, რჩევა-დარიგებებს ვაძლევ, ვანუგეშებ.

    ესენი კი ამ სოფელში არიან; ჯერ არ კვდებიან და ამიტომ შენს შეწევნას საჭიროებენ. მერე განმარტავს თავის სიტყვებს: „მე აღარა ვარ ამ სოფელში“:   მე შენთან მოვდივარ, – შევასრულე ჩემი საქმე და მოვდივარ შენთან, როგორც ძე მამასთან.

    წმიდა მამაო, დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი. შენი სახელი ყოვლადძლიერია, რომელიც მეც, როგორც ღმერთს, ბუნებითად მაქვს. იესო ქრისტე კვლავ ამბობს: ვინც მე მომეცი, რათა იგი ღმერთის მოწინააღმდეგედ არ ჩათვალონ.

    იყვნენ ერთნი ჩემდამი რწმენითა და ურთიერთსიყვარულით, რასაც უფალი მათ მუდმივად ასწავლიდა.

    როგორც ჩვენ. მანამდე მან ბრძანა: „მე და მამა ჩემი ერთნი ვართ“ (ინ. 10:30). გამოთქმა: „როგორც“, ღმერთთან და ადამიანთან მიმართებით, მხოლოდ ზოგიერთი სახის მსგავსებაზე მიუთითებს. მამა და ძე  ერთნი არიან როგორც არსით, ისე ბევრი სხვა რამეთიც, მათ შორის საკუთარი თანხმობით. ამრიგად, იესო ქრისტე ამბობს: როგორც ჩვენ – განუყოფლობით და განუწყვეტლობით.

    12. როცა ვიყავი მათთან ამ სოფელში, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა წარსაწყმედელის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.      

    როცა ვიყავი მათთან ამ სოფელში, შენი სახელით ვიცავდი მათ. როცა ვიყავი ამ სოფელში როგორც კაცი, რადგან როგორც ღმერთი მასში ყოველთვის ვიყავი. მაშინ მათ შენი ძალით ვიცავდი. რადგან შენი ძალა ჩემი ძალაცაა და მე და შენ ერთნი ვართ. ამ და ამის მსგავს სიტყვებს ქრისტე ლაპარაკობს როგორც კაცი, როდესაც თავისი მოწაფეების უძლურების მიმართ სულგრძელებას იჩენს. მოწაფეებს ხშირად ესმოდათ მისგან გამამხნევებელი სიტყვები, მათ შორის ასეთიც: „თქვენ მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს“ (ინ. 16:22), მაგრამ მღელვარება მათ მაინც არ ტოვებდა. ამიტომ იესო ქრისტე ახლა მამა ღმერთს შესთხოვს მათთვის, რომ მამას მინდობილნი, საბოლოოდ გამხნევდნენ. თავიანთი არასრულყოფილების გამო მოწაფეები უფრო ნაკლებად ენდობობდნენ უფლის ამაღლებულ და ღვთაებრივ სიტყვებს, ვიდრე დამამცირებელ და ადამიანისთვის შესაფერის გამოთქმებს.

    ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა წარსაწყმედელის ძისა. იუდა იყო გამცემი, წარსაწყმედელის დიდი მეგობარი, მისი მოყვარე და მისგან შეყვარებული. წარსაწყმედელში აქ უნდა მოიაზრო ღმერთისგან მოწყვეტა და გაუცხოება, ან თვით ეშმაკი, რომელიც ღუპავს მასზე დამორჩილებულთ, – იუდა ხომ ნებაყოფლობით დაიღუპა საკუთარი ბოროტი ნების შედეგად!

    რათა აღსრულდეს წერილი… დავითისი, რომელიც ხშირად ლაპარაკობს იუდას გამცემლობაზე, განსაკუთრებით 108-ე ფსალმუნში

    

    13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ სოფელში, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.

    იესო ქრისტე კვლავ იმეორებს: ახლა კი შენთან მოვდივარ, როგორც ადრე იმეორებდა: „მე ღვთისგან გამოვედი“ (ინ. 16:27), რადგან სურს, რომ ხშირი გამეორებით მოწაფეები ნათქვამში დაარწმუნოს და ამით მათ დიდი ნუგეში მიანიჭოს.

    და ამას ვამბობ სოფელში, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული. სანამ ჯერ კიდევ სოფელში ვარ, მოწაფეებს ვეუბნები ამას, კერძოდ: შენთან მოვდივარ და „განწმიდე ისინი“ (მუხ.17), რათა სრული სიხარული განიცადონ იმით, რომ დარწმუნებულნი იქნებიან, ჯოჯოხეთი რომ ვერ მძლევს და რომ შენ მათი თანაშემწე იქნები. მართალია, მეტ-ნაკლებად ეს მათ სჯეროდათ, მაგრამ სავსებით დარწმუნებულნი არ იყვნენ, საკუთარ აზრებში მერყეობდნენ და ბოლომდე ვერ მშვიდდებოდნენ.

სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი