საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება მენელსაცხებელე დედათა კვირიაკეს (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის მიხედვით)

30 აპრილი
9863-2

 ქადაგება მენელსაცხებელე დედათა კვირიაკეს
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის მიხედვით

აღდგომიდან მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მენელსაცხებელე დედების ხსენებას აღნიშნავს. ესენი ის წმინდა დედები არიან, რომლებიც შეუდგნენ ქრისტეს მისი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, მოწამენი იყვნენ უფლის ვნებისა, ესწრებოდნენ მის დაკრძალვასაც. დაკრძალვა პარასკევ საღამოს შედგა, – იმ დროს, როდესაც იუდეველთა მრისხანება ცეცხლოვან ლავასავით დუღდა და არა მარტო უფლის, არამედ ყველა მისი ახლობლის წინააღმდეგ იყო მიმართული. წმ.მოციქულები იძულებულნი გახდნენ მიმალულიყვნენ, ანდა მხოლოდ შორიდან ედევნებინათ თვალი უმძიმესი განაჩენის აღსრულებისათვის; უფალს ბოლომდე თან ახლდა მხოლოდ ერთი, იოანე, – უერთგულესი მოწაფე. და აი, ჩნდება იოსები – ქრისტეს ფარული მიმდევარი, სინედრიონის საპატიო წევრი, რომელიც აქამდე სინედრიონის შიშით მალავდა თავის შინაგან რწმენას. იგი მოულოდნელად თრგუნავს ყველა დაბრკოლებას, ეჭვს, ყოყმანს, მანამდე რომ ხელ-ფეხს უკრავდა; მიდის პატივმოყვარე პილატესთან, სთხოვს სხვათა თვალში სამარცხვინო სიკვდილით დასჯილის გვამს, ღებულობს მას და კრძალავს დიდი პატივით.

სახარება, სინედრიონის წევრ, იოსების ამ საქციელს ახასიათებს, როგორც ვაჟკაცურსა და დიდსულოვანს, და იგი ასეთიც იყო; ღმერთის მკვლელი სინედრიონის წინაშე, ამ მკვლელობის თანამონაწილე იერუსალიმის მკვიდრთა წინაშე, ჯვარიდან ხსნის ღმერთკაცის გვამს და მიაქვს ბაღში, ქალაქის ჭიშკართან, კლდეში ნაკვეთ ახალ საფლავში დასადებად; ნელსურნელებათა უხვი პკურების შემდეგ იოსები უსპეტაკესი სახვევებით მოსავს უწმინდეს სხეულს და კრძალავს მას, ვით ძვისფას საგანძურს. უფლის დაკრალვაში მონაწილეობს, აგრეთვე, სინედრიონის მეორე წევრი, ნიკოდიმოსი, რომელიც უფალთან იყო მისული, ესაუბრა მას და დარწმუნდა, რომ იგი ღვთის მიერ იყო მოვლინებული.

იოსებ არიმათიელმა დიდი ლოდი მიაგორა საფლავის კართან და წავიდა; სინედრიონი თვალყურს ადევნებდა მის ყოველ ნაბიჯს; როგორც კი იგი იქაურობას გაშორდა, მცველები დაუყენეს საფლავს და დაბეჭდეს შესასვლელთან მიგორებული ქვა. ამგვარად, უფლის დაკრძალვა დამოწმდა არა მარტო მის მიმდევართა, არამედ მტერთა მიერაც.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სინედრიონის იმ წევრებმა, რომლებიც ძველი აღთქმის მართალთა მემკვიდრენი იყვნენ (იოსები და ნიკოდიმოსი), კაცთა მხნელის დაკრძალვაში თავისი მონაწილეობით და მსახურებით დაასრულეს და დაბეჭდეს ძველი აღთქმის შვილთა საქმე.

აქედან იწყება ახალი აღთქმის მოღვაწეთა მსახურება.

წმინდა დედები თავგანწირვით იოსებს არ ჩამოუვარდებიან. პარასკევს ისინი დაკრალვას დაესწრნენ, შემდეგ კი უამრავი ნელსაცხებელი იყიდეს და კვირას, გამთენიისას, უფლის საფლავისაკენ გაეშურნენ.

წმ. დედები პირველები იყვნენ, ვისაც ქრისტეს აღდგომის ზუსტი და სარწმუნო უწყება ჯერ ანგელოზისაგან, შემდეგ კი უფლისაგან მიეცათ. ისინი ასევე იყვნენ აგრეთვე პირველი უშიშარი და გულანთებული მქადაგებლები ქრისტეს აღდგომისა.

მათ ეკლესია მენელსაცხებელე დედებს უწოდებს და მოიხსენებს აღდგომიდან მესამე კვირას.

მენელსაცხებელე დედათაგან ჩვენთვის ცნობილნი არიან:
მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპასი, სალომე, სოსანა, იოანა, მართა და მარიამი; ისინი, იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობის ჟამს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, რომლებიც უფალს, ამქვეყნიური მოღვაწეობის ჟამს, მუდამ თან დაჰყვებოდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ მას.

მათი, წმ. იოსებ არიმათიელისა და ნიკოდემოსის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

 წმინდა სუსანა

წმ. სუსანას სახარებაში მხოლოდ ლუკა მახარებელი მოიხსენიებს. იგი სხვა მენელსაცხებელე დედებთან ერთად, მაცხოვარს თან ახლდა და ემსახურებოდა თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის ჟამს.

მისი ხსენება, როგორც ერთერთი მენელსაცხებელე დედის, აღდგომიდან მესამე კვირასაა დადგინებული.

წმინდა სალომე

სალომე, მოციქული იოანე ღვთისმეტყველისა და იაკობის დედაა. იგი მეთევზე ზებედეს ჰყავდა ცოლად და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამწინდველის, იოსების ასული იყო.

ეს ის სალომეა, რომელიც იერუსალიმის გზაზე მიეახლა მაცხოვარს და თავისი ვაჟების, – იოანესა და იაკობის, – მის მარჯვენით და მარცხენით, ანუ უფალის საყდართან ყველაზე ახლოს მყოფობას სთხოვდა (მთ.20. 20-22).

მართალია, არასწორი შეხედულება ჰქონდა მესიის მეუფების შესახებ და იესოსაგან უარი და საყვედურიც მიიღო შეუძლებლის თხოვნისათვის (მათე 20; 20-22), მაგრამ განსაცდელის ჟამს არ შეცვლილა ქრისტესადმი მისი მისი სიყვარული, ამიტომაც არაფრად ჩააგდო საშიშროება და გოლგოთაზე გულმოკლული იდგა უფლის ჯვარის წინაშე.

დიახ, ღმერთშემოსილი დედა სალომე ესწრებოდა უფლის წამებას და გახდა ღირსი მოესმინა, თუ როგორ ჩააბარა მაცხოვარმა მის შვილს, იოანეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და პირიქით, როგორ მისცა შვილად და მანუგეშებლად საკუთარ დედას სიყვარულის მქადაგებელი ეს მოციქული:

უფლის საყვარელმა მოწაფემ ზედმიწევნით აღასრულა ანდერძი, თავის სახლში გადაიყვანა ღვთისმშობელი და დედასთან ერთად ქვეყნიური სიცოცხლის ბოლომდე ყოველმხრივ ზრუნდავდა მასზე.

სალომესათვის, იოანე ღვთისმეტყველის დედისათის, ბუნებრივია, მეტად სასიამოვნო და სასიხარულო იყო მისი ძის არჩევა იესოს დედის შვილად;

სხვა მენელსაცხებელე დედებთან ერთად, კვირა დილით, სალომეც იმყოფებოდა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის საფლავთან და გახდა ღირსი მოესმინა უწყება ანგელოზისაგან ქრისტეს აღდგმის შესახებ, შემდგომ კი ეხილა თვით აღდგომილი მაცხოვარი.

წმინდა მენელსაცხებელე დედის, სალომეს, შემდგომი ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. იხსენიება აღდგომიდან მესამე კვირას. 

 

წმინდა იოანა

წმინდა იოანა ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას, ცოლი იყო, რომელმაც იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი უწმინდური ადგილიდან აიღო, სადაც იგი ბოროტმა და უზნეო ადამიანებმა დაფლეს, ჩააბრძანა ჭურჭელში და ელეონის მთაზე, ჰეროდეს მამულში, ღვთისმოშიშებით დაკრძალა.

წმინდა იოანა, აგრეთვე, მოხსენებულია სახარებაში იმ დედათა შორის, რომლებიც მაცხოვარს  თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის ჟამს გამუდმებით თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ:

,,ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა:

მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსuლიყო შვიდი ეშმაკი, იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას, ცოლი, სოსანა და სხვა მრავალიც, რომელნიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას (ლუკა 8. 1-3).

ეს დედები ის მენელსაცხებელე დედები არიან, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმისას, არ შეუშინდნენ გამძვინვარებულ იუდეველებს,  შორიახლოს იდგნენ და ესწრებოდნენ ამ სულისშემძვრელ მოვლენებს; xolo კვირა დილით  ღვთაებრივი მოძღვრის საფლავთან, მისი გვამის გასაპატიოსნებლად მიიჩქაროდნენ.

მართალი იოანას ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 10 ივლისს და მენელსაცხებელე დედათა კვირას აღნიშნავს. 

მართა და მარიამი

მართა და მარიამი ბეთანიელი ლაზარეს დები იყვნენ. ეს ოჯახი მაცხოვარს გამორჩეულად უყვარდა და ლაზარეს, როგორც მეგობარს, ისე მოიხსენიებდა: ,,ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა (იოანე 11;11).”

როგორც ჩანს, უფალი მათ ხშირად სტუმრობდა და, ბუნებრივია, მათაც

ძალზე უყვარდათ იესო და ცდილობდნენ შეეცნოთ ჭეშმარიტება. მართა და მარიამი ღვიძლი დები იყვნენ. მათი სულები უზაკველი, წმიდა სიყვარულით იყო შეერთებული, ერთნაირი აზრები და მისწრაფებანი, ერთნაირი სურვილები, სიხარული და იმედი ჰქონდათ; ერთად ცხოვრობდნენ, ერთად საქმიანობდნენ და ახლობელ-მეგობრებიც ერთი და იგივე ჰყავდათ.

მართასა და მარიამს ერთნაირი გულმოდგინება ჰქონდათ ღვთაებრივი სტუმრისადმი – უფალ იესოსადმი; თუმცა, მათ შორის სხვაობა მაინც იყო და ეს გამოვლინდა მაშინ, როდესაც ლაზარეს სახლში მისულმა უფალმა იესო ქრისტემ იქ მყოფთა დამოძღვრა დაიწყო.

მარიამი მაცხოვრის ფერხთით დაჯდა და მისი დარიგების მოსასმენად (უეჭველია, აქვე ისხდნენ მოციქულებიც, მისი მუდმივი თანამგზავრნი და სახლის სხვა მკვიდრნიც, რომლებიც იმჟამად იქ იმყოფებოდნენ), „მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.” (ლუკა 10; 40).

მართა მთლიანად იმაზე ზრუნვას იყო მიცემული, რომ რაც შეიძლება კარგად გამასპინძლებოდა დიდებულ სტუმარსა და მის თანმხლებთ.

ზოგიერთი განმმარტებელი აღნიშნავს, რომ საქმე იმდენი იყო, რომ მას დის დახმარება დასჭირდა; ანდა, შესაძლოა, მართას სურდა, მარიამის დახმარებით რაც შეიძლება მალე მოეთავებინა ტრაპეზის მომზადება, რათა შემდეგ თვითონაც თავის დასთან ერთად მოესმინა უფლის ქადაგება, მაგრამ უფრო მართებული ალბათ, პირველი შეხედულებაა, ანუ ის, რომ მართა, როგორც გულითადი მასპინძელი, მთლიანად სახლის საზრუნავში ჩაეფლო და იმ სიტუაციაში ამაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს ხედავდა, რადგან უძვირფასესი და უდიდებულესი სტუმრის ღირსეულად გამასპინძლება მისთვის ყველაზე დიდი რამ იყო. ამიტომაც მიმართავს იგი იესოს სთხოვს: უთხარი მარიამს, ტრაპეზის მომზადებაში დამეხმაროსო! არ გაფიქრებს, უფალო, რომ დამ მარტო დამტოვა ამ საქმეში?

ეს გარეგანი და მიწიერი საზრუნავით შეურვებული სულის ენაა. ეს მწირთმოყვარებისა და კაცთმოყვარების შეპირისპირებაა სულიერი სიმშვიდისა და ღმერთთან დაახლოების სურვილთან, და ამასთან, იგია გულუბრყვილო სიყვარულის წრფელი გადმოღვრაც!

„მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას (ლუკა 10; 41-42).

უფლის სიტყვებში გაცხადებულია მოძღვრის შემწყნარებლური სიყვარული და ბრძნული მზრუნველობა; „მართა! მართა!“ – სახელის განმეორებაში ცხადად არის გამოხატული სიყვარულიც მართასადმი და თანაგრძნობაც და ერთგვარი სინანულიც: „შენ ბევრ რაიმეზე ზრუნავ და ღელავ; საჭირო კი მხოლოდ ერთი რამ არის“. უფალი კი არ ამხილებს მართას, არამედ უმაღლესი სიკეთისაკენ მიაპყრობს მის მზერას მარიამის მაგალითით, როცა ეუბნება: „ხოლო მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“.

ამით მიანიშნებს, რომ კარგი საქმეა მეგობრის მიღება-გამასპინძლება; უფრო კარგია უცხოთა და მწირთა შეწყნარება! მაგრამ ეს ადამიანს ანიჭებს შიმშილის დროებით დაკმაყოფილებას და სხეულსაც დროებით სარგებლობას მოუტანს, ხოლო ის, რასაც მარიამი იქმს, სულიერად აპურებს და საუკუნო სარგებელს აძლევს ადამიანს.

პირველით სხეული საზრდოობს, მეორეთი კი – სული და ვინც ამ, მეორე სიკეთეს აღირჩევს თავისთვის – მარადიულ საზრდოს მოიპოვებს და მას ეს კეთილი ნაწილი არასდროს წაერთმევა.

ეს არის დიდი დარიგება ყველასათვის…

უფალი მართასა და მარიამს მეორედ ყველაზე დიდი გასაჭირის ჟამს ესტუმრა, როდესაც მათი ძმა, ლაზარე, გარდაიცვალა. ოთხი დღის მკვდარი ლაზარე უკვე საფლავში იყო დადებული და მისი სხეულის ხრწნაც დაწყებული იყო, როდესაც იესო ქრისტე მოვიდა და დების მწუხარება დიდი სიხარულით შეცვალა, ძმა მათი რომ მკვდრეთით აღადგინა (იოანე 11; 1-44). ამის მხილველი მრავალი იუდეველი მოექცა და ირწმუნა ღვთის სიტყვა.

მაცხოვრმა განსაკუთრებული სიყვარული ლაზარესა და მისი დებისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა, როდესაც იგი პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა მათთან, ბეთანიაში. აქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო; მარიამმა მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე დაასხა იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა.

ამის გამო იუდა ისკარიოტელმა საყვედური გამოთქვა, რადგან მისი თქმით ძვიფასი ნელსაცხებელი უმიზეზოდ დაიხარჯა, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა, გაეყიდათ იგი და თანხა გლახაკებისათვის დაერიგებინათ.

მაცხოვარმა უპასუხა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის გააკეთა. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით;

მარიამის ეს ქმედება (მისგან გაუცნობიერებლად), მოასწავებდა მაცხოვრის გარდაცვალებას, ნელსაცხებელით გაპატიოსნებასა და დაფლვას. ამიტომაც დასძინა იესომ: ,,როდესაც იქადაგება სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსივე მოსაგონებლად.”

წმინდა გარდამოცემა გვაუწყებს, რომ ბეთანიელი ლაზარე, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, სამღვდელმთავრო ხარისხით, დაახლოებით 30 წელი მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე და მას სამოციქულო ღვაწლში თავისი დებიც შეეწეოდნენ.

ცნობები იმის შესახებ, თუ სად და როდის აღესრულნენ მართა და მარიამი არ მოგვეპოვება.

მარიამ მაგდალინელი

მარიამ მაგდალინელი გალილეის ქალაქ მაგდალადან იყო. იგი არაწმინდა სულს ჰყავდა შეპყრობილი და დიდად იტანჯებოდა. როდესაც გავრცელდა ხმა მაცხოვარზე, როგორც სასწაულებრივ მკურნალზე, სასწრაფოდ გაეშურა მის სანახავად. უფალმა მისგან შვიდი ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც მარიამი ქრისტეს ერთგული მოწაფე და მიმდევარი გახდა. იგი ყველგან დაჰყვებოდა მას და ერთგულად ემსახურებოდა სხვა დედებთან ერთად.

წმ. მარიამ მაგდალნელი ესწრებოდა მაცხოვრის ჯვარცმას. წმ.გარდამოცემის მიხედვით, იგი ყველაზე მეტად თანაუგრნობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამ მძიმე წუთებში, ქვითინებდა ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვრის წინაშე და ცრემლებით ბანდა მას ჭრილობებს.

იესოს დაკრძალვის შემდეგ, იგი პირველი გაეშურა კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელის მისატანად, რათა ღვთაებრივი მოძღვრის ნეშტი გაეპატიოსნებინა, როგორც ეს იუდეური წესით იყო დადგენილი. ღირსი დედა აღდგომის დილით, ცისკარზე, სანამ ინათებდა, სამჯერ მივიდა მაცხოვრის საფლავზე და ორჯერ გახდა ღირსი უფლის ხილვისა.

პირველად იგი წავიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად; გამძვინვარებული იუდაელებისაგან შიშის მიუხედავად ისინი ნელსაცხებლის საცხებად გაემართნენ მაცხოვრის საფლავისაკენ. აქ მათ საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ და მარიამ მაგდალინელი უკან დაბრუნდა, რათა უფლის ნეშტის დაკარგვა ეცნობებინა მოწაფეებისათვის. წმ.მარიამ მაგდალინელი პეტრეს და იოანეს კვლავ გამოჰყვა საფლავზე, სადაც მათ მაცხოვრის მხოლოდ სუდარა ნახეს და როცა მოწაფეებიც უკან, სახლში დაბრუნდნენ, ეს გულმხურვალე მენელსაცხებელე დედა არ მოშორდა საფლავს და მწარედ ქვითინებდა: ,,ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს (იოანე.20;13).“

ამ დროს მან უკან მოიხედა და იესო დაინახა, თუმცა ვერ მიხვდა, ვინ იყო იგი; მებაღე ეგონა და ჰკითხა: ,,უფალო, თუ შენ აიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე!“- მაგრამ როცა იესომ მას სახელით მიმართა: ,,მარიამ!“, – მაშინ კი იცნო საყვარელი მოძღვარი და მის ფერხთით დაემხო.

უფალმა მას უთხრა, წასულიყო და მოწაფეებისთვის ეხარებინა: ,,ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან (იოანე 20, 17).“

მარიამ მაგდალინელი კვლავ გაიქცა მოციქულებთან, რათა ეუწყებინა მომხდარის შესახებ. განთიადისას ის მესამედ მივიდა მაცხოვრის საფლავთან სხვა მენელსაცხებელე დედებთან ერთად; ახლა უკვე ყველამ იხილა აქ ანგელოზი, რომელმაც აუწყათ, რომ ქრისტე აღდგა და მას გალილეაში შეხვდებოდნენ.

ამ ამბით გახარებული წმინდა დედები უკან დაბრუნდნენ; მათ გზაში მაცხოვარი გამოეცხადათ და ახარა: ,,ნუ გეშინიათ, წადით და უთხარით ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეაში და იქ მიხილავენ (მთ.28.10).”

წმინდა მამები აღნიშნავენ, უფალი ხედავდა რა მარიამ მაგდალინელის მხურვალე გულს, აღდგომის დღეს პირველად სწორედ მას ამიტომ გამოეცხადა(მკზ.16;9).”

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, მოციქულების მსგავსად, მან მრავალი ქვეყანა შემოიარა სახარების ქადაგებით. რომში მარიამ მაგდალინელი იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა, კვერცხი მიუტანა და ქრისტეს აღდგომა ახარა. კვერცხის მიტანა სტუმრობისას, იმ პერიოდში, ჩვეულებრივი წესი იყო და სიხარულის მინიჭებას გულისხმობდა; თუმცა იმპერატორმა ქრისტეს აღდგომა არ ირწმუნა და მარიამს უთხრა: ,,თუ შენი ქადაგება მართალია, მაშინ ეს კვერცხი გაწითლდება.” კვერცხი მართლაც გაწითლდა. სწორედ ამ სასწაულის შემდეგ იღებს დასაბამს ქრისტიანებში აღდგომის კვერცხების წითლად შეღებვისა და გაცვლის ტრადიცია.

რომიდან, წმ.მარიამ მაგდალინელი ეფესოში, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან, ჩავიდა და მასთან ერთად ქრისტიანობას ქადაგებდა. თავისი სამოციქულო მოღვაწეობის დასასრულს, წმინდა დედამ მშვიდად მიაბარა სული უფალს. იგი დაკრძალეს იმ გამოქვაბულის შესასვლელში, სადაც შემდეგში შვიდმა ეფესელმა ყრმამ მიიძინა.

IX-X სს-ში წმ.მარიამ მაგდალინელის წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, ლაზარეს სავანეში, გადააბრძანეს. მისი ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია ახ.სტილით 4 აგვისტოს და მენელსაცხებელე დედების კვირას აღნიშნავს.