საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება შენდობის კვირას

9 მარტი
9-marti-2003

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 9 მარტი 2003 წელი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი დღე თავისი სულიერი ძალითა და მნიშვნელობით გამოირჩევა. ეს არის დღე სულიერი განწმედისა და გადარჩენისა. ჩვენ ყოველდღე ვლოცულობთ და ვკითხულობთ „მამაო ჩვენოს“, სადაც ნათქვამია: „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. ეს სიტყვები განსაკუთრებულია – ე.ი. ჩვენი გადარჩენა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, გაგვაჩნია თუ არა უნარი შენდობისა, ცოდვათა მიტევებისა. ვის უნდა შევუნდოთ, ან ვინ უნდა შეგვინდოს? ყველას? ახლობელს, თუ გარეშეს? ყოველ ადამიანს, ვისთვისაც რაღაც ცუდი გითქვამს, ცუდი გაგიკეთებია, ან თუნდაც გიფიქრია, შენდობა უნდა სთხოვო. და არა მარტო მათ – წმიდა ეკლესია მოგვიწოდებს, იმათაც შევურიგდეთ, ვინც ჩვენ გაგვიკეთა ცუდი.

ეს საოცარი დღე პირველი საუკუნეებიდან იქნა დაწესებული ეგვიპტის უდაბნოში. დიდი მარხვის წინ ეგვიპტელი ბერები ერთად იკრიბებოდნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, შემდეგ აღდგომის საგალობლებით შორდებოდნენ ურთიერთს და გადიოდნენ უდაბნოში, სადაც მთელ დიდ მარხვას ლოცვასა და დიდ მოღვაწეობაში ატარებდნენ. აღდგომის საგალობლებს ისინი იმიტომ გალობდნენ, რომ არ იყვნენ დარწმუნებულნი, ცოცხლები დაბრუნდებოდნენ თუ არა დღესასწაულზე.

ასეთია ჩვენი ცხოვრებაც, არ ვიცით, როდის წარვდგებით საიქიო კარიბჭის წინაშე. დღეს უფალმა აქ მოგვიწოდა. თქვენ იცით, რომ ეკლესია არის ის წმიდა სხეული უფლისა, სადაც ღვთისაგან ხმობილნი მოდიან. უფალმა მოგვიწვია, რათა დავინახოთ ჩვენი ცოდვები და გავთავისუფლდეთ მისგან. ერთადერთი გზა გადარჩენისა – ეს არის ხედვა და განცდა თვისთა ცოდვათა; და არა მარტო ხედვა და განცდა, არამედ სურვილი გამოსწორებისა.

შეიძლება ადამიანმა კიდევ დაუშვას შეცდომები, გაიმეოროს ძველი ცოდვები, მაგრამ ყოვლადმოწყალე უფალმა იცის ჩვენი ბუნება, იმდენად მოწყალეა, იმდენად განუსაზღვრელია მისი სიყვარული, რომ გამოსწორების ამ სურვილსაც კი იწყნარებს, როგორც უკვე აღსრულებულ საქმეს.

დღეს ყველამ ღრმად უნდა ჩავიხედოთ საკუთარ სულში. ადამიანი იმისათვის ცხოვრობს, რომ შემდეგ სასუფევლის მკვიდრი გახდეს. ცხოვრება წუთისოფელია, ესაა მუდმივი განსაცდელი, გამოცდა ადამიანისა და იგი ისე უნდა განვვლოთ, რომ სასუფევლის მკვიდრი გავხდეთ.

ამავე დროს, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არაწმიდა ვერ შევა სასუფეველში, ე.ი. დგას კითხვა: ნუთუ ყველა დაიღუპება?! არა. აღსარება, სულიერი განწმედა გადაარჩენს იმას, ვისაც გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და თავმდაბლობა. თქვენ გახსოვთ, წმიდა წერილში წერია: „უფალი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს მოსცის მადლი“. ძალიან ძნელია, როცა ადამიანი, ვისთვისაც სიცოცხლესაც გაიღებდი, უეცრად გიღალატებს, სიკეთისა წილ ბოროტებას გაგიკეთებს. სწორედ ესაა მოწოდება ღვთისა, რომ ადამიანმა საკუთარ თავს სძლიოს. უფალი ბრძანებს: „შეიყვარე მტერი შენი“. ამის სანაცვლოდ კი ხშირად მოგვისმენია: „როგორ შეიძლება მტერი შეიყვარო? ეს წარმოუდგენელია!“ ვფიქრობ, ამ პროცესს აქვს საფეხურები. პირველი საფეხური არის ლოცვა შენი მტრისათვის. ღვთის მადლით ეს ლოცვა მას მოაქცევს. ამიტომ თქვენ და სრულიად საქართველოს ეძლევა ლოცვა-კურთხევა – ჩვენც, თქვენც, მეც – რომ ვილოცოთ მათთვის, ვინც მტრობს საქართველოს.

აი, უკვე 25 წელია, ღვთის განგებით, უფლისაგან ვარ დადგენილი ამ ძალიან მძიმე თანამდებობაზე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მინდოდა დავხმარებოდი ამა თუ იმ ადამიანს, ვინც არ დგას ჭეშმარიტების გზაზე და გადამერჩინა იგი. მაგრამ ვერ შევძელი ეს. ვერ შევძელი იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ძალა არ მყოფნიდა და არ მყოფნის. ალბათ, უფრო მეტი სულიერი ძალა უნდა მქონდეს. მეორე ის, რომ ადამიანს თავადაც უნდა ჰქონდეს სურვილი გადარჩენისა. ლოცვაში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. პავლე მოციქული ამბობს: „ცოდვილთაგან პირველი მე ვარ“. და მე რა მეთქმის? სრულიად საქართველოში, ყოველთა ქართველთაგან ყველაზე ცოდვილი მე ვარ. ამიტომ გთხოვთ, შენდობასა და პატიებას ცოდვათა ჩემთა გამო. შემინდეთ და მაპატიეთ ჩემი ცოდვები.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი, ჩვენი წინაპარნი და შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს ყოველნი ცოდვანი თქვენნი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II