საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

5 ოქტომბერი

2011 წლის 11 ივლისს სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დადგენილება, რომლითაც პასუხი გაეცა ყველა იმ სავარაუდო შეკითხვასა და გამოწვევას, რომლებიც გაჩნდა ეკლესიის წინაშე რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სინოდის განჩინება იმავე დღეს წარედგინა საზოგადოებას.

ამასთანავე, მაშინვე მკაფიოდ ითქვა, რომ სინოდის სხდომამ დადგენილება მიიღო ერთხმად და მღვდელმთავრებს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სახის მედიასაშუალებაში არაერთხელ გამოქვეყნდა არარეალური, ფაქტების გამყალბებელი და აშკარად ცილისმწამებლური მასალები, რომელთა მიხედვით თითქოს მღვდელმთავართა ნაწილი დაუპირისპირდა კათოლიკოს-პატრიარქს და თავისი პოზიციით უღალატა პატრიარქსა და სამშობლოს.

ამ ცილისწამებათა პასუხად 2011 წლის 24 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მკაფიოდ მიუთითა, რომ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მსგავსი მასალები არ ასახავდა რეალობას.

მიუხედავად ამისა, ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება კვლავ გაგრძელდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაგეგმილ ანტიეკლესიურ კამპანიასთან, რომელიც წარიმართება ეკლესიის, კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა სინოდისა და სამშობლოს გულშემატკივრობის ნიღბით, რეალურად კი მისი მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია, მღვდელმთავართა ურთიერთდაპირისპირება და ამით ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზატორთა ქვენა მიზნების მიღწევა.

ისმის კითხვა, ვის სჭირდება ეს… კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ: სინოდის 11.07.2011 წლის სხდომაზე მღვდელმთავართა შორის აზრთა სხვაობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ საკითხზე: მოესმინა თუ არა სინოდს საგანგებოდ მოწვეულ სამართალმცოდნეთათვის. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მოსმენის შესახებ წინადადებას; ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სინოდმა მოუსმინა სხდომაზე მოწვეულ ყველა სპეციალისტს. ამის შემდეგ საერო პირებმა (მოწვეულმა სპაციალისტებმა) დატოვეს დარბაზი და მღვდელმთავრებმა მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს ის განჩინება, რომელსაც იმავე დღეს გაეცნო საზოგადოება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, სინოდის სხდომაზე არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ იყო ერთსულოვნება; ხოლო მათ, ვინც პირდაპირ, ან არაპირდაპირ მონაწილეობს ეკლესიისა და მღვდელმთავრების წინააღმდეგ დაგეგმილ ცილისმწამებლურ კამპანიაში, შევახსენებთ, რომ ღმრთის მცნების – „არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“ – დარღვევა უმძიმესი ცოდვაა და მამაშვილურად შევაგონებთ მათ, დროულად შეინანონ და შეწყვიტონ ამ კამპანიაში მონაწილეობა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს გაძლევთ ლოცვა-კურთხევას: ყოველგვარი კამათი წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ უნდა შეწყდეს და ყოველი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია საეკლესიო ერთობა, უნდა გაემიჯნოს მღვდელმთავრებისა და ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი საქციელი სიკეთეს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

05/10/2011

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი