საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

22 მაისი

საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობის” მიერ ა. წ. 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის ჩატარების მცდელობას, რომელსაც, ჩვენის აზრით, პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა.
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანული და სხვა (მუსლიმური და იუდეური) ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება, რაც მათ სამართლიან პროტესტს იწვევს. მითუმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა არაფერს გაუწიეს ანგარიში და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებასთან და ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს კი დამატებით გამაღიზიანებელ, მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა.
ქვეყანა ვერ შეეგუება ცოდვის ლეგალიზებას. ეკლესიას ადამიანი უყვარს, მაგრამ ისევ ადამიანის სიყვარულიდან გამომდინარე, ებრძვის ცოდვას მისი სულის გადასარჩენად.
მიუხედვად ამისა, ძალადობას გამართლება არ აქვს. ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივი ქცევის ნორმებში არ ჯდება.
სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელ ეკლესიას მიაყენეს ზიანი.
საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და ჩვენის მხრიდანაც მივიღებთ სათანადო ზომებს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თუ არა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის ძალისხმევა და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებული ქმედება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.