საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

27 აგვისტო

ადიგენის რ-ნის სოფ. ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, ეს მოვლენა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, მუსლიმთა უფლებების დარღვევად წარმოაჩინონ და ამ განწყობას უღვივებენ ისლამის მიმდევარ უბრალო ხალხსაც.

მივმართავთ ჩვენ სისხლსა და ხორცს, სოფელ ჭელას მუსლიმ ქართველებს, საქართველოს სხვა სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს: ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც საუკუნეების წინაც კი, როდესაც ჩვენი ერი სხვა და სხვა ისლამური ქვეყნების შემოსევებს უმკლავდებოდა, საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანებზე ეს არ აისახებოდა და ისინი ასეთ დროსაც კი შევიწროებას არ განიცდიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ურთიერთობები დღეს უფრო მაღალ საფეხურზეა ასული და ამ დამოკიდებულებას ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ.

ის კი, რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში. ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა, ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს.

ვინც აღნიშნულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს, შეუძლებელია ეს არ დაინახოს.

თხოვნით მივმართავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ ლიდერებს, ხელი კი არ შეუწყონ, არამედ შეეწინააღდეგონ პროვოკაციულ ქმედებებს როგორც ადიგენში, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. დღეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი სამწყსოს პოზიცია კანონის, სახელმწიფოებრივი ინტერესების და, რა თქმა უნდა, რელიგიური გრძნობების დაცვის საკითხში.

ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყოველთვის ვცდილობდით და კვლავაც ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა ის კეთილი დამოკიდებულება რაც გვაქვს საქართველში მყოფ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან და მოსახლეობასთან, ასევე ჩვენს მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებთან და მათ სულიერ ლიდერებთან, განვამტკიცოთ.

ამისთვის კი ერთ-ერთ წინაპირობად მიგვაჩნია მომხდარის რეალური მიზეზების სასწრაფოდ დადგენა, უკანონო ქმედებების ჩამდენთა და ვითარების გამწვავებით დაინტერესებულ პირთა გამოვლენა. ამასთან სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ყველამ იცოდეს თავისი ქმედებების ზღვარი, რათა არ მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ესკალაცია.

ყოვლაწმინდა ღვთისმშობელის მადლით ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო.