საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა

20 ოქტომბერი
669-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველის ინტრონიზაციის 20 წლისთავიდამი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. კათოლიკოს–პატრიარქთან ერთად სტამბოლს წმინდა სინოდის წევრები და სხვა ოფიცილური პირები ეწვევიან.

საქართველოს ეკლესიის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საღვთო წირვა–ლოცვაში, რომელიც ხვალ კონსტანტინოპოლში აღევლინება. საღვთო ლიტურგიას სერბეთის ეკლესიის მეთაეური და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მღვდელმთავრები დაესწრებიან. კონსტანტინოპოლში ვიზიტის დროს კათოლიკოს–პატრიარქი მეორე მნიშვნელოვან საკითხსაც შეეხება. საქართველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიო პატრიარქთან და თურქეთის პრემიერ–მინისტრ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან 26 სექტემბერს თურქული მხარისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრებს. კათოლიკოს პატრიარქის გზანილი თურქეთში არსებული ქართული ეკლესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასა და საქართველოსთვის გადმოცემას შეეხებოდა. „დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ ქართველებს არ ჰქონდათ საშუალება თავისი სუვერენული უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისა. ამ პერიოდში სასტიკად იდევნებოდა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
დაპატიმრებული იყო მისი მმრათველი კათოლიკოს–პატრიარქი და ეპისკოპოსები. ამიტომაცაა, რომ 1930 წელს, როდესაც საერთაშორისო შეთანხმებითა და თურქეთის სახელმწიფოს კანონმდებლობით განისაზღვრა რამდენიმე დენომინაციის სტატუსი, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია ვერ მოხვდა. ეკლესიაში რეპრესიები საბჭოთა კავშირის რეჟიმის შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა. იგი მოკლებული იყო საშუალებას დაეცვა საკუთარი ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე , მითუმეტეს, მის ფარგლებს გარეთ. არა და, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არაერთი უძველესი ეკლესია–მონასტერია, რომელიც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში იყო ყოველთვის, ამჟამად კი ტიტულოვანი ეპისკოპოსების დაქვემდებარებაში შედის. ეს ეკლესია– მონასტრები არ შეიძლება იყოს არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, არც სომხური და არც რომელიმე სხვა ეკლესიისა, რადგან ყველა ნიშნით , ეს არის ქართული კულტურის ძეგლები. გთხოვთ, უახლოეს პერიოდში განიხილოთ ჩვენი ეკლესიის სამართლიანი თხოვნა თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული სტატუსისა და ეკლესია–მონასტრების საკუთრების შესახებ. თქვენი განცხადებები და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ეროვნული უმცმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, გვაძლევს იმედს ,რომ ჩვენი საკითხი დადებითად გადაწყდება. „–აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეკლესიის მეთაური სამშობლოში შაბათს, 22 ოქტომბერს დაბრუნდება.