საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პირველი ღვთისმსახურება ქ. ფრანქფურტის ქართულ სამრევლოში

18 დეკემბერი
84-2

2007 წლის 15 დეკემბერს აღსრულდა გერმანიაში, ჰესენის ფედერალურ მიწაზე მცხოვრები ქართველების მრავალწლიანი ოცნება: ქ. მაინის ფრანქფურტის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში პირველად ჩატარდა საღმრთო წირვა ქართულ ენაზე. გალობდა ქართველ მგალობელთა გუნდი. ღვთისმსახურებას მრავალი ქართველი დაესწრო. იყო საოცარი სიხარული და ერთსულოვნების განცდა ქართველთა შორის.
ამა წლის ნოემბერში ჰესენის მიწაზე მცხოვრებმა სამშობლოს და ქართულ ღვთისმსახურებას ასე მონატრებულმა ქართველებმა თხოვნით მივმართეთ მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II შესაბამისი თხოვნით და პასუხმაც არ დააყოვნა. ამიერიდან მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით მიუნხენის ქართული ეკლესიის მღვდელი თამაზი (ლომიძე) თვეში ერთხელ ჩამოვა ჩვენთან და აღავლენს წირვას ქართულ ენაზე.
ჩვენ უდიდესი მადლიერებით მივმართავთ ჩვენს მამამთავარს და მწყემსს, მის უწმინდესობას ილია II-ს და ჩვენის მღვდელმთავარს, მეუფე აბრაამს, რომელნიც სამშობლოდან დაშორებულებს მზრუნველობას არ გვაკლებენ აქ, უცხოეთში. განცდა იმისა, რომ სამშობლოს მოშორებულნი შვილები ვახსოვართ ჩვენს ეკლესიას უმთავრესი იმედი და საყრდენია უცხოეთში მყოფთათვის.
ამ ოცნების განხორციელებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით მამა აგაფანგელს (შკურნიკოვი) მოსკოვის საპატრიარქოდან და მამა კონსტანტინეს (კოღუაშვილი) საქართველოს საპატრიარქოდან, რომელთაც მადლობას ვუხდით. განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა ავღნიშნოთ არქიმანდრიტ ათენაგორას (ცილიასკოპულოს) და საერთოდ კონსტანტინოპოლის ბერძნული საპატრიარქოს ძმური თანადგომა. მათ სიხარულით, ყოველივე ანგარების გარეშე დაგვითმეს ბერძნული ტაძარი თვეში ერთხელ ქართული ღვთისმსახურებისათვის.
მადლი გამჩენს, დასავლეთ ევროპის მღვდელმთავარს და მოძღვრებს, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდა, მიგვეღო სულიერი საზრდო ქართულ ენაზე.
მოუთმენლად ველით შემდეგ ღვთისმსახურებას იანვარში.
ჰესენის მიწაზე მცხოვრები ქართველი მრევლი
მაინის ფრანქფურტი , 2007 წლის 16 დეკემბერი