საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აღდგომიდან IV კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

28 აპრილი
კატეგორია: პუბლიკაციები,
aghdgomidan-iv-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

16 (29) აპრილი), 2018 74 44 186

აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირიაკე

წირვაზე – საქმ. 9:32-42; ინ. 5:1-15

 

საქმე წმინდა მოციქულთა – 9:32-42

 

  1.      მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმინდანებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდაში.

    მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ქრისტეს ახალდაარსებული ეკლესია სასტიკ დევნას განიცდიდა, პეტრე მოციქული სხვა მოციქულებთან ერთად იერუსალიმში იმყოფებოდა. ხოლო როდესაც რწმენის გასამრავლებლად ღვთის განგებულებამ ინება, რომ „ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონოდა“ (საქმ. 9:31), მაშინ ის იერუსალიმიდან გამოვიდა და, როგორც ღვთაებრივი ისტორიკოსი გვამცნობს, ყველანი მოინახულა. იგი არ ამბობს: მოინახულა ქალაქები, არამედ: მივიდა პეტრე წმინდანებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდაში. ამით გვაჩვენებს, რომ იმ ადგილებში, რომლებიც მოინახულა, ყველგან განამტკიცებდა მორწმუნეებს რწმენასა და სათნოებებში, ხოლო ურწმუნოებს ცდომილებიდან ჭეშმარიტებისკენ მოაქცევდა. ამგვარად, ბოლოს პეტრე ლიდაში მივიდა. ლუკა მახარებელი აქ წმინდანებს უწოდებს ყველა ქრისტეს მორწმუნეს, ისე, როგორც პავლე მოციქული, იმიტომ, რომ მათი წოდებაც და საქმეც წმინდა იყო (2 ტიმ. 1:9). ქალაქი ლიდა, სხვაგვარად – დიოსპოლი, ქალაქ იოპესთან ახლოს მდებარეობდა. მორწმუნეთა მოხილვით პეტრემ მაგალითი მისცა ეკლესიის მწყემსებს, რომ მათაც მოინახულონ ყველანი, ვინც მათ მმართველობაშია; გამოასწორონ მათი შეცდომები და განამტიცონ სათნოებებში.  

  1. და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეა, რომელიც უკვე რვა წელიწადია დავრდომილი იწვა სარეცელზე.

    ვინ იყო ენეა? როგორი მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში? რომელი გვარ-ტომის იყო? რომელი აღმსარებლობის? რა წოდება ჰქონდა? მართლმორწმუნე იყო თუ არა? ჯერ ქრისტე იწამა და მერე მიიღო კურნება, თუ ჯერ განიკურნა და მერე მოექცა რწმენაში? მან სთხოვა პეტრეს განკურნება თუ პეტრემ თავისით განკურნა? ყოველივე ამის შესახებ წმინდა ისტორიკოსი დუმს, რადგან ამ ამბავს მოკლედ გადმოგვცემს. სასწაულის დასადასტურებლად ახსენებს მხოლოდ მის სახელს, ავადმყოფობას და კურნების საშუალებას. იმის გამო, რომ დანარჩენი დუმილითაა დაბეჭდილი და ზუსტად არაფერია ცნობილი, ამიტომ ჩვენ მხოლოდ იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც ნამდვილად სარწმუნოა. შეიძლება ენეა მაშინ იყო საკმაოდ ცნობილი და წარჩინებული ადამიანი და ამიტომ ღვთაებრივი ლუკა ბევრ რამეზე დადუმდა. იქნებ მან ქრისტე მაშან იწამა, როცა იკურნებოდა, ან იქნებ მანამდე, და კურნება მერე მიიღო. სარწმუნოა, აგრეთვე, რომ პეტრემ მხოლოდ კაცთმოყვარეობით, ყოველგვარი თხოვნის გარეშე, განკურნა იგი იესო ქრისტეს მიბაძვით, რომელმაც თხოვნის გარეშე მრავალჯერ აღასრულა მსგავსი სასწაული, – მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გულმოწყალების მოთხოვნით. ამ დავრდომილი ადამიანის სახელი იყო ენეა; ავადმყოფობა ჰქონდა სასტიკი და ხანგრძლივი, ანუ მთელი სხეული დაუძლურებული ჰქონდა. ამიტომაც იწვა სარეცელზე რვა წლის განმავლობაში.

  1. უთხრა მას პეტრემ: ენეა, იესო ქრისტე გკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა.

    რამდენადაც მძიმე და ხანგრძლივი იყო ავადმყოფობა, იმდენადვე იოლად და სწრაფად მოხდა მისი განკურნება. ენეა, – უთხრა ავადმყოფს პეტრემ, – იესო ქრისტე გკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა, – თუმცა მანამდე რვა წლის განმავლობაში იწვა სარეცელზე და ადგომა არ შეეძლო. როგორი სასწაულია! როგორი ძალა აქვს შენ სახელს, იესო ქრისტე! აღნიშვნის ღირსია ის, რომ სიტყვები: ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი, მხოლოდ ამ ადგილას გვხვდება, და რადგანაც ძნელად გასაგები სიტყვებია, ამიტომ სხვადასხვანაირად განიმარტება. ზოგიერთები ასე განმარტავენ: ადექი, გაიწყვე შენთვის სუფრა და შეჭამე. სხვები: ადექი და გაიშალე შენთვის სარეცელი, რომელსაც ადრე სხვები გიშლიდნენ. ზოგი კიდევ ასე კითხულობს: აიღე შენი სარეცელი; ამიტომაც ამბობდნენ: „და ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, რომ ეს სასწაული აღსრულდა, უბრძანა, აეღო თავისი სარეცელი“ (ოქროპირი).

  1. მაშინ მისი შემყურე ლიდისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.

    პეტრეს რწმენამ სასწაული მოახდინა – რწმენისკენ მოაქცია და მასში განამტკიცა ლიდისა და სარონის მთელი მოსახლეობა. ხალხმა დაინახა, რომ უძრავად მწოლიარე ავადმყოფი პეტრეს მიერ წარმოთქმული ქრისტეს სახელის ძალით გამოჯანმრთელდა, ადგა და სიარული დაიწყო. შედეგად, ეს ხალხი ცდომილებიდან გამოერკვა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტესკენ მოექცა. ეს ქალაქები თაბორის მთასა და ტიბერიადის ზღვას შორის მდებარეობდნენ – პალესტინის კესარიასა და იოპეს შორის.

  1. ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.

    გესმით, ლუკამ, როგორც მაღალი კლასის ისტორიოგრაფმა, როგორ მოკლედ და ზუსტად აღწერა ამ წმინდა ქალის გამორჩეული თვისებები! მახარებელი ამბობს, რომ ტაბითა წარმოშობით პალესტინის ზღვისპირა ქალაქ იოპედან იყო, რომელიც დღემდე არსებობს; იესო ქრისტეს მოწაფე, იგი სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით. ისტორიკოსმა   მისი სახელიც კი განმარტა: ტაბითა ებრაელური სახელია, – გვეუბნება ის, – რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. ამ ცხოველს მახვილი თვალი აქვს და სწრაფად დარბის. ამით მოციქულთა საქმეთა აღმწერი გვამცნობს, რომ მისი სახელი ნიშნავს როგორც მახვილგონიერებას ჭეშმარიტად კეთილი საქმეების არჩევისას, ისე, მის გულმოდგინებასა და სისწრაფეს ღვთისსათნო საქმეების აღსრულებისას.  

  1. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.

    იმ დღეებში,  ანუ იმ დროს, როდესაც პეტრე იუდეის ქალაქებში დადიოდა და ხალხში ქადაგებდა, ტაბითა ავად გახდა და მოკვდა. მასთან მყოფმა მორწმუნეებმა განბანეს მისი სხეული და ქორედში დაასვენეს პეტრეს მოსვლამდე, რომლისთვისაც, როგორც შემდგომი სიტყვებიდან ირკვევა, დახმარება უნდა ეთხოვათ. აქ, ჩემო ძმებო, ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, თუ საიდან მიიღეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ცხედრების განბანვის აქამდე შენარჩუნებული ტრადიცია. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გარდაცვლილს სხეულიც წმინდა ჰქონდეს ყოველგვარი ხორციელი ბიწისგან, როგორც სული აქვს განწმედილი, და მგვარად გარეგანი სისუფთავე შინაგანის გამომხატველია.

  1. რაკი იოპე ლიდასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.

ლიდა ქალაქ იოპესთან ახლოს მდებარობდა, სადაც ტაბითა მოკვდა. ამიტომ იმ დროს იოპეში მყოფმა ქრისტეს მოწაფეებმა, როცა გაიგეს, რომ პეტრე მოციქული ლიდაში იყო და ქადაგებდა, მასთან ორი კაცი წარგზავნეს და დაუყოვნებლივ მათთან მისვლა სთხოვეს. მოწაფეებს იმედი ჰქონდათ, რომ რაკი პეტრემ დავრდომილი ენეა განკურნა და თავისი ჩრდილით ამდენი სასწაული მოახდინა, მკვდარ ტაბითასაც აღადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ მოწყვეტდნენ პეტრეს სახარების ქადაგების საქმეს. პეტრეც მალე გამოცხადდა მათთან იმის სრული მზადყოფნით, რომ მოწაფეების თხოვნა შეესრულებინა.

  1. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.

როგორც ჩანს, მოწაფების წარგზავნილებმა აუხსნეს პეტრეს, თუ რატომ სთხოვდნენ მას იოპეში მისვლას და როგორც კი მივიდა, მაშინვე ქორედში აიყვანეს, სადაც ტაბითას ცხედარი იყო დასვენებული. ქვრივები ტიროდნენ და გლოვობდნენ, რადგან დაკარგეს თავიანთი მარჩენალი და კეთილისმყოფელი, და იმის გამოსახატად, თუ რამდენად გულითადი და მონდომებული იყო იგი მოწყალების საქმეში, პეტრეს აჩვენეს მოსასხამები და სამოსლები, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო, და რომლებსაც იგი ამ საწყალობელ ქვრივებს ახმარდა. შენიშნეთ, რაოდენ თავმდაბალი იყო ეს ქალი: არა მხოლოდ არჩენდა, არამედ ერთობაც ჰქონდა მათთან, რასაც ეს ღვთაებრივი ისტორიკოსი შემდეგი სიტყვებით გადმოგვცემს: მათთან იყო.

  1. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.

რატომ გაუშვა პეტრემ ოთახიდან ხალხი? იმიტომ, რომ  მრავალი მოტირალი ადამიანის თანდასწრებით გონებას უჭირს ღვთის საყდართან ასვლა. გარეთ გაიყვანა ყველა, რათა მარტოდმარტოს მთელი აზრები ღმერთისკენ მიემართა, და ამით თავის მოძღვარს დამსგავსებოდა, რომელმაც ასევე წინაწარ ყველანი გაუშვა იაროსის სახლიდან (მარკ. 5:40), გარდა მშობლებისა, და მერე აღადგინა მისი ასული, და ამით ადამიანურ ქებასა და პატივსაც განერიდა.

როდესაც ყველანი გავიდნენ, პეტრემ მუხლი მოიდრიკა და ღვთის წინაშე ლოცვა აღავლინა, მაგრამ რა სიტყვებით იყო ეს გამოთქმული, ამის სესახებ ღვთაებრივი ისტორიკოსი დუმს, თუმცა ეს ჩანს თვით აღსრულებული საქმიდან: სხვას რას უნდა შევედრებოდა ყოვლადგულუხვ ღმერთს, თუ არა იმას, რომ წყალობა გაეღო ამ გულდათუთქული ქვრივებისადმი და მკვდრეთით აღედგინა მათი კეთილისმყოფელი? მაგრამ რატომ არ მოიქცა პეტრე ამგვარადვე, როდესაც ენეას კურნავდა? გარდაცვლილის აღდგენა უფრო დიდი სასწაულია, ვიდრე დავრდომილის განკურნება. ამიტომ ტაბითასთვის ლოცვა უფრო გულმოდგინედ და მუხლდრეკით იყო შესრულებული. წმინდა მემატიანე ამბობს, რომ ლოცვის შემდეგ პეტრემ ტაბითას გვამს მიმართა; აქედან ჩანს, რომ როდესაც ის მისთვის ლოცულობდა, ზეცისკენ ჰქონდა აღმართული არა მხილოდ გონება, არმედ პირისახეც და თვალებიც.

ამრიგად, მიაპყრო მან მზერა მკვდარ ტაბითას და დაიწყო მასთან ლაპარაკი, როგორც მძინარესთან და მანაც გაიგონა მისი სიტყვები. ტაბითა! – დაუძახა პეტრემ, და ჰოი, შენი სასწაული, ქრისტე მეუფეო! თითქოს ძილისგან გაღვიძებულმა, გაახილა თვალები და როცა პეტრე დაინახა, წამოდგა.

  1. ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმინდანებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.

ტაბითას შესახებ ისტორიაში ორ აღდგენას ვხედავთ – ერთი, ეს არის მკვდრეთით აღდგენა; მეორე – სარეცელიდან. პირველი ღმერთმა აღასრულა პეტრეს ვედრებით, მეორე – თავად პეტრემ, როცა მას დახმარების ხელი გაუწოდა. წმინდა წერილის ეს ადგილი გვიხსნის, რომ კეთილ საქმეებთან დაკავშირებით ღმერთი მხოლოდ იმას აღასრულებს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, ხოლო რაც არ აღემატება, იმას ჩვენვე გვაკეთებინებს. როდესაც ტაბითა მკვდრეთითაც აღდგა და საწოლიდანაც წამოდგა, მაშინ პეტრემ დაუძახა წმინდანებს ანუ მორწმუნეებს და ღატაკ ქვრივებს, რომლებიც უნუგუშოდ ტიროდნენ, და ცოცხალი ტაბითა წარუდგინა. ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ ეჩვენებინა: ღმერთს მან მათი ცრემლების გამო და მათ სანუგეშებლად სთხოვა.  

  1. ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.

ეს დიდი სასწაული ცნობილი გახდა მთელს იოპეში. ამიტომ ბევრმა მისმა მცხოვრებმა იწამა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, რწმენის ძალა! მის შედეგად აღასრულებს ღმერთი სასწაულებს: და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ“ (მთ. 21:22). სასწაულები ურწმუნოებს მორწმუნეებად აქცევს. მაშინ მისი (ენეას) შემყურე ლიდასა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა (მუხ. 35); ეს ამბავი მთელს იოპეს მოედო, – ტაბითას მკვდრეთით აღდგენა. და ბევრმა იწამა უფალი.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

სახარება წმინდა იოანე მახარებელისაგან საკითხავი – 5:1-15      

 

  1.     შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს.

    იუდეველთა დღესასწაული იყო; ვფიქრობ, ეს იყო ერგასის დღესასწაულიუფალი მიდის დღესასწაულზე, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ არ გამოჩნდეს რჯულის მოწინააღმდეგედ და, პირიქით, სახალხო ზეიმის მონაწილედ წარმოჩნდეს. მეორე მხრივ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდოს თავისკენ სწავლებითა და ნიშან-სასწაულებით, განსაკუთრებით, უბრალო ადამიანები. დღესასწაულებზე, ჩვეულებრივ, თავს იყრიდნენ მიწათმოქმედნი, ხელოსნები – ყველა, ვინც სადაგ დღეებში მუშაობდა.  

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

     

  1. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც

ებრაულად ჰქვია ბეთეზდა.

ეს აუზი, როგორც ვფიქრობ, იუდეველ ერს აღნიშნავს. ხალხები, ერები წყლების სახელქვეშ იგულისხმებიან, რაზეც აშკარად მიუთითებს იოანეს გამოცხადება: როდესაც მას წყლები აჩვენეს და მან იკითხა, თუ რას ნიშნავდა ისინი და პასუხად მიიღო, რომ ეს – ერებია (გამოცხ. 17:15). ე. ი. ეს წყალი იუდეველ ერს აღნიშნავს; იგი ჩაკეტილი იყო მოსეს ხუთწიგნეულით, როგორც ხუთი ბჭით. ეს წიგნები იუდეველებს უძლურებაში ტოვებდა – არ კურნავდა; რჯული ცოდვილებს ამხელდა, მაგრამ არ ათავისუფლებდა.  

მაშ რას ნიშნავდა ის, რომ წყლის ძვრისას ისინი იკურნებოდნენ, ხოლო ბჭეში (სტოაში) მწოლიარენი განკურნებას ვერ ახერხებდნენ? წყალი უცებ იწყებდა ძვრას, ხოლო ვინ აკეთებდა ამას – არ ჩანდა. ირწმუნე, რომ ეს ხდებოდა ანგელოზის მეშვეობით, მაგრამ არა რაღაც იდუმალი მიზეზის გარეშე, რომელიც გარკვეულ ნიშანს წარმოადგენდა. როდესაც წყალი აიმღვრეოდა, პირველი, ვინც მოასწრებდა, მასში ხტებოდა და იკურნებოდა, ხოლო ვინც მის შემდეგ ჩახტებოდა წყალში, ამას უკე ამაოდ აკეთებდა.

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ მოვიდა ქრისტე, ერთადერთი, იუდეველ ხალხთან, და გააკეთა უდიდესი საქმე, ბევრი რამ სასარგებლო ასწავლა, ცოდვილები შეძრა, წყალი (ერი) აამღვრია თავისი დასწრებით და იქამდე გააღიზიანა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს? მაგრამ აღძრა იდუმალად.

რომ სცოდნოდათ, ნუთუ ჯვარს აცვამდენ დიდების მეუფეს (1 კორ, 2:8)? ამდენად, შეხვიდე ამვრეულ წყალში – ეს ნიშნავს, მდაბლად ირწმუნო უფლის ვნება.

ნეტარი ავგუსტინე იპონიელი

  1.       იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.   4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.

    უამრავი სნეული იწვა აუზთან და ელოდა – ბრმები, ხეიბრები, დავრდომილები, სხვადასხვა ავადმყოფობით დატანჯულები. ყველა წყლის ამღვრევას ელოდა, რომ ეგებ მოესწრო და ამღრეულ წყალში სხვებზე ადრე ჩამხტარიყო.

    ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს. რა დროს ხდებოდა ეს, იყო თუ არა ეს დრო ცნობილი თუ მარტო ღმერთმა უწყოდა? ერგასის დღესასწაულის დროს, პასექის თუ სხვა რომელიმე დღესასწაულზე? ზოგიერთები ამბობენ, რომ ერგასის დღეს გარდამოდიოდა ანგელოზი, მაგრამ დავრდომილის სიტყვებიდან უფრო სარწმუნოა, რომ ეს დრო გაურკვეველი იყო: სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას (მუხ. 7). დრო რომ ცნობილი და გარკვეული ყოფილიყო, ეს საწყალი და უძლური დავრდომილი ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში ერთ გულმოწყალე ადამიანს მაინც მოიძევდა, ვინც მას წყალში ჩაუშვებდა. მაგრამ დროის გაურკვევლობა მასში სასოწარკვეთილებას იწვევდა. ანგელოზი აუზში ჩადიოდა, მაგრამ ნუ იფიქრებენ იუდეველები, რომ იმ წყალს ბუნებითად ჰქონდა მაკურნებლი ძალა, არამედ ირწმუნონ, რომ ღვთის მადლი კურნავს უძლურთ. ანგელოზი კი წყალს იმიტომ ამღვრევდა, რომ იქ მყოფთათვის თავისი ჩასვლა ენიშნებინა, მათ კი ავადმყოფი აუზში ჩაეშვათ. რატომ მხოლო ერთს კურნავდა? ღვთის ძლიერება უსაზღვროა, მადლი უხვავრიელესია, გულმოწყალება ულევია. ამიტომ ვკითხულობ, რატომ მხოლოდ ერთ ავადმყოფს კურნავდა ანგელოზი ამვრეულ წყალში? ეს მართლაც აუხსნელია, თუ ამ იდუმალებას აზრით არ შევეხებით. ცხვრის საბანელი ნიშნავს ეკლესიაში წმინდა ნათლისღების ემბაზს; იმ საბანელში განბანილი და განწმედილი ცხვრები – ესენია ნათლისღების ემბაზში საკუთარი ცოდვებისგან განბანილნი და მონათლულნი. ანგელოზის აუზში ჩასვლა ნიშნავს სულიწმიდის გარდამოსვლას ნათლისღების წყალზე; ცხვრის საბანელში წყლის ამღვრევა – უხილავ გველთა თავების შემუსვრას, რაც სულიწმიდის ძალით ხდება. ცხვრის საბანელის წყალი კი არა, ღვთაებრივი ძალა კურნავდა ხორციელ უძლურებას; არა უბრალო წყალი, არამედ ღვთის მადლი კურნავს ნათლისღების წყალში სულიერ წყლულებს. ანგელოზის ჩასვლით ხდებოდა წყალი მაკურნებელი; სულიწმიდის გარდამოსვლით ნათლისღების წყალი იღებს განწმედის მადლს. ცხვრის საბანელში ანგელოზი იყო ხორციელი კურნების მსახური; სულიერ ემბაზში ყოველთა მეუფე გვჩუქნის შვილობის მადლს. ცხვრის საბანელი მხოლოდ ერთ ადამიანს კურნავდა, რადგან მხოლოდ იუდეველი ერისთვის იყო რჯული მოცემული; ნათლისღების ემბაზი კი ურიცხვ სიმრავლეს კურნავს, რადგან ყველა ერმა მიიღო კეთილუწყება: „წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. ინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება“ (მარკ. 16:15-16).    

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

  1. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით. 6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო? 7. ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას.

განრღვეულის (დავრდომილის) მოთმინება გამაოგნებელია! ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში ავად იყო, ყოველდღე ელოდებოდა განკურნებას, მაგრამ აუზში ჩასვლას ყოველთვის მასზე ძლიერი ასწრებდა, თუმცა ის არ ეშვებოდა და სასოს არ წარიკვეთდა. ამიტომაც ეკითხება უფალი, რომ ამ კაცის მოთმინება დაგვანახოს. იმიტომ კი არ ეკითხება, რომ გაიგოს, რადგან არათუ ზედმეტი, არამედ უგუნურებაც კია, შეეკითხო ავადმყოფს, სურს თუ არა გამოჯანსაღება. მე უკვე აღვნიშნე, ეკითხება იმიტომ, რომ მისი მოთმინება დაგვანახოს. და პასუხად რა მიიღო? დიახ, უფალო, – ეუბნება, – მსურს, მაგრამ კაცი არა მყავს, ვინც წყალში ჩამიშვებს. იგი არ მკრეხელობს, არ უარყოფს ქრისტეს, რომელმაც თითქოსდა უადგილო შეკითხვა დაუსვა, არ იწყევლის საკუთარი გაჩენის დღეს, – როგორც ჩვენ, სულმოკლენი, ვიქცევით ხოლმე, თანაც უფრო ადვილი ავადმყოფობისას, – არამედ მშვიდად და მორიდებით პასუხობს. მართალია, მან არ იცოდა, ვინ ეკითხებოდა, მაგრამ შესაძლოა, ფიქრობდა, რომ ქრისტე მას აუზში ჩაუშვებდა და მხოლოდ ამაში გამოადგებოდა იგი. ამიტომ ცდილობდა, მისი ყურადღება მიეპყრო და საუბრით შეექცია – ეგებ ამ დროს წყალი ამღვრეულიყო. ქრისტეს მისთვის არ უთქვამს: თუ გინდა, მე განგკურნავ, რათა პატივმოყვარედ არ გამოჩენილიყო.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

  1. და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი.

აქ უფალმა სამი ბრძანება გასცა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი. ბრძანება: „აღდეგ“ – ეს განკურნების ბრძანებაა, სხვა ორი ბრძანებით კი მან უკვე ჯანმრთელ ადამიანს მიმართა: „აიღე შენი სარეცელი“ და „წადი“.  

  1. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.

მითხარი, გაფიცებ, რა აზრი დევს სარეცელში?  გარდა იმისა, რომ სანამ უძლური იყო, სარეცელით მოჰყავდათ, ხოლო როცა გამოჯანმრთელდა, თვითონ წაიღო სარეცელი. რა მოგვიწოდა მახარებელმა? ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული“ (გალ. 6:2). ქრისტეს რჯული კი სიყვარულია, და ის არ სრულდება თუკი ერთმანეთს ტვირთს არ ვზიდულობთ. დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა“ (ეფეს. 4:2-3), – გვეუბნება მოციქული. როცა უძლური იყავი, შენი მოყვასი გატარებდა; ხოლო როცა გამოჯანსაღდი, ახლა უკვე თავად ატარე იგი. ასე შეასრულებ, ჰოი, ადამიანო, იმას, რაც შენ გაკლდა. ასე რომ, აიღე სარეცელი შენი. მაგრამ როცა აიღებ, ნუ გაჩერდები, იარე.

როდესაც მოყვასი გიყვარს და მასზე ზრუნავს, შენ ამით გარკვეულ გზას გადიხარ. საით მიდიხარ თუ არა უფლისკენ, იმისკენ, ვინც უნდა გვიყვარდეს მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით? უფალთან ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ მოყვასი ჩვენთანაა. ამდენად ატარე ის, ვისთანაც გზაში ხარ, და მიხვალ იმასთან, ვისთანაც ყოფნა გსურს. ასე რომ, აიღე სარეცელი და წადი.

ნეტარი ავგუსტინე იპონიელი

  1.     ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი.

    რჯულისკანონი ბრძანებს: მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო ამ დღეს“ (გამოს. 20:10); წინასწარმეტყველი იერემიაც ამბობს: იუქმეთ შაბათი დღე“ (იერ. 17:22). მაგრამ ბოროტებას რომ მათი გონება არ დაებნელებინა, მაშინ გაუკვირდებოდათ ეს უდიდესი სასწაული და დაიჯერებდნენ, რომ ამ ერთი სიტყვით: „აღდეგ“, ღმერთის გარდა ვერავინ შეძლებს ოცდათვრამეტი წლის შემდეგ აღადგინოს სხეულის დაუძლურებული ნაწილები. დაიჯერებდნენ, ვამბობ, რომ ის, ვინც  ბუნებრივი კანონებით დაიმორჩილა დასუსტებული ხორციელი ძალები დავრდომილის განკურნების გზით, მას ჰქონდა იმის უფლება, რომ დაერღვია შაბათის დაცვა თავისი ნებისამებრ ადამიანის განსაკურნებლად, რომლისთვისაც შექმნილია შაბათი. დაბრმავებული იუდეველები დავრდომილს ეუბნებოდნენ: ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი. უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირად ჩვენც ვემსგავსებით იუდეველებს: როდესაც სხვათა შეცდომებსა და შეცოდებებს საკუთარი გულის მზაკვრობით განვიკითხავთ, ხოლო სათნოებებსა და კეთილ საქმეებს ვერ ვამჩნევთ ბრმათა მსგავსად, ხოლო თუ ვამჩნევთ, მათ შესახებ მუნჯებივით ვდუმვართ.

  1. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი.

    განკურნებულმა დავრდომილმა გაბედულად მიუგო: მე კი არ გავკადნიერებულვარ შაბათის დარღვევაზე, არამედ – ვინც მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი. ეს იუდეველების უდიდესი მხილებაა, როცა მათ ასე უპასუხეს: ვისაც ისეთი ხელმწიფება აქვს, რომ მხოლოდ ერთი სიტყვით შეძლო ჩემი მრავალწლიანი და განუკურნებლი ავადმყოფობა განეკურნა, მას სამართლიანდ აქვს შაბათის დარღვევის უფლებაც. ასეთი ღვთაებრივი და ყოვლადძლიერი ადამიანი არც ერთ შემთხვევაში არ მიბრძანებდა, რომ სარეცელი ამეღო, ეს რომ ცოდვა ყოფილიყო.

  1.      ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო?

    იხილე იუდეველთა ღვარძლი! დავრდომილი პასუხობს: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი. იუდეველები კი განკურნებას დუმილით უვლიან გვერდს და მხოლოდ სარეცელის აღების გამო განიკითხავენ. არ ეკითხებიან: ვინ აღგადგინა, ვინ არის შენი მკურნალი? არამედ ეკითხებიან: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო? მათ სურთ, სასწაული უგულებელყონ, ხოლო თითქოსდა რჯულის დარღვევა განსახილველ თემად აქციონ.

  1.      მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა.

არ იცოდა განკურნებულმა დავრდომილმა, თუ ვინ იყო მისი მკურნალი. იესო ქრისტე მაშინვე თვალს მიეფარა, როგორც კი სასწაული აღასრულა. გაუჩინარდა იგი ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადამიანურ დიდებას განერიდა, მეორეც, მისი არყოფნისას დავრდომილის მოწმობა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ასევე, არ უნდოდა, კიდევ უფრო გაეღიზიანებინა იუდეველები: მან იცოდა, რომ საძულველი კაცის მხოლოდ დანახვაც კი რისხვით აღანთებს მის მოძულეთ. დაბოლოს, რათა ჩვენთვისაც ეჩვენებინა პირუთვნელი და სრულყოფილი ქველმოქმედება. ამ მაგალითით პირდაპირ გვასწავლის მაცხოვარი: ადამიანებო, ნუ ელოდებით ლოცვებსა და თხოვნებს, როდესაც გინდათ გაჭირვებულებს დაეხმაროთ, პირიქით, თავად გამოიჩინეთ ინიციატივა, გააკეთეთ იმდენი სიკეთე, რამდენიც შეგიძლიათ, როგორც მე დავეხმარე დავრდომილს, და ნუ მოითხოვთ მათგან საზღაურსა და მადლობას. გაექეცით პატივმოყვარეობას, ანაზღაურებას, სიკეთის წილ სიკეთის მიღებას, როგორც მე გავექეცი, როდესაც განვკურნე ჩემთვის სულიად უცნობი დავრდომილი. ასეთ შემთხვევაში თქვენი სიკეთისთვის თავად ღმერთი მოგაგებთ  – კეთილ საქმეთა სამართლიანი მიმგებელი.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

  1. ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.

    მანამდე იესო განგებულებითად იმალებოდა, ახლა განგებულებითად ჩნდება – ერთსაც და მეორესაც თავის დროზე აკეთებს, რადგან ცოდვის უცოდნელისთვის შეუძლებელი იყო, რამე ისეთი გაეკეთებინა, რასაც საამისოდ საკმარისი საფუძველი არ ექნებოდა. ამდენად, დავრდომილთან მისი საუბრის თემა ამჯერად არის ბრძანება იმის თაობაზე, რომ ამიერიდან აღარ შესცოდოს, რათა კიდევ უფრო უარესი უბედურება არ მოიწიოს თავს, ვიდრე განვლილი განსაცდელი იყო. აქედან ვსწავლობთ, რომ ღმერთი არა მხოლოდ მომავალი სამსჯავროსთვის უნახავს ადამიანებს მათ შეცოდებებს, არამედ ყოველთა მსაჯულის დიდი და დიდებული დღის დადგომამდეც სჯის ზოგჯერ სხვადასხვაგვარად ჯერ კიდევ სხეულში მყოფთ. ყოვლადბრძენი პავლეც მოწმობს, რომ ჩვენ ხშირად ვისჯებით დანაშაულისა და ღმერთის შეურაცხყოფისათვის, როცა კორინთელებს მიმართავს: ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი სნეული, და ბევრიც კვდება. რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი. განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ(1 კორ. 11:30-31).

  1. მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი.

    განკურნებული იუდეველებს იესოზე იმიტომ კი არ მიუთითებს, რომ საკუთარი უწმინდურობიდან გამომდინარე, მის მიმართ რაიმე ბოროტებაზე გაკადნიერებულიყვნენ, არამედ იმისათვის, რომ თუკი განკურნების სურვილი გაუჩნდებოდათ, სცოდნოდათ სასწაულებრივი მკურნალი. სწორედ ეს რომ იყო მისი მიზანი, ეს შეგიძლია იქიდან დაინახო, რომ იგი რომელიმე ბრალმდებლის მსგავსად დასასმენად კი არ მიდის, რომ იესომ კურნება შაბათს აღასრულა, არამედ იმის საუწყებლად, რომ იესომ განკურნა იგი. ამით სხვა არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ მკურნალზე მიუთითა.

წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი