საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

6 მაისი
6-maisi-2004

ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, 6 მაისი, 2004 წელი

„ახალი გამარჯვებები წინ გველოდება; ვილოცოთ, რომ მალე მოვესწროთ მათ!“

ქრისტე აღსდგა!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე! „დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მეცემად საკვირვილებათა შენთა“ – ვკითხულობთ ფსალმუნში. მართლაც, დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი. უნდა გვახსოვდეს, რომ მიწიერი ეკლესია, ყოველი ადამიანი და ყოველი ერი არის მებრძოლი. ჩვენს წარსულს რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ქართველი ერი მუდამ ბრძოლაში იყო, მს დიდ წინაპარს უთქვამს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.

დღეს არის ხსენება წმიდისა დიდმოწამისა გიორგისა. როცა ჩვენ მის ცხოვრებას ვკითხულობთ, წარმოგვიდგება ორი ადამიანი: იმპერატორი დიოკლეტიანე და დიდმოწამე წმიდა გიორგი. თითქოს ორივე სიმართლეს იცავდა: დიოკლეტიანეს ეგონა, რომ წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა იყო ის რელიგია, რომელიც გადაარჩენდა რომის იმპერიას. წმიდა გიორგი კი ხედავდა, რომ ჭეშმარიტება ერთია. მან იცოდა სიტყვები უფლისა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“ ამიტომ აღუდგა წმიდა გიორგი ამ დიდ მეფეს დიოკლეტიანეს.

წმიდა გიორგის ცხოვრებაში წერია, რომ დიოკლეტიანეს უყვარდა წმიდა გიორგი, მას არ ჰყავდა მემკვიდრე და უნდოდა, რომის იმპერატორი წმიდა გიორგი ყოფილიყო.

როცა დიოკლეტიანემ შეიტყო, რომ წმიდა გიორგი კერპთაყვანისმცემელი აღარ იყო, ევედრებოდა, რომ დარჩენილიყო წარმართულ რელიგიაში, მაგრამ წმიდა გიორგის უკვე შეცნობილი ჰქონდა ჭეშმარიტება და მაცხოვარის რწმენის დიდ საუნჯეს ფლობდა; უფალი მასში იყო და იგი იყო უფალთან. ამიტომ ვერანაირი ძალა ვერ აიძულებდა წმიდა გიორგის დაჰყოლოდა დეოკლეტიანეს სურვილს. განრისხებული დიოკლეტიანე გასცემს ბრძანებას, აწამონ წმიდა გიორგი. და იწყება ისეთი წამება, როგორიც მანამდე არსდროს ყოფილა. სისხლით იცლება წმიდა გიორგი და იმ დროს, როცა თითქოს ყველასაგან მიტოვებულია, ჩაესმის სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ.“

20 საუკუნეა ესმის საქართველოს უფლის ეს სიტყვები. 20 საუკუნეა კეთილი და ბოროტი ებრძვის ურთიერთს. ხშირი შემთხვევაა, როცა ბოროტება ინიღბება სიკეთით და აცხადებს, თითქოს ადამიანებისათვის სიკეთე სურდეს, მაგრამ სინამდვილეში, ძირი და გული მისი არის ფუჭი და წარსაწყმედელი. საუკუნეების განმავლობაში ასე ხდებოდა და ჩვენი ერი და ეკლესია მუდამ ერთად იდგა მტრის წინააღმდეგ შემართული.

ჩვენი ეკლესია ეროვნულია, სწორედ ამიტომ ებრძოდა მტერი უპირველეს ყოვლისა ეკლესიას, რათა ხერხემალში გადაეტეხა საქართველო. ამიტომ როცა ჩვენს ქვეყანას მომხდური შემოესეოდა, უპირველესად ტაძრებსა და მონასტრებს ანგრევდა, რადგან კარგად იცოდა, თუ რაშია ძალა ჩვენი ერისა. ხშირად ყოფილა ჩვენს ისტორიაში პერიოდები, როცა მტერი უკვე საქართველოზე გამარჯვებას ზეიმობდა, მაგრამ გადიოდა დრო და საქართველო კვლავ ფეხზე დგებოდა. საქართველო მუდამ იყო არის და იქნება ცოცხალი, ძლიერი და მტკიცე სულით, დიდი მადლითა და სიყვარულით! ძლიერია საქართველო თავისი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებით!

დღეს არის უდიედესი ზეიმი მთელს საქართველოში და მე ვიტყოდი, რომ ეს არის საერთო დღესასწაული მიწიერ და ზეციურ საქართველოსი. თქვენ იცით, თუ რა ხდებოდა აჭარაში ბოლო პერიოდში. აჭარა არის უწმიდესი და განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა. მტერი კი შეეცადა, მოეკვეთა იგი ჩვენი ქვეყნიდან. ეს დალოცვილი კუთხე ის წმიდა ადგილია, სადაც პირველად გაისმა ქადაგება წმიდა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სვიმეონ კანანელისა და მატათასი. აქედან გავრცელდა მთელს საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა მტერი ქართველი კაცის ხელით აღასრულებს თავის ზრახვებს. მაგრამ წმიდა გიორგი არის, იყო და მუდამ იქნება ჩვენთან. წმიდა გიორგი უძლეველია და მისი წყალობითაა, რომ დღეს აჭარა კვლავ სრულიად საქართველოს ერთ-ერთი განუყოფელი კუთხეა.

აქედან, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრიდან მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს: მკვიდრთა საქართველოისთა და უცხოეთში მცხოვრებთ ეს დღესასწაული. მინდა იცოდეთ, რომ მომდიოდა ცნობები საზღვარგარეთიდან, თუ როგორი გამძაფრებული, დაძაბული ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ახალ ამბებს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი, როგორ ლოცულობდნენ, როგორ ევედრებოდნენ უფალს ჩვენი ერის ერთობისა და მშვიდობისათვის. ღმერთმა შეისმინა ქართველი ერის ლოცვა! დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის. დღეს საქართველოს ეს დალოცვილი კუთხე ჩვენთანაა!

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წინ აფხაზეთი და სამაჩაბლოა! მთავარია, არ დავკარგოთ იმედი და რწმენა, არ დავკარგოთ სიყვარული. მინდა თბილი და საქებარი სიტყვები ვთქვა აჭარის მოსახლეობაზე. აღდგა მთელი კუთხე. ჯარი და პოლიცია ხალხის მხარეს გადავიდა და გასულ ღამეს სასწაული მოხდა – ადგილობრივმა ხელისუფლებამ დატოვა აჭარა და ყველაფერი კვლავ მშვიდობიანად განხორციელდა.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ახალი გამარჯვებები წინ გველოდება, ვილოცოთ, რომ მალე მოვესწროთ მათ!

ქრისტე აღსდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი