საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მცხეთას კიდევ ერთი ქრისტიანული ძეგლი შეემატა

10 ოქტომბერი

10 ოქტომბერს მცხეთას კიდევ ერთი ქრისტიანული ძეგლი შეემატა. სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრებს შორის, ანტიოქიის მონასტერთან ახლოს, ადგილზე, რომელსაც ტრადიციულად “პირდაპირს” ეძახიან, მაღალი ქვაჯვარი აღიმართა. გადმოცემით, სწორედ აქ გაირა წმინდა ნინომ, როდესაც მისი წინამძღოლობით სვეტიცხოვლიდან მცხეთის “გოლგოთისაკენ” ჯვარს მიაბრძანებდნენ. პირდაპირზე ჯვარი გაზაფხულზე უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა. მას შემდეგ აქ ყოველ პარასკევს ჯვრის პარაკლისი აღესრულება. 12 ოქტომბერს ახლადაღმართულ ჯვართან პარაკლისი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ გადაიხადა. ქვაჯვარიც ამ ეკლესიის მრევლის მომზადებულია (ასეთივე ქვაჯვარებია მათ მიერ დადგმული ორთაჭალის ბაღში, კრწანისის ბრძოლის მემორიალურ ტერიტორიაზე).
საინტერესოა, რომ პარაკლისი სრულად იგალობა თბილისის მე-20 საჯარო სკოლის ბიჭუნათა გუნდმა “პატარა გეორგიკა” (ხელმძღვანელი პეტრე მელაძე).