საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ფრიად მნიშვნელოვანი გამოცემის პრეზენტაცია საპატრიარქოში

3 აპრილი

ა. წ. 3 აპრილს 19 საათზე საქართველოს საპატრიარქოში (ერეკლე II-ის მოედანი 1) შედგა საზოგადოებისთვის წარდგენა წიგნისა – “დიდნი საქმენი”, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თაოსნობითა და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. მასში წარმოჩენილია ოცდაათსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერის ისტორიიდან ცალკეული ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მოთხრობილია სხვადასხვა განსაკუთრებული მოვლენებისა და ფაქტების შესახებ, რომელიც ნათლად გვიჩვენებს თუ “რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შეიძლება ვიყოთ კვლავადაც”.

წიგნზე არაერთი ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი და ხელოვნებათმცოდნე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მთავარი რედაქტორის, ბ-ნ როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით. საგამომცემლო რედაქტორია ბ-ნი ბუბა კუდავა, მენეჯერი, – ბ-ნი ბადრი ბერაია, დიზაინერი ბ-ნი ბაჩა მალაზონია. ნაშრომი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა გამოცემული და უხვადაა ილუსტრირებული უნიკალური ფოტო და საარქივო მასალით.

პროექტის წარმატებით განხორციელებას განსაკუთრებული ამაგი დასდო ბიზნესმენმა ბატონმა ივანე (ვანო) ჩხარტიშვილმა, რომლის უშუალო დახმარებითაც იხილა წიგნმა მზის სინათლე.

ვფიქრობთ, ”დიდნი საქმენი” ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში და საერთოდ, ჩვენს საზოგადოებაში პატრიოტული და ჰეროიკული სულისკვეთების განმტკიცებას და აღძრავს სურვილს ჩვენი ერის წარსულის კიდევ უფრო ღრმად შესწავლისა.

საქართველოს საპატრიარქო
3 აპრილი, 2011 წელი