საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აღდგომიდან V _ სამარიტელის კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება (06.05.2018)

4 მაისი
კატეგორია: პუბლიკაციები,
aghdgomidan-v-_-samaritelis-kviriakes

23 აპრილი (6 მაისი), 2018

აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირიაკე.

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული.

წირვაზე – საქმ. 11:19-26, 29-30; ინ. 4:5-42

 

 

 

საქმე წმინდა მოციქულთა – 11:19-26, 29-30

 

  1. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კვიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას.

     არცთუ მცირე სამსახური გაუწია ქრისტიანობას ქრისტიანების წინააღმდეგ წარმოებულმა დევნამ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ“ (რომ. 8:28). როდესაც სტეფანეს კლავდნენ, როდესაც პავლე ორჯერ  უკიდურესი საშიშროების წინაშე იდგა, როდესაც მოციქულებს შოლტავდნენ, სწორედ მაშინ მოექცა განსკუთრებით ბევრი წარმართი ქრისტიანობაზე. ამას პავლე მოციქულიც ამბობს:  „პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ“ (საქმ. 13:46).

  1. თუმცა მათ შორის კვიპროსელები და ირინელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.

     ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ. ბერძნებს ალბათ იმიტომ უწოდებდნენ, რომ  მათ არ იცოდნენ ებრაული ენა.

  1. და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.

     გამოთქმა: იყო ხელი უფლისა მათთან, გვიჩვენებს, რომ ისინი სასწაულებს აღასრულებდნენ. ხედავ, რატომ იყო სასწაულები ახლაც საჭირო? იმიტომ, რომ ერწმუნათ.

  1. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიამდეც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა.

და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა. რატომ არ მისწერეს ამის შესახებ პავლეს და წარგზავნეს ბარნაბა? იმიტომ, რომ ჯერ არ იცოდნენ მისი სათნოებების შესახებ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

  1. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. 24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს.

     აი, ბარნაბას ელჩობის ნაყოფი! როდესაც ეს კეთილი კაცი, აღსავსე სულიწმიდის მადლით, თბილი და მტკიცე რწმენით, ანტიოქიაში მივიდა, იხილა იქ ღვთის მადლი, ანუ მორწმუნეთა სასწაულები, რწმენა და სათნოებები, და გაიხარა და გამხიარულდა. ღვთაებრვი მოშურნეობით აღძრულმა, რწმენაში ახალმოქცეულთ სთხოვა, სიმტკიცე და სიმყარე შეენარჩუნებინათ გულის იმ განწყობით, რომლითაც ქრისტე ირწმუნეს და ახლა უკვე მისთვის სათნოდ იღვწოდნენ. ცნობილია, აგრეთვე, რომ იგი ასეთივე მოშურნეობით ასწავლიდა ურწმუნოებსაც და შეაგონებდა მათ, რომ ცდომილებიდან გამოსულიყვნენ და ქრისტესკენ მოქცეულიყვნენ. შედეგმაც არ დააყოვნა და მისი მოსვლის შემდეგ მორწმუნეთა რიცხვი ანტიოქიაში საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ თავად ბარნაბამ ეს არასაკმარისად ჩათვალა, რადგან ხედავდა, რომ  „სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი“ (მთ. 9:37); ამიტომ ანტიოქიიდან წამოვიდა და უფრო უნარიან და გულმოდგინე მოღვაწეს ეძებდა სახარების საქადაგებლად.

  1. მერე ტარსში წავიდ სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა.

     პავლეს ერქვა საულიც (საქმ. 9:4, 17) და სავლეც. ნუთუ მას სამი სახელი ჰქონდა, თუ მხოლოდ ორი? ეგებ საული და სავლე ერთი სახელია და მხოლოდ გამოთქმაშია განსხვავება? ან იქნებ საული და სავლე ერქვა და ღვთაებრივმა მოციქულებმა პავლე დაარქვეს, როგორც  იოსეს – ბარნაბა; იოსებს, რომელსაც ერქვა ბარსაბა – იოსტოსი; იოანეს – მარკოზი (საქმ. 4:36; 1:23; 12:25; 13:9)? ეს უკანასკნელი ვერსია უფრო სარწმუნო მგონია. უცნობია მხოლოდ ის, თუ რატომ მოიხსენიებს ღვთისმეტყველი ლუკა პავლეს სავლედ საქმეთა წიგნის მე-13 თავამდე, ხოლო მე-13 თავში (მუხ. 9) წერს: „სავლე, რომელიც არის პავლე, აღივსო სულიწმიდით და მიაპყრო მას (მოგვს) მზერა“, და ამის შემდეგ უკვე, წიგნის ბოლომდე, მას პავლეს უწოდებს. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მან სავლეს პავლე უწოდა რომაელების ჩვეულების თანახმად, მაგრამ ეს მოსაზარება სარწმუნო არ ჩამს, რადგან არ შეეფერება მოციქულთა ამაღლებულ აზრებს. დავუტევოთ ეს და დავუბრუნდეთ ბარნაბას. მასში ორი დიდი სათნოება უნდა აღვნიშნოთ; პირველი, ესაა – მოციქულებრივი მოშურნეობა, რომლითაც ისე იყო ანთებული, რომ მოყვასის სარგებელს საკუთარზე წინ აყენებდა; მეორე – ის ჭეშმარიტი სიმდაბლე, რომელიც მას აიძულებდა, პავლეზე ბევრი ეფიქრა, საკუთარ თვზე კი ცოტა. ანტიოქიაში მოციქულების მიერ წარგზავნილს, ბარბანაბას იქ პირველობა და ყოველგვარი პატივისცემა ჰქონდა, მაგრამ რწმენისადმი მოშურნეობამ მასში იმძლავრა, ანტიოქიაში პავლე მიიყვანა და გამოაცხადა ის მოძღვრად და მთავარ მქადაგებლად. თავად ბარნაბაც საკმაოდ კარგი და დახვეწილი მასწავლებელი იყო ქრისტეს მოძღვრებისა, როგორც ამას მისი მოღვაწეობა აჩვენებს: მას შემდეგ, რაც იგი ანტიოქიაში ჩავიდა, შეემატა დიდძალი ხალხი უფალს. მაგრამ სიმდაბლე შთააგონებდა, რომ თანამუშაკი სჭირდებოდა, და რომ პავლე, როგორც უსრულყოფილესი, ანტიოქიაში მასზე მეტ ნაყოფს გამოიღებდა. ამიტომ წავიდა ტარსში მის მოსაძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა. აქ პავლეს მოშურნეობა და მორჩილებაც უნდა აღინიშნოს: როგორც კი გაიგო მასთან ბარნაბას მისვლის მიზანი, მაშინვე დაემორჩილა და სიამოვნებით გაჰყვა.

  1. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.

     ღვთაებრივმა ბარნაბამ თავის მიზანს მიაღწია: პავლესთან ერთად ისინი მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. სიტყვები: მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები, ნიშნავს,  რომ ქრისტეს მორწმუნეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები. მართალია, აქ არ ჩანს,  თუ ვის მიერ ეწოდათ, მაგრამ უშეცდომოდ შეგვიძლა დავასკვნათ, – როგორც ზემორე სიტყვებიდან შეგვიძლია დავინახოთ, როგორც გონება გვკარნახობს და როგორც წმინდა მამები ადასტურებენ, – რომ ერთგულ მორწმუნეებს ქრისტიანები ღმერთშემოსილმა მოციქულებმა უწოდეს საღმრთო გამოცხადებით (ათანასე, ნოსელი, ოქროპირი, თეოფილაქტე). ზოგიერთები ამ პატივს პავლეს მიაწერენ, ამბობენ, რომ მან უწოდა მოწაფეებს ქრისტიანები და ამით კიდევ უფრო განადიდა ანტიოქიაში ქრისტეს სახელი. თვით ანტიოქიასა და ანტიოქიელებსაც დიდად გაუთქვა სახელი იმან, რომ მასში პირველად გაისმა სახელი „ქრისტიანი“, და რომ იქ უწოდეს მორწმუნეებს პირველად ქრისტიანები. მანამდე მათ მოიხსენიებდნენ შემდეგი სახელებით: მოწაფეები, ძმები, წმინდანები, ერთგულები, მიმდევრები; იუდეველები კი მათ გალილეველებსა და ნაზარეველებს უწოდებდნენ; ხოლო მას შემდეგ, რაც ანტიოქიაში ქრისტიანები უწოდეს, ამ სახელით დაიწყეს მათი მოხსენიება როგორც მორწმუნეებმა, ისე ურწმუნოებმა. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო“ (1 პეტ. 4:16), – დაწერა წმიდა პეტრემ თავის ეპისტოლეში. „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქმ. 26:28), – უთხრა მეფე აგრიპამ პავლეს.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

   

  1. აშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის.

     იხილე: მათთვის შიმშილიც ცხონების საშუალება ხდება, რადგან დახმარების გაწევის შემთხვევა მიეცათ. იხილე: ისინი ერთად ხდებიან მორწმუნენი და ერთად სწირავენ ნაყოფს (რწმენის შესაფერისს – გასცემენ მოწყალებას), და არა მხოლოდ ახლობლებს, არამედ შორეულებსაც.

  1. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

     გაუზავნეს უხუცესებს. აქედან ცხადი ხდება, რომ მოციქულებს უხუცესების ღირსებაც ჰქონდათ, ისინი ასევე მსახურობდნენ დიაკვნებისა და ეპისკოპოსების ხარისხში.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა იოანე მახარებლისაგან საკითხავი – 4:5-42 

 

  1. მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ ადგილის [სიქემის] მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს6. იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი.

     ჭას იაკობისას უწოდებდნენ, რადგან მისი ამოთხრილი იყო. სიქემი კი იყო ოლქი, რომელიც იაკობმა, ეგვიპტეში სიკვდილის წინ, იოსებს უანდერძა: უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამაპაპათა მიწაზე [სიქემში]. შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით“ (დაბ. 48:21-22). ამიტომ ამ ადგილზე შემდგომში იოსების პირმშოს – ეფრემის ტომი დასახლდა, მის ირგვლივ კი ისრაელის ათი ტომი იყო დამკვიდრებული, რომლებსაც განდგომილი იერობოამი მეთაუროდა. ისინი ხშირად შეურაცხყოდნენ ღმერთს და ამიტომაც ხშირად რჩებოდნენ მისგან მიტოვებულნი. მერე კი ყველა ეს ტომი ტყვედ წაასხეს, ხოლო მათ ადგილზე ასურეთის მეფის მიერ შეკრებილი სხვა ხალხი დასახლდა; სწორედ მათ უწოდებდნენ „სამარიელებს“, – სამარიის მთის სახელწოდების მიხედვით, რომლის ერთ-ერთი ქალაქიც სიქარი იყო; და როგორც ოდესღაც გზად მიმავალი იაკობი გაჩერდა სიქემში, ისე ახლაც, გზად მიმავალი ქრისტე – სამარიაში. მაგრამ იაკობი, როგორც თავად ამბობს, მივიდა მახვილით და მშვილდით, ანუ იქაური მოსახლეობის ამოსაწყვეტად და იმ ადგილის დასაპყრობად, ქრისტე კი მათ გადასარჩენად მივიდა სიტყვითა და სწავლებით. გზით დამაშვრალი იესო, – ამბობს მახარებელი, – ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი. დროც და დაღლილობაც დასაჯდომად აღძრავდა იმას, ვინც ჩვენნაირ სხეულს ატარებდა, რათა დაედასტურებინა ეს და ამით ჩვენთვის სარგებელი მოეტანა მომავალში. როგორც მახარებელი გადმოგვცემს, ის ეული მწირივით ჩამოჯდა ჭასთან, ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად.

  1. მოვიდა სამარიელი ქალი [სათლით] წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ: წყალი დამალევინე.

     უფალს, როგორც კაცს, სწყუროდა, და ჭასთან მოსულ ქალს დარწყულება სთხოვა, როგორც კაცმა, ხოლო როგორც ღმერთი, ხედავდა მის გულს, – მაცხოვნებელი წყალი რომ მოსწყურებოდა. ქალმა არ იცოდა, რომ მის წინაშე სწორედ ის იდგა, ვისაც შეეძლო მისთვის ამ წყლის მიცემა, მაგრამ მაინც უხსნის მას თავის მოწყურებულ სულს. უფალს თავადაც სწყუროდა ისინი, ვისაც იგი სწყუროდა, როგორც დაწერილია. ქალთან საუბარს იესო იწყებს მისთვის ადვილად გასაგები სიტყვებით: წყალი დამალევინე.

წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა

 

ალეგორიული განმარტება. იაკობის ჭა – ეს არის წმინდა წერილი; წყალი – მისი შემეცნება; მისი სიღრმე აზრების სიღრმეა; სათლი  – ღვთის სიტყვის შესწავლა წმინდა წერილის მეშვეობით. უფალს არ ჰქონდა სათლი, რადგან ის თავადაა სიტყვა და სიბრძნე და ასწავლიდა არა წმინდა წერილის განმარტებით, არამედ სულიერი მადლის გადაცემით.

სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი

 

  1. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად.

     მოწაფეები არ ატარებდნენ თან საჭმლის მარაგს, რადგან ნასწავლი ჰქონდათ, რომ უნდა უგულებელყოთ მუცლის მოთხოვნილება და მასზე მხოლოდ მაშინ ეზრუნათ, როცა ამას მათი ბუნება მოითხოვდა. მაგრამ რატომ არ აღასრულა იესომ სასწაული და რატომ თვითონ არ მისცა მოწაფეებს საჭმელი? ყველაფერი სასწაულებრივად რომ გაეკეთებინა, როგორც ღმერთს, მაშინ არ დაიჯერებდნენ, რომ ის კაციც იყო. ზუსტად ასევე, ყველაფერში პირიქით რომ მოქცეულიყო, არ დაიჯერებდნენ მის ღმრთაებრიობას. ამიტომ ზოგჯერ იგი კაცივით იქცევა, რითაც თავის ადამიანობას ამტკიცებს, ხოლო ზოგჯერ სასწაულებს აღასრულებს, რითაც აჩვენებს, რომ ღმერთია.

სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი

 

  1. და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან.

     ეს სამარიელი ქალი იზიარებდა იმ დროისათვის საყოველთაოდ დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ ადამიანს უნდა სძულდეს არა მხოლოდ გადამტერებული ერი, არამედ ამ ერის თითოეული წარმომადგენელი. კეთილი სამარიელის შესახებ იგავში უფალი ხაზს უსვამს იუდეველების სიძულვილს სამარიელთა მიმართ, ამ შემთხვევაში კი ჩანს სამარიელების მხრიდან იუდეველების სიძულვილი. იმისათვის, რომ ხალხებს შორის სიძულვილის კედელი დაინგრეს, საჭიროა, ჯერ ცალკეულ ადამიანებს შორის დაინგრეს ეს კედელი. ეს არის ერთადერთი გონივრული საშუალება კაცობრიობის განკურნებისა ურთიერთსიძულვილის მძიმე ავადმყოფობისგან.

 

  1. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ.

     ღმრთის ნიჭი შეიძლება გავიგოთ როგორც მატერიალური, ისე სულიერი მნიშვნელობით. მატერიალურია ყველაფერი ის, რაც ღმერთმა თავისი მოწყალებით შექმნა, რათა ადამიანმა ისარგებლოს და მოიხმაროს. ჰოი, დედაკაცო, შენ რომ იცოდე, რომ ეს წყალი თავისი წარმოშობით არც სამარიულია და არც იუდაური, არამედ ღვთაებრივია,  და რომ ღმერთმა ის ყველა ადამიანისთვის შექმნა, და არა მხოლოდ სამარიელების ან იუდეველებისთვის, მაშინ  შიშითა და ძრწოლით ამოიღებდი მას ჭიდან, როგორც ღვთის ნაბოძებს და მოწყურებულ ადამიანს, ღვთის ქმნილებას, დიდი მოკრძალებით დაარწყულებდი.

     სულიერი მნიშვნელობით კი ღმრთის ნიჭში თავად უფალი იესო ქრისტე მოიაზრება. ჯერ ადამიანს მთელი ხილული სამყარო უბოძა, ახლა კი კაცთმოყვარე უფალი მას საკუთარ თავსაც ჩუქნის. ჰოი, დედაკაცო, შენ რომ იცოდე, რაოდენ ძვირფასი საჩუქარი გამოუგზავნა ღმერთმა სამარიელებსაც, იუდეველებსაც და ყველა სხვა დანარჩენ ხალხსაც ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მაშინ სული შეგიძრწუნდებოდა, სიხარულისგან ატირდებოდი, გაოცებისგან დამუნჯდებოდი და იუდეველებთან შუღლს აზრადაც კი არ გაივლებდი. ხოლო შენთვის რომ გაცხადებული ყოფილიყო მთელი იდუმალება იმისი, ვინც შენ ახლა გესაუბრება, ვინც ხორციელი მსჯელობით ჩვეულებრივი კაცი გგონია, ლაპარაკის კილოთი და სამოსლით კი – იუდეველი, მაშინ თავად შესთხოვდი მას და იგი ცოცხალ წყალს მოგცემდა. წყალში უფალი მორწმუნეებისათვის აღთქმულ სულიწმიდის მადლმოსილ და ცხოველმყოფელ ძალას გულისხმობს. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. ეს თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ(ინ. 7:38-39).  ქალმა აქედან ვერაფერი გაიგო და შეეპასუხა.

  1. ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი?

     მსახურები არა გყავს, ჭურჭელი არა გაქვს, ჭა კი ღრმა არის, როგორ შეძლებ ცოცხალი წყლის ამოღებას? გადაცმული უფალი ქალს ჩვეულებრივი, უძლური ადამიანი ეგონა. ცოცხალ წყალს როგორც მაშინ, ისე ახლაც, წყაროს წყალს უწოდებდნენ ნაწვიმარისგან განსხვავებით, რომელსაც ჭებსა და წყალსაცავებში აგროვებდნენ. მაგრამ ჭის წყალსაც უწოდებდნენ ცოცხალს, თუკი მის ფსკერზე წყარო ამოსჩქეფდა და ჭას ავსებდა. შესაბამისად, ამ ქალის აზრები ჯერ კიდე ჭის ფსკერის ირგვლივ ტრიალებს, სადაც, მისი შეხედულებით, ცოცხალი წყლის სათავე მდებარეობს.

  1. ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?

     მაგრამ მას აქვე  სხვა აზრი ებადება, რომელიც აიძულებს, უფალს შეკითხვა დაუსვას: ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც? რაც ნიშნავს: ნუთუ შენ შეგიძლია წყლის სხვა წყარო შექმნა? მამამთავარ იაკობს ეს ჭა არ შეუქმნია – მხოლოდ შემოზღუდა და მოაწყო. შენ რომ შეგძლებოდა ცოცხალი წყლის წყაროს შექმნა, მაშინ მამამთავარ იაკობზე უმეტესი იქნებოდი. ნუთუ ასეა? იაკობის ეს ჭა იმდენად უხვწყლიანია, რომ მისგან თავადაც სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც; ახლა კი მთელი შემოგარენი სვამს აქედან, ასევე – მოგზაურები, ყველა გამვლელ-გამომვლელი, და ასეა მრავალი ასეული წელი. წყალს ჭაში არასდროს დაუკლია. ნუთუ შენ ამაზე მეტის გაკეთება შეგიძლია?

     ეს ქალი, ერთი მხრივ, თავისი წინაპრებით ამაყობს, მეორე მხრივ, მის სიტყვებში ეჭვზე მეტად დაცინვა ჩანს. ისეთი უხეში და აშკარა დაცინვა – არა, როგორც იაიროსის ასულის აღდგენისას გამოიჩინა ხალხმა უფლის მიმართ (მთ. 9:24), მაგრამ მაინც დაცინვაა – ირიბი და შეფარული. თუმცა უფალზე ამას არ უმოქმედია – მისი მტკიცე გადაწყვეტილებაა, ამოიყვანოს ადამიანები ცოდვის ჭაობიდან და ამისთვის მზად არის, ნებისმიერი დაცინვა დაითმინოს როგორც ეშმაკების, ისე ადამიანების მხრიდან. ამრიგად, იესო არ საყვედურობს ქალს და მისი სულის გადარჩენაზე ზრუნვას განაგრძობს.

  1. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.

     მისი პასუხი არ არის ისეთი, როგორსაც სამარიელი დედაკაცი ელოდებოდა. უფალს არ სურს, მას თავის უპირატესობაზე ესაუბროს. ამ ქალისგან განსხვავებით, იესო ქრისტე ხედავს, თუ რა არის მათ შორის გაუგებრობის მიზეზი, კერძოდ, თავად საუბრობს სულიერ და ცხოველმყოფელ სასმელზე, ხოლო სამარიელი ქალი, მიჩვეული ფიქრს მხოლოდ გრძნობადი და მიწიერი აზრებით, ხილულ წყალს გულისხმობს, რომელიც ხორციელი წყურვილის წუთიერი დარწყულებისთვის არის ღმერთისგან მოცემული.

  1. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.

     ცოცხალი წყალი, რომლის შესახებაც უფალი საუბრობს, არის ღვთაებრივი ცხოველმყოფელი მადლი – სულის გამომკვებავი და დამარწყულებელი და, ამგვარად,  მარადიულ ცხოვრებაში შემყვანებელი უკვე აქ, მიწიერ ცხოვრებაში. როდესაც ეს ცხოველმყოფელი მადლი  ღირსეულ ადამიანში ივანებს, მისთვის ცხოვრების, სიხარულისა და ძალმოსილების წყარო ხდება.

  1. უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.

     სამარიელი ქალი მაინც თავის აზრზე რჩება, მაინც მიწიერ წყაროს წყალზე ფიქრობს. ყველაზე მეტი, რაც შეეძლო მას ქრისტეს შესახებ ეფიქრა, იყო ის, რომ მიეჩნია იგი ვიღაც  გრძნეულად, რომელსაც მაგიური მოქმედებების საშუალებით შეუძლია, გარკვეული სახის სასწაულები აღასრულოს. ამ უგუნური აზრებიდან გამოსარკვევად, უფალი სულ სხვა თემაზე იწყებს მასთან საუბარს.

  1. უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი.

     მისი თავდაპირველი ამოცანაა, ამ ქალს სულიერი აზროვნება ასწავლოს. უფალი არ ახდენს მის თვალწინ სასწაულებს, მაგრამ წარმოუდგება მას როგორც წინასწარმეტყველი და ფარულ საქმეთა მჭვრეტელი, – რაც ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენს, როგორსაც სასწაულების აღსრულება.

წადი, დაუძახე შენს ქმარს. უფალმა იცის, რომ მას ქმარი არა ჰყავს, მაგრამ სურს, მისგან მოისმინოს პასუხი (თავისი ყოვლისმცოდნეობითა და წინასწარხედვით იგი მას საოცარ მოულოდნელობას უმზადებს).

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი

    

  1. მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო.

     ყველასათვის ცხადია, რომ უფალმა იცოდა, ამ ქალს კანონიერი ქმარი რომ არ ჰყავდა, მაგრამ არარსებულ ქმარზე იმიტომ ჰკითხა, რომ დაფარული გამოეშკარავებინა. სამარიელი ქალისთვის ეს სასარგებლო გამოდგა იმით, რომ უფალს მან უკვე სულ სხვა თვალით შეხედა: ამ კაცმა სასწაულებრივად იცის მისი საიდუმლო; ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. უფალმა მოუწონა პასუხი, რომ ქმარი არა ჰყავს, თუმცა მრავალთან იყოფდა სარეცელს, მაგრამ ერთია, ვინმესთან ავხორცი თანაცხოვრება და მეორეა, კანონიერი და უბიწო ქორწინება წმინდა სიყვარულის ნიადაგზე.

წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი

 

  1. ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი.

     ამ სიტყვებით ქრისტემ ის ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.

     იუდეველები სასირცხვილოდ მიიჩნევდნენ სამარიელ ქალთან ქორწინებას; ამით იუდას მაგალითს ჰბაძავდნენ, რომელმაც თავის ძეს, სელომს, არ მოაყვანინა ცოლად თამარი (დაბ. 38:11, 14, 26). ამიტომაც მრუშობდა ეს გზასაცდენილი ქალი, და უფალმაც ზუსტად უთხრა: ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი.

ღირსი ეფრემ ასური

 

  1. უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.

ჰოი, დედაკაცო! რომელ წინასწარმეტყველს ხედავ მასში? იმას ხომ არა, ვის შესახებაც მოსე წერდა: წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი(2 რჯ. 18:15), თუ სხვა ვინმეს? ხედავ თუ არა მასში იმას, ვისთვისაც ცნობილია შენი გულის ყველა იდუმალება? განა ფარულ ცოდვაზე  მინიშნებამ არ აღიარებინა მას იესო ქრისტე წინასწარმეტყველად: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხა? ამის შემდეგ მას უკვე დავით წინასწარმეტყველთან ერთად უნდა ეღაღადა: საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე (ფს. 18:13)!

ასე იჯდა ღმერთი და ქალთან საუბრობდა. იხილე უდიდესი კაცთმოყვარეობა – ქერუბიმებზე მჯდომი მრუშ დედაკაცთან ზის და საუბრობს!

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

 

  1. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.

    სამარიელებსა და იუდეველებს შორის არ წყდებოდა კამათი იმის შესახებ, თუ სად უნდა ეცათ თაყვანი ღმერთისთვის. რა უფრო სათნოა მისთვის: თაყვანისცემა სამარიის [გარიზიმის] მთაზე თუ იერუსალიმში? ვინ არიან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები და ნამდვილი მლოცველები – ვინც ამას აქ აღასრულებენ თუ იქ?

     ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს.

     სამარიელი დედაკაცი არ ამბობს: „ჩვენ“ არამედ: ჩვენი მამები, რათა მეტი მნიშვნელობა შესძინოს ამ მთას და უფრო გაამართლოს მისი თანამედროვე სამარიელები. ეს ნიშნავს: ჩვენ კი არა, ჩვენმა მამებმა აირჩიეს ეს მთა ღვთის თაყვანსაცემად, რომლებიც ჩვენზე აღმატებულნიც იყვნენ და ჩვენთან შედარებით ღმერთთანაც მეტი სიახლოვე ჰქონდათ. უფალი, როგორც მანამდე, არც ახლა აძლევს მას გარკვეულ პასუხს – არც „კის“ ეუბნება, არც „არას“. იგი განაგრძობს მისი სულის გამოღვიძებას და სულ მაღლა და მაღლა აჰყავს იგი.

  1. ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.

     მერწმუნე, ქალო. მერწმუნე მე და არა იმათ, ვინც გეუბნება, რომ ღმერთს ამ მთაზე უნდა სცე თაყვანი; ნურც იერუსალიმში თაყვანისმცემელთა  მომხრეებს ერწმუნები. მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. უფალი განზრახ იყენებს სიტყვას „მამა“, – „ღმერთის“ ან „ღმერთების“ ნაცვლად, რათა ამით აჩვენოს, რომ ღმერთის ახლებური გაგებით, როგორც მამის, ახალი თაყვანისცემა იქნება შემოღებული. მამის თაყვანისცემა არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ ადგილზე, ამიტომ სრულიად გაუქმდება ორივე ადგილის გამორჩეულობა. უფალი ამით წინასწარმეტყველებს იმას, რაც მისი ამქვეყნად მოსვლის შედეგად მალევე აღსრულდა. მართალია, ის აქ ამ ორივე ადგილის განსაკუთრებულობას ერთმანეთთან ათანაბრებს და მათ გაუქმებას წინასწარმეტყველებს, მაგრამ ღვთისმცოდნეობაში იუდეველების გარკვეულ უპირატესობას სამარიელებზე მაინც აღიარებს.

  1. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.

     უფალი ხედავს, რომ სამარიელი დედაკაცი მას იუდეველად მიიჩნევს და ამიტომ მისი შეხედულების შესაბამისად ლაპარაკობს. თქვენ, სამარიელებმა, არ იცით, რას სცემთ თაყვანს, რადგან მრავალ ღმერთს, მრავალ კერპს ეთაყვანებით; თქვენ ვითომცდა აბრაამისა და იაკობის ღმერთს სცემთ თაყვანს, მაგრამ ამასთანვე, ასურეთისა და ბაბილონის უამრავ კერპსაც ეთაყვანებით. იუდეველებმა კი, როგორც უნდა იყოს, ერთი ღმერთი იციან, თუმცა  თქვენსავით გაქვავებული გულით, დაბნელებული გონებითა და მკვდარი ტრადიციებით ემსახურებიან მას; და მაინც, ხსნა იუდეველთაგან არის, ანუ მესია იუდეველთა შორის იშვება და მისგან გადარჩება მთელი მსოფლიო. ასეთი აღთქმა მიიღეს მამებმა, ასეა ნაწინასწარმეტყველები, ასეთია ღვთის განგებულება და ყველაფერი ასეც აღსრულდება.

  1. მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს.

     სამარიაში ცრუ თაყვანისცემაა, რადგან სამარიელებმა არ იციან, რას ეთაყვანებიან. რაც შეეხება იერუსალიმს, იქაური თაყვანისცემა მხოლოდ ჩრდილია ჭეშმარიტი თაყვანისცემისა, ჩრდილია მომავალი სიკეთეებისა (ებრ. 10:1). სიცრუეც მალე გაქრება და ჩრდილიც, და გამეფდება ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. დაიბადა ახალი დღის მზე, ახალი დღე სულ უფრო იზრდება და ფანტავს სიბნელესა და ჩრდილს. დადგება დროის სავსება, ახლა კი მისი მხოლოდ ცისკარია. როდესაც ახალი დღის ნათელი სრულად გაბატონდება და ხალხი შეიცნობს ღმერთს, როგორც მამას, მაშინ ადამიანები მას შვილებივით მიაგებენ პატივს, და არა როგორც მონები. რაც ნიშნავს, რომ მათი თაყვანისცემა არ იქნება აღსრულებული მხოლოდ ლიტონი სიტყვებითა და ლიტონი მსხვერპლით, არამედ – სულითა და ჭეშმარიტებით, რწმენითა და საქმეებით, სიბრძნითა და სიყვარულით. ადამიანი სულისა და ხორცისგან შედგება და ერთსაც და მეორესაც შესწირავს ღმერთს,  ერთითაც და მეორითაც მის სამსახურში ჩადგება. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები პატივს მიაგებენ არა ქმნილებას, არამედ ყოველთა შემოქმედს; არა ბოროტ სულებს, ღმერთად რომ ცრუდ არიან წოდებულნი, არამედ სინათლისა და ჭეშმარიტების ერთ ყოვლადმოწყალე ღმერთს. სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს ღმერთი თავისთვის.

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი

 

  1. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.

      როდესაც ქრისტე ამბობს: ღმერთი სულია, ამით გამოხატავს, რომ იგი უსხეულოა. უსხეულოს კი ასეთივე მსახურება შეშვენის და უნდა აღსრულდეს იმით, რაც ჩვენში უსხეულოა, ანუ – სულითა და გონებით. ამიტომაც ამბობს: მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. ვინაიდან სამარიელებიც და იუდეველებიც სულზე არ ფიქრობდნენ, მაგრამ ბევრს ზრუნავდნენ სხეულზე და მის განწმედაზე, ამიტომ უფალი ამბობს, რომ არა სხეულის განწმედით, არამედ იმით, რაც ჩვენში უსხეულოა, ანუ გონებით, უნდა ვემსახუროთ უსხეულოს. ასე რომ, ტარიგი და ზვარაკი კი არა, საკუთარი თავი უნდა შევწიროთ ღმერთს ყოვლადდასაწველად, ეს ნიშნავს: წარვუდგინოთ ღმერთს „ცოცხალი მსხვერპლი“ (რომ. 12:1) და „თაყვანი ვცეთ სულითა და ჭეშმარიტებით“. წინანდელი დადგენილებანი, როგორიც იყო: წინადაცვეთა, ყოვადდასაწველი მსხვერპლის შეწირვა, საკმეველი – ყველაფერი ეს მხოლოდ წინასახე იყო, ახლა კი ყველაფერი ჭეშმარიტებაა. ხორცი კი არ უნდა დავიცვითოთ, არამედ მზაკვარი აზრები; თავად უნდა ვეცვათ ჯვარს და მოვიკვეთოთ და მოვაკვდინოთ უგუნური სურვილები.

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

 

  1. ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ.

საიდან იცოდა სამარიელმა ქალმა, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე? რა თქმა უნდა, მოსეს წიგნებიდან. სამარიელებმა მიიღეს მოსეს ხუთწიგნეული და იქიდან იცოდნენ ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველება, რომ იგი არის ძე ღვთისა.

 „შევქმნათ კაცი (დაბ. 1:26)  – აქ, ცხადია, მამა მიმართავს ძეს; აბრაამთან კარავში მოსაუბრე იყო ძე (დაბ. თავ. 18); მასზე წინასწარმეტყველურად ლაპარაკობდა იაკობი: არ მოაკლდებმთავარი იუდასგან, ვიდრე არ მოვა, ვისთვისაც გამზადებულია“ (დაბ. 49:10); და თავად მოსეც: წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი(2 რჯ. 18:15); ასევე, წმინდა წერილის სხვა მრავალი ადგილი გვაუწყებს ქრისტეს მოსვლას. ამიტომაც ამბობს ეს ქალი: ვიცი, რომ მოვა მესია.       

  1. მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე.

     ამგვარად, როგორც კი საუბარში ამის მოთხოვნილება გამოიკვეთა, უფალმა უმალვე განუცხადა სამარიელ ქალს საკუთარი თავი. მას რომ თავიდანვე ეთქვა: ქრისტე – ეს მე ვარ, ჯერ ერთი, ვერ დაარწმუნებდა, მეორეც – ქედმაღალი და ამპარტავანი გამოჩნდებოდა. ახლა კი, როცა თანდათანობით გაახსენა მას ქრისტეს შესახებ აღთქმა, უკვე საკუთარი თავიც განუცხადა. და მაინც, რატომ უთხრა ამ ქალს, რომ იგი არის მესია, იუდეველებს კი, ხშირად რომ ეკითხებოდნენ: გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე?“, არ ეუბნებოდა? იმიტომ, რომ მათი მიზანი ჭეშმარიტების შეცნობა კი არა, დაცინვა და ცილისწამება იყო, ამას კი კეთილი განზრახვა ჰქონდა; ეს ეკითხებოდა გულის უბრალოებით და ჭეშმარიტების შეცნობის სურვილით. ეს მისი შემდგომი მოქმედებიდან ჩანს: როგორც კი მესია გაეცხადა, მაშინვე თავადაც იწამა და სხვებიც მიიზიდა მისკენ და, საერთოდ, ყოვლადვე მტკიცე და მორწმუნე დედაკაცად წარმოჩნდა.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

  1. ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს რას ეძებ, ან რას ელაპარაკები?

    რატომ გაუკვირდათ იესოს მოწაფეებს, რომ იგი ქალს ელაპარაკებოდა? არა იმიტომ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, არამედ – ასეთ ქალს, ანუ სამარიელს, რადგან იუდეველებს სძულდათ სამარიელები და მათთან ურთიერთობას თაკილობდნენ, როგორც ამას მახარებელი ზემოთ ამოწმებს: ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან“ (ინ. 4:9). გაკვირვება იმანაც გამოიწვია, რომ იესოს არ ჰქონდა ჩვეულებად, ქალთან პირისპირ ესაუბრა. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი მიზეზი უფრო სარწმუნოა, რადგან მახარებელი არ ამბობს, რომ მოწაფეები სამარიელთან მისმა საუბარმა გააკვირვა, არამედ, უბრალოდ, ქალთან. თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა, ეკითხა უფლისთვის: რას ეძებ, ან რას ელაპარაკები? ვინაიდან მოძღვრის მიმართ მათ დიდი პატივისცემა და მორიდება ჰქონდათ, ამასთან, ჩვენც გვასწავლიან, რომ თავი შევიკავოთ უსარგებლო ცნობისმოყვარეობისგან.

  1. ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: 29. მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?

     იხილე სულის მხურვალება და რწმენისადმი მოშურნეობა! იგი ჭასთან ნივთიერი წყლისთვის  მივიდა, მაგრამ ღირს იქმნა ცხოველმყოფელი წყლის მიღებისა. მაშინვე დატოვა იქვე თავისი სარწყული (სათლი), როგორც ღვთაებრივმა მოციქულებმა დატოვეს სათევზაო ბადეები და ქალაქში გაიქცა საქადაგებლად და კეთილი უწყების გასავრცელბლად. მიდით, – ეუბნება ის თავის თანამოქალაქეებს, – იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია. სიმდაბლემ გადაწონა ბუნებრივი სირცხვილი. არ უთქვამს: მიდით და წინასწარმეტყველი ან გულთამხილველი იხილეთო, არამედ – კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენია, ანუ ჩემი დაფარული საქმეები. მას უკვე სწამდა, რომ იგი ქრისტე იყო, მაგრამ სამარიელებისთვის პირდაპირ არ უთქვამს: ეს ქრისტეა, არამედ ეჭვნარევად ეუბნება: ქრისტე ხომ არ არის იგი? ასე იმიტომ ეუბნება, რომ უფრო მეტად აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა, რათა ისინიც მივიდნენ ქრისტესთან, მოისმინონ მისი მოძღვრება და იწამონ, როგორც მან იწამა.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

 

  1. გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.

     ერთს ან ორს კი არ მოუწოდებს, ანდრიას ან ფილიპეს მსგავსად,  არამედ მთელი ქალაქი მოჰყავს მოძრაობაში და ხალხის დიდი სიმრავლე მიჰყავს უფალთან.

  1. ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: რაბი, ჭამე!

     სთხოვეს – მათ მშობლიურ ენაზე ნიშნავს: არწმუნებდნენ. მოწაფეები ხედავენ, რომ მოძღვარი დაიღალა გზისგან და სიცხისგან და არწმუნებენ, რომ უნდა ჭამოს. ეს სიყვარულით იყო გამოწვეული და არა მოუთმენლობით.

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

  1. იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით. 33. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?

     უფალი ლაპარაკობს სულიერ საჭმელზე, მოწაფეები – ხორციელზე. თითქმის იგივე სცენა მეორდება, რომელიც  სულ ახლახან იყო სამარიელ ქალთან საუბარში, როდესაც უფალი მას  სულიერ წყალზე ესაუბრებოდა, ის კი ჭის წყალს გულისხმობდა. აქაც იესო ლაპარაკობს სულიერ საზრდოზე, რომლის მჭამელსაც აღარასოდეს მოშივდება, მოწაფეები კი ხორციელ საჭმელზე ფიქრობენ.

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი

 

  1. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.

    მისი მომავლინებელი მამის ნება და მისთვის დავალებული საქმე – ეს არის ადამიანების გამოხსნა; და ამას საჭმელს უწოდებს, რათა თვით სახელწოდებით აჩვენოს, რომ ადამიანების გადარჩენის დიდი სურვილი აქვს: როგორც მშიერს სურს ჭამა, ისე უფალს – ხალხის ცხონება. ამბობს, რომ მოვლინებულია მამის მიერ, ან როგორც კაცი, ან როგორც სიტყვა – წარმოშობილი მის მშობელ გონებაში, ან – მამისთვის პატივის მისაგებად.

  1. განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად.

     მოწაფეები, რა თქმა უნდა, გრძნობად მკაზე საუბრობენ, იესო ქრისტე კი სულიერზე და პირდაპირ მიუთითებს მასზე, რადგან ყანებს უწოდებს მისკენ მომავალი სამარიელების სიმრავლეს; თანაც – თეთრს, რადგან ისინი მზად იყვნენ უკვე რწმენის მისაღებად. როგორც გადათეთრებული ყანები მზადაა სამკალად, ასევე მზად არიან სამარიელები  რწმენაში მოსაქცევად.

სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი

    

  1. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც.

     იხილე, როგორი განსხვავებაა ხორციელსა და სულიერ მკას შორის: ვინც ნივთიერს იმკის, ის ხრწნად და დროებით ნაყოფს აგროვებს; ხოლო ვინც სულიერს, ანუ ცდომილებიდან გამოჰყავს ადამიანები, ის – მარადიულს; ე. ი. თავისი მოსავალი – მორწმუნენი – შეჰყავს ნეტარ და დაუსრულებელ ცხოვრებაში. შემდეგ, ნივთიერ მიწათმოქმედებაში მთესველი კი არა, მომკელი ხარობს, რადგან ის თავისი შრომის ნაყოფითა და ჯილდოთი ტკბება. სულიერი მიწათმოქმედებით კი ერთნაირად ხარობენ მთესველიც და მომკელიც, – ძმების მომაქცეველიც და მომპოვებელიც. წინასწარმეტყველებმა დათესეს ღვთის შემეცნების პირველი თესლები, მოციქულებმა კი სახარების ქადაგებით გაანაყოფიერეს წინასწარმეტყველური თესლები და მოიმკეს რწმენის თავთავები იესო ქრისტეს მორწმუნეთაგან. ამიტომ ერთი გამოუთქმელი სიხარულით ხარობენ მთესველი წინასწარმეტყველებიც და მომკელი მოციქულებიც.

  1. რადგან ეს სიტყვა ამით არის ჭეშმარიტი, რომ სხვა არის მთესველი და სხვა – მომკელი.

     რომელია ჭეშმარიტი სიტყვა? ის, რომ ერთი თესავს და მეორე მკის. ეს ადამიანთა საქმეებშიც ჩანს: მინდორში ხშირად ერთი თესავს, მოსავალს კი მეორე იღებს.  მაცხოვარი ამბობს: ამით არის ჭეშმარიტი, – ეს ნიშნავს: იმ საქმეს, რომლის შესახებაც ვსაუბრობ, ეს ჭეშმარიტი სიტყვა ამოწმებს. მამამთავრებმა და წინასწარმეტყველებმა კეთილმსახურების მარცვლები დათესეს ადამიანის გულებში, რადგან ასწავლიდნენ ჭეშმარიტი ღმერთისა და  ჩემი განკაცების შესახებ; თქვენ კი მათი სწავლების ნაყოფს სრულყოფილს ხდით სახარებისეული ქადაგების სასუქით და იმკით მოსავალს – შეგყავთ მორწმუნენი ზეციურ სასუფეველში.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

 

  1. მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში.

     ახლა მათ უკვე მთელ საიდუმლოს უცხადებს და  სიტყვიდან საფარველის ახსნით აშკარად  წარმოუდგენს ნათქვამის აზრს. მაცხოვარს უყვარს წინასწარმეტყველებიც და მოციქულებიც; არც წინასწარმეტყველებს უკარგავს შრომას მოციქულების საქმეში, არც მარტო წმინდა მოციქულებს აკუთვნებს მომავალი ცხონების მთელ დიდებას, არამედ აერთიანებს და ერთმანეთში ურევს მათ ღვაწლსა და საქმეებს. ის ამბობს, რომ სამართლიანობის თანხმად, ერთნაირ ქებას იმსახურებენ წინასწარმეტყველები და მოციქულები. იგი ამტკიცებს, რომ მოციქულები წინასწარმეტყველების შრომას შეუერთდნენ და არავის მისცეს უფლება, უგულებელყოთ წინამორბედების პატივი, პირიქით, ყველას არწმუნებდნენ, დიდებით მოეხსენებინათ ისინი, როგორც მათზე წინ მდგომნი ღვაწლითა და დროით. ვინ არ დაეთანხმება მათ, რაც ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე გაკვეთილი უნდა იყოს?

  1. და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო.

     ამ სიტყვებით კვლავ განიკითხება ისრაელი და სამარიელთა კეთილმორჩილებით იმხილება მისი უმეცრება და სიჯიუტე. მახარებელი უაღრესი გაოცებით ამბობს:  იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა ქრისტე ქალის სიტყვებით, მაშინ როდესაც რჯულში აღზრდილი იუდეველები ასეთ ცნობიერებამდე ვერ მივიდნენ, ვერც მოსეს სიტყვები მიიღეს სათანადოდ და ვერც სხვა წინასწარმეტყველების ნაქადაგები.   ამგვარად, დიდი სიბრძნით ამზადებს, ან, უკეთ რომ ვთქვათ, წინასწარ იცავს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ისრაელს უნდა ჩამოერთვას მადლი და ქრისტეს იმედი, მისი ადგილი კი წარმართების ანუ უცხოტომელების კეთილმორჩილმა სიმრავლემ დაიკავოს.

  1. ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ. 41. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო.

     მახარებელი უბრალო სიტყვებით გადმოგვცემს მომხდარ ამბავს. ამასთან, ის  წარმოგვიდგენს  სხვა მტკიცებულებას იმისას, რომ ისრაელს სამართლიანად უნდა წაერთვას იმედი და გადაეცეს ის უცხოტომელებს: მრავალგვარი სასწაულის აღმსრულებელი და ღვთივმშვენიერი დიდებით გაბრწყინებული იესო იუდეველებმა სასტიკი და გაუსაძლისი ეჭვებით შეურაცხყვეს და  იქამდე მივიდნენ, რომ გამძვინვარებულებმა საკუთარი კეთილდღეობის მიზეზს უსირცხვილოდ დაუწყეს დევნა. სამარიელები კი, პირიქით, ერთი ქალის სიტყვებით დარწმუნდნენ, რომ ის იყო მესია  და სასწრაფოდ მისკენ გაეშურნენ; ხოლო, როცა მივიდნენ და იხილეს, მთელი გულით შეევედრნენ, დარჩენილიყო მათთან და მაცხოვნებელი სწავლება ექადაგა. ქრისტე სიამოვნებით თანხმდება, რადგან ხედავს, რომ მადლი უნაყოფოდ არ დარჩება, და მართლაც – უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო. აქედანაც გამოიტანონ დასკვნა ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავმა ადამიანებმა, რომ ქრისტე მის შეურაცხმყოფლებს განეშორება და ივანებს მათში, ვინც მორჩილებითა და რწმენით ახარებენ მას.

წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი

    

  1. ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე.

     რას უქადაგებდა უფალი სულიერად მოწყურებულ და მოშიებულ სამარიელებს, ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს ჩაუწერელი დარჩა. მაგრამ არანაირი ეჭვი არ არსებობს იმისა, რომ მისი სიტყვები იყო ცოცხალი წყალი, რომლის შემსმელსაც უკუნისამდე არ მოსწყურდება, ის იყო ცხოვრების პური, რომლის მჭამელსაც არასდროს მოშივდება. ეს იხილვება, უპირველესად, რწმენაში მოქცეულთა სიმრავლეში, მეორეც, მათი მხრიდან  ქრისტეს სარწმუნოების სწორად აღიარებაში.

     ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე. მრავალ ღმერთებთან ერთად, სამარიელებს გარკვეულწილად ისრაელის ღმერთიც სწამდათ. თუმცა იმიტომ კი არა, რომ შეიცნეს იგი, არამედ ისრაელს, ანუ იაკობს სცემდნენ პატივს, რომელიც ოდესღაც მათ შორის ცხოვრობდა. აი, სამარიელი ქალიც ლაპარაკობს ჩვენი მამის, იაკობის შესახებ. სამარიელებს უეჭველად ექნებოდათ გაგონილი იაკობის სახელთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება, რომ მისგან უნდა აღმობრწყინებულიყო ვარსკვლავი. როდესაც მოაბიტელთა მეფე ბალაკი ისრაელის ხალხს ეომებოდა, მან იხმო მოგვი ბალაამი, რათა მას ისრაელზე ბალაკის გამარჯვება ეწინასწარმეტყველა და ამით მისი ჯარი გაემხნევებინა. ამ სამსახურის გაწევისათვის ბალაამს  მან დიდი ჯილდოები აღუთქვა,  ისიც მივიდა მის ბანაკში. მაგრამ როდესაც დააპირა ომის შედეგის წინასწარ გამოცხადება ბალაკის გულის სურვილისამებრ, მოულოდნელად მას ღვთის სული მოეფინა და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ღვთის ნების ქადაგება დააწყებინა: „რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ! შენი სადგომები, ისრაელ! როგორც გაშლილი ჭალები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები. იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან და მისი თესლი დიდ წყლებში იქნება; აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე და აღზევდება მისი სამეფო…“. რისხვით აინთო მის მიმართ ბალაკი, რადგან მტრების შესაჩვენებლად მიიწვია, ის კი მათ ლოცავდა და ადიდებდა. მაგრამ ბალაამს არ შეშინებია და განაგრძო: „ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა; ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგებისა, უზენაესის ზრახვათა შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან“ (რიცხ. თავ. 24). და აი, გამოჩნდა ის, ვისაც ბალაამი შორიდან ხედავდა; აღმობრწყინდა იაკობის ვარსკვლავი, მზეზე ბრწყინვალე და ყველაზე მშვენიერ სიზმარზე უმშვენიერესი; და იხილეს სამარიელებმა და გაიხარეს დიდი სიხარულით; დარწყულდნენ უკვდავების სასმისით და განცხოველდნენ მარადიული ცხოვრებით.

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი