საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი თბილისი,საპატრიარქო რეზიდენცია

23 დეკემბერი

2014 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.
მდივნად დანიშნულ იქნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II და ისაუბრა იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყანა.
I.დიდი ყურადღება მიექცა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს. მათ შორის: მწოლიარე, უპატრინოდ დარჩენილი ავადმყოფების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების…… მდგომარეობას.
აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ეპარქიებში შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს, თუმცა გაცილებით მეტია გასაკეთებელი.
მოისმინეს ინფორმაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიაში განხორციელებული სოციალური დახმარებების შესახებ.
მოხსენება გააკეთეს მღვდელმთავრებმაც:
1. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი);
2. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე);
3. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი);
4. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა);
5. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე);

დაადგინეს:

შემდგომი საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის ყველა ეპარქიაში შეიქმნას საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს მოძღვარი და საერო პირებთან ერთად შეიმუშავებული იქნება ახალი სოციალური პროექტები.

II. წმინდა სინოდმა იმსჯელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოც, თუმცა დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრულყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.

ითქვა, რომ:
ა) აღნიშნული ტერიტორიები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნისა და ღია ჭრილობები საქართველოსი, რომელთაც დროებით ვერ აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლება.
ბ) ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები.
გ) იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.
III. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ:
ა) არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას.
ბ) ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს;
შეიქმნა კომისია.
იგი იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს.
კომისიის შემადგენლობა:

1. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
2. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
3. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია);
4. რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
5. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი);
IV. წმინდა სინოდმა განიხილა ტაძრებისა და საეკლესიო ქონების რეგისტრაციის საკითხი. ამ თემაზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
2. ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე);
3. ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა(გიგიბერია);
4. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი);
5. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე);

V. მოსმენილ იქნა მსოფლიო პატრიარქის, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოს ბართლომეოს I წერილი საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების შესახებ.
საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია:
1.დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია);
2.ცურტაველი მიპროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი);
3.ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
4.ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
5.გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
6.დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული);
7.გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი);
8.ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
9.ჩრდილო-ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)
მღვდელმთავრებს დაევალათ, საზღვარგარეთ არსებულ მათ ეპარქიებში გაეცნონ მომქმედ საერო კანონებსა და საეკლესიო პრაქტიკას და წარმოადგინონ ინფორმაცია.
VI. წმინდა სინოდმა მოისმინა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მოხსენება 2014წლის სექტემბერში შამბეზში გამართული მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ.
VII. დაიგეგმა, მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ქრისტინები და მუსლიმები მშვიდობისათვის.”