საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

9 აგვისტო
7308-2

 ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი  საქართველოს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში მდებარეობს.  ტაძარი აშენებულია ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მიერ 1010-1014 წლებში. ტაძრის ბარელიეფზე ამოკვეთილი  წარწერა გვაუწყებს:  „ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შენსა და მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა.“   მეფე ბაგრატთან ერთად ტაძრის აშენებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რაჭის პირველმა ერისთავმა რატი ლიპარიტის ძემ და მისმა შთამომავლებმა, რომელთაც ტაძარს მიუშენეს კარიბჭეები, შეამკეს წმინდა ხატები და შეწირეს დიდი ქონება.

ნიკორწმინდა დაარსების დღიდან საკმაოდ ძლიერი და მდიდარი მონასტერი იყო, მაგრამ XIII საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს მეფემ, დავით VI ნარინმა (1247-1293) ღალატის ბრალდებით რაჭის ერისთავ კახაბერიძეთა დინასტია ამოწყვიტა. ნიკორწმინდის მონასტერმა ფაქტობრივად მთავარი შემომწირველი დაკარგა და  დროთა განმავლობაში საგრძნობლად დასუსტდა. XVI საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) გამოიჩინა მზრუნველობა, განაახლა ტაძარი და მას  ძველი ბრწყინვალება დაუბრუნა.

XVIსაუკუნის 30-იან წლებამდე ნიკორწმინდა ქუთათელის სამწყსოში შედიოდა. 1534 წელს ბაგრატ იმერთა მეფემ ნიკორწმინდის მონასტერი საეპისკოპოსო კათედრად აქცია. ეს ფაქტი ცნობილია იმდროინდელი საბუთით: „ჩვენ მეფეთ-მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩემმან დედოფალთდედოფალმან ელენე… ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა ნიკოლოზ წმიდისა და შევქმენ საყდრად და საეპისკოპოსოდ და დავადგინე… მეუფე მანუელ“…

თავად სახელი „ნიკორწმინდა“  დაკავშირებულია წმინდა ნიკოლოზის სახელთან. ტაძარი აგებულია სწორედ წმინდა ნიკოლოზის სახელზე. გავრცელებული მოსაზრებით, ტაძრის პირვანდელი სახელწოდება იყო ,,ნიკოლწმინდა(ნიკოლოზწმინდა). შემდგომში ეს სახელწოდება იქცა იქვე არსებული სოფლის სახელწოდებადაც.

1902 წელს სოსიკო მერკვილაძე გაზეთ ივერიაში აქვეყნებს წერილს ნიკორწმინდის ტაძარში დაცულ სიძველეთა შესახებ და გვამცობს: „ნიკორწმინდის ტაძარში მრავალი ძვირფასი ხელთ-ნაწერები, ნაწილები და ნივთებია. სხვათა შორის აქ ასვენია ნაწილი წმინდა ნიკოლოზისა _ მთელი იდაყვი. ამაზედ ზეპირ-გადმოცემა ამბობს: ბაგრატ კურაპალატს შეურთავს ელლინთა მეფის მანუელის ასული ელენე და წმინდა ნაწილიც მზითვად მოჰყოლია საბერძნეთიდგანაო“. შემდეგ კი ჩამოთვლის რამდენიმე სიწმინდეს: ხელის ჯვარს ნაწილებით; დავით წულუკიძისგან შეწირულ კაცის სიმაღლე ვერცხლის ჯვარს; მისგანვე შეწირულ ხელნაწერ სახარებას, ვერცხლის ბუდეში; წმინდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატებს, ოქრო-ვერცხლით მოჭედილ-მოვარაყებულთ; მოციქულთა და წმინდანთა ცხოვრებას. საკვირველმოქმედი მღვდელმთავრის წმინდა ნაწილი სამწუხაროდ, გასულ საუკუნეში უღმერთოთა მიერ შეიბილწა და განადგურდა. შემორჩენილია 1923 წლის 7 იანვრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ასახავს ნიკორწმინდის ეკლესიის დახურვის გადაწყვეტილებას. ტაძრის დაკეტვის შემდეგ მონასტრის ეზოს სახნავ-სათესად და სათიბად იყენებდნენ.

ნიკორწმინდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების უდაოდ გამორჩეული ძეგლია. მისი დიდებულება განსაკუთრებულად ვლინდება ჩუქურთმებსა და ორნამენტებში. ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, სინატიფე და შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აი რას წერს 1833 წელს ფრანგი მოგზაური დებუა: „ჩუქურთმა და მხატვრობა, რომელიც ჰფარავს გუმბათს, კედლებს, კამარებს და სტოვათ, დიდად ხელოვნურია. მე არ მინახავს ამდენად მდიდრად მორთული ტაძარი არც აღმოსავლეთს, არც დასავლეთს საქართველოში“…

2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.

საუკუნეების განმავლობაში ნიკორმწინდის მონასტერი სულიერებისა და განათლების    მძლავრი კერა იყო. წმინდა ამბროსი ხელაიამ, როდესაც ის ნიკორწმინდასთან ახლომდებარე მონასტრის ჭელიშის არქიმანდრიტი იყო, შეისწავლა რაჭის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები და აღწერა ნაშრომში „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.  ავტორმა ამ ნაშრომის გამოქვეყნება  ჟურნალ „განთიადსა“( 1915 წელს) და ჟურნალ „ცხოვრებაში“ (1915, 1916 და 1917 წელს) ,,ამბერის“ ფსევდონიმით დაიწყო. ამბროსი ხელაია ორ ათეულზე მეტ ხელნაწერს ჩამოთვლის რაც მის დროს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ნიკორმწინდაში მათ შორის ყველაზე ძველი XI საუკუნის პერგამენტია, რომელშიც მოცემული იყო:

ა) წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ცხოვრება;
ბ) წმ. ნიკოლოზის შესხმა, შედგენილი წმ. ანდრია კრეტელის მიერ;
გ) წმ. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება.

გამორჩეული ხელნაწერები: . ხუცური ხელთნაწერი (XVI ს.), სადაც მოთავსებულია სვინაქსარული ცხოვრება და საგალობელნი შემდეგი წმიდანებისა:

ა) 26 ივნისი: ცხოვრება იოანე გუთელისა (ხატმებრძოლობის პერიოდში მცხეთაში იქმნა აყვანილი მღვდელმთავრის ხარისხში კათალიკოზ იოანესგან 758 წელს);
ბ) 19 ივლისი: ბარლაამ საკვირველთმოქმედის ცხოვრება (სირიის ანტიოქიიდან, ქადაგებდა ქრისტეს რჯულს კავკასიაში, ეწამა და აღესრულა დიოკლიტიანეს დევნის პერიოდში 304 წ.);
გ) 9 ივლისი: მღვდელმოწამე ბაგრატ ტავრომენიელ ეპისკოპოსის ცხოვრება (ცხოვრობდა I ს.-ში, ქვებით ჩაქოლეს წარმართებმა);
დ) 13 აგვისტო: წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება (მონოთელიტობის პერიოდში, მრავალი ტანჯვისა და გადასახლების შემდეგ, აღესრულა ცაგერში 662 წელს).

პერგამენტი (XI-XII ს.). ხელნაწერის შინაარსია:

ა) წმ. მოციქულ პეტრესა და პავლეს ცხოვრება. ცხოვრების მე-2 ნაწილშია წმ. დიონისე (არეოპაგელი)  ათენელ ეპისკოპოსის ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ;
ბ) წმ. ქურისია პონტოელი მღვდლის მიერ აღწერილი, წმ. მოწამე თევდორეს მიერ გარდაცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები;
გ) 9 მარტი:  40 სებასტიელის წამება;
დ) 23 აპრილი: წმ. გიორგის წამება – აღწერილი მისი მოწაფის, ბასიქარტოს მიერ.

ამბროსი ხელაია ასევე ასახელებს XVI-XVII ,,სადღესასწაულოს“, ,,მარხვანს“, ,,თვენს“, ,,სახარებას“, ,,დავითნსა“ და ,,სამღვდელმთავრო კონდაკებს“.

ამბროსი ხელაიას ცნობით, ნიკორწმინდაში გაცილებით მეტი ხელნაწერი იყო: „ნიკორწმინდის ტაძარს ჰქონია ბევრი ხელთნაწერი, მათგან გადარჩენილა მხოლოდ ის, რაც აქ ჩვენ მოვიხსენიეთ და აღვსწერეთ. დიდი უმრავლესობა კი განადგურებულა XIX ს.-ში. 1902 წ.-ს ერთმა ღრმა მოხუცმა გადმომცა, რომ რაჭის მაზრის უფროსის (ტომით რუსის) ბრძანებით, ნიკორწმინდიდან ურმით გაუზიდნიათ ხელთნაწერები და საჯაროდ დაუწვავთ. ამ დასაწვავად გამზადებული წიგნებიდან ერთს მედავითნეს მოუპარავს ერთი ხელთნაწერი და გადაურჩენია დაღუპვას“.

ამბროსი ხელაიამ აღმოაჩინა ნიკორწმინდელ მღვდელმთავართა სიაც:

1. მანუელ. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1548) დააარსა ნიკორწმინდაში საეპისკოპოსო კათედრა და 1534 წელს ნიკორწმინდელად დააყენა მანუელი. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ამ მანუელმა შემდეგში დაიჭირა აწყურის სამღვდელმთავრო კათედრა, ვინაიდან ერთი ნიკორწმინდის ხელნაწერი, რომელიც გადაწერილია ბაგრატ III-ის ძის მეფე გიორგის (1548-1585) მიერ, თავის მინაწერებში ახსენებს მაწყვერელს მანუელ ჩხეტიძეს.
2. სიმონ საყვარელიძე, მოხსენებულია 1559 წლის სიგელში ნიკორწმინდელ არქიეპისკოპოსად. ამ სიგელით იგი ნიკორწმინდის ტაძარს სწირავს სოფელ ხიმში მცხოვრებ გლეხ ლაზარე დონაძეს ოჯახით.
3. იოაკიმე (XVI ს.-ის II ნახ.).
4. ამბროსი ბაქრაძე. მოხსენებულია მეფე ლეონისგან ნიკორწმინდისთვის 1591 წ. მიცემულ სიგელ-გუჯარში.
5. სიმონ ჩხეტიძე. მოხსენებულია 1637 წ.-ის ერთ საბუთში, შემდეგ 1559 წელს ჩააბარეს იმერეთის კათალიკოსის კათედრა, მიიცვალა 1666 წელს.
6. გედეონ ლორთქიფანიძე. მოხსენებულია 1660 წლის სიგელ-გუჯარში.
7. იოსებ სააკაძე. იყო ნიკორწმინდელი 1662 წლამდე, სანამ გახდებოდა თბილელი მიტროპოლიტი.
8. დავითი. მოხსენებულია 1669 წ. იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის წერილში რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძისადმი.
9. არსენი „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და საღმრთო წერილის მთარგმნელი“. პლ. იოსელიანის სიტყვით, 1682 წ. იყო ნიკორწმინდის კათედრაზე.
10. გერმანე. მოხსენებულია 1756 და 1759 წ.-ის სიგელებში.
11. ნიკოლოზი. მონაწილეობას იღებდა მეფე სოლომონ I დროს მომხდარ საეკლესიო კრებაში 1759 წელს.
12. გერმანე წულუკიძე, რომელიც 1772 წელს გადააყენა მეფე სოლომონ I-მა, „ვინაიდან იყო მოყვასი როსტომ ერისთავისა“, მისი მოადგილის სილიბისტროს სიკვდილის შემდეგ კვლავ დასვეს საყდარზე.
13. სილიბისტრო ღოღობერიძე. ნიკორწმინდის კათედრა დაიკავა 1772 წელს, მაგრამ მალევე მოკლულ იქნა გლეხ ნადირაძის მიერ, რადგან ამ ნადირაძეს სხვა გლეხის ტყვედ ჩავარდნილი ცოლი გამოეხსნა ლეკთაგან და დაესვა ცოლად, მღვდელმთავარს კი იგი წაერთვა და თავისი კანონიერი ქმრისთვის დაებრუნებინა.
14. მიტროპოლიტი სოფრონი (სავ. ღოღობერიძე). სავარაუდოდ, მიიცვალა 1792 წელს.

ამბროსი ხელაიას გარდა ნიკორწმინდის ხელნაწერებზე უმუშავია წმინდა ექვთიმე თაყაიშვილსაც, რომელმაც 1919 წელს აღმოაჩინა ხელნაწერი, სადაც მოცემული იყო მეფეთა და კათალიკოსთა სულთა მატიანე. აღნიშნული ხელნაწერი წმინდა ექვთიმემ პარიზში გამოსცა 1939წელს.

ნიკორწმინდის უნიკალური ტაძრის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა და ფასი ძალიან დიდია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან  ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

*    *    *

განსაკუთრებულად დიდია ნიკორწმინდის სულიერი ღირებულება, ათ საუკუნეზე მეტია, რაც ამ წმინდა მონასტერში აღევლინება ლოცვები და მსახურებები ღვთის სადიდებლად, სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ორი წლის წინ, აწ განსვენებული ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისეს ხელმძღვანელობით ეპარქიამ იზეიმა ნიკორწმინდის აგების ათასი წლისთავი! მიმდინარე წელს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განსაკუთრებულად აღინიშნა ეს საიუბილეო თარიღი და საფუძველი ჩაეყარა ,,ნიკორწმინდობის“ დღესასწაულის ყოველწლიურად აღნიშვნას.

მისი უწმინდესობა თვითონ ეწვია რაჭას და იქ 4-8 აგვისტომდე დაჰყო. საზეიმო წირვა ნიკორწმინდაში კვირას, 7 აგვისტოს, აღევლინა. მსახურებას თერთმეტი მღვდელმთავარი და მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო. საღამოს გაიმართა საზეიმო კონცერტი მსოფლიოში აღიარებული რაჭველი ხელოვნების მოღვაწეების მონაწილეობით.

წინა დღეს, 6 აგვისტოს, ამბროლაურში იკურთხა ღვთისმშობლის სახელობის ახლადაგებული ტაძარი და გაიხსნა გამოჩენილ რაჭველთა ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა.

სამწუხაროდ რაჭა საქართველოს იმ კუთხეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები აქვს დასაძლევი. ამ მხარეში ორი წლის მანძილზე მისი უწმინდესობის ორი სტუმრობა სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ აქ მდგომარეობა შეიცვალოს _ რაჭველები კვლავ დაუბრუნდნენ საკუთარ მხარეს, გააცოცხლონ და ააღორძინონ მიტოვებული სახლები და მთა-ველები.

რა თქმა უნდა, მთავარი სიტყვა ხელისუფლებამ უნდა თქვას და შექმნას სათანადო იმფრასტრუქტურა ტურიზმისა და კურორტოლოგიის ასაღორძინებლად, რაჭის უნიკალური ბუნებრივი რესურსების გამოსაყენებლად.

რაჭის აღორძინების საქმეს საფუძველი ჩაეყარა. მეუფე ვახტანგი (ლიპარტელიანი) და ადგილობრივი სამღვდელოება ამისთვის გულმოდგინედ იღვწიან. ვიმედოვნებთ, ერიც თავის სიტყვას იტყვის და ეს მხარე ახალ სიცოცხლეს შეიძენს.