საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

26 მაისი

2011 წლის 26 მაისის ღამეს პარლამენტის წინ მომიტინგეთა დაშლა საზოგადოებამ ტელევიზიის პირდაპირი ეთერის საშუალებით ნახა; იმის მიხედვით, რაც ეკრანზე ვიხილეთ, ნათელია, რომ აქციაზე შეკრებილებმა სახელმწიფოს მხრიდან გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, მაგრამ სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების გამო სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა და ზიანი მიეყენა მომიტინგეებს;

ვწუხვართ, რომ ამ სიტუაციას ემსხვერპლა ორი პიროვნება და თანაგრძნობას ვუცხადებთ განსვენებულთა ოჯახებს. ვწუხვართ, რა თქმა უნდა, იმ ფაქტის გამოც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ერი ამ სახით შეხვდა.

მომიტინგეთა დაშლის დაწყებისთანავე მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II ლოცვა-კურთხევით შემთხვევის ადგილზე მივიდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირნი, რათა შექმნილი ვითარება შესაძლებლობისამებრ განემუხტათ და ხალხის ნაწილი ქაშვეთის ტაძარში შეეყვანათ.

რამდენადაც ცნობილია, მიტინგზე მყოფთაგან ზოგი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს, ნაწილი კი _ დაკავებულია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაპატიმრებულთა გამო შუამდგომლობით მიმართავს ხელისუფალთ, რათა მათ მიმართ სასჯელი იყოს ლმობიერი.

ღმერთი სიმართლისა და მშვიდობისა იყოს ჩვენს შორის, ამინ!

26 მაისი, 2011 წელი