საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

“პატრიარქობის 34 წელს მზიანი ღამე ვუწოდე” – ბრძანა საქართველოს პატრიარქმა

25 დეკემბერი
673-2

”პატრიარქობის 34 წელს მე მზიანი ღამე ვუწოდე”, – ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დღეს სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

“ეს 34 წელი იყო წლები განსაცდელისა, სიხარულისა და მწუხარებისა. ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ 34 წელს. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე, იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს”, – ბრძანა უწმინდესმა.

მისმა უწმინდესობამ გაიხსენა პატრიარქად კურთხევის დღე და იქ წარმოთქმული სიტყვები: “თავსა და ქედს ვიხრი წინაშე ღვთისა და ერისა”. “მრავალი შეცდომაც მქონია, მაგრამ ღვთისა და თქვენი სიყვარული მუდამ ფარავდა ამ ცოდვებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჩვენი გზა ერთადერთია – გზა სასუფევლისკენ”, – აღნიშნა ილია II-მ.

პატრიარქს დღეს აღსაყდრებიდან 34 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. საიუბილეო წირვას სამების საკათედრო ტაძარში მთავრობისა და ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ.