საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

9 იანვარი

როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, ორგანიზაცია ,,იდენტობის,, წევრებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯეს, რითაც მორწმუნეთა დიდი აღშფოთება გამოიწვიეს.
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენ მას ვაღიარებთ. მაგრამ აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება არავის მიერ და, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევისათვის.
ცნობილი გახდა ასევე, რომ ხვალ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეთა ჯგუფი აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას ორგანიზაცია ,,იდენტობის,, ოფისთან.
გვინდა ყველას მადლობა გადვუხადოთ მხარდაჭერისა და მორწმუნეთა თანადგომისათვის. მაგრამ შეგახსენებთ, რომ შობის დღეები სიმშვიდისა და სიყვარულის დღეებია. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მავანთა პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნაა. ვაცნობიერებთ რა ამ საშიშროებას, თხოვნით მივმართავთ ორგანიზატორებს, თავი შეიკავონ ღონისძიების ჩატარებისგან.
კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისა და კეთილგონირებისაკენ.