საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – “დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს”

29 მაისი
653-2

“დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები. ბოლო ასეთი გამოსვლა იყო ძალიან მძიმე და დამთავრდა მსხვერპლით”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. “ადამიანთა შორის ურთიერთობის პროცესი ძალიან რთულია. დღეს, როცა ადამიანმა გამოიგონა სხვა ადამიანის დასასჯელი საშუალება, არის შემთხვევები, როდესაც თავად ხდება ამ გამოგონების მსხვერპლი. ყველაზე საშიში კატეგორიული ურთიერთობა და აზროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხში შეუცდომელი ვარ და ყველაზე ჭკვიანი. ვფიქრობ, დღეს ჩვენი ყოფა და ცხოვრება არ არის ადამიანებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა. ადამიანები გამოდიან ქუჩაში პროტესტის ნიშნად და ხელისუფლება ხშირად მათ ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობა უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს მსჯელობა. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი საქმე იყოს საქმე უფლისთვის და სასარგებლო ადამიანებისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ სხვისი მოსმენა”, – ბრძანა უწმინდესმა.

დღესვე პატრიარქმა სამების ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა შვილები დალოცა და ტკბილეული გადასცა.