საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

6 ივლისი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებილი განცხადების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში თავისი ინიციატივით მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, რათა შემოეთავაზებინათ პირველი მოსმენით მიღებული კანონ-პროექტის შეცვლილი ვარიანტი, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი.

საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსესუსის მიღწევის თაობაზე.
შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა.

შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს.

ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

05.07.2011