საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II საკვირაო ქადაგება ყოველთა წმიდათას ხსენების დღეს

6 ივნისი
6-ivnisi-2004

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 6 ივნისი, 2004 წელი

„ყოველი ადამიანი ამქვეყნად მოსულია იმისათვის, რომ აკეთოს სიკეთე“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ანგელოზის დღეს!

დღეს არის ხსენება ყოველთა წმიდათა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ წმიდანის დღესასწაულია, რომელთა სახელებსაც ჩვენ ვატარებთ. ყოველთა წმიდათა ხსენების დღე არის განსაკუთრებული სულიერი ზეიმი, ზეციური დღესასწაული, რომელსაც უერთდება მიწიერი ეკლესიაც.

თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად მოსულია იმისათვის, რომ აკეთოს სიკეთე. მე ხშირად მიამბნია თქვენთვის, რომ იყო ერთი მქადაგებელი, რომელიც მუდამ იმეორებდა: „ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს“. ამიტომაც უნდა ვაკეთოთ სიკეთე, რომ მოვიპოვოთ მადლი. ეს წმიდანებიც, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვნიშნავთ, უფალს უპირველეს ყოვლისა მადლს სთხოვდნენ. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ მადლი რომ ვითხოვოთ, ჯერ ჩვენი სული და გული უნდა განვიწმიდოთ. „გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვემსა ჩემსა“ _ ამბობდა წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი.

დიდი ფიზიოლოგი პავლოვი წერდა, რომ „გული არის დიდი გონება“. ადამიანის გული უნდა იყოს ტაძარი სულისა წმიდისა. ბედნიერია ის, ვინც ამას მიაღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის სულში არის მადლი, რომელიც აძლიერებს მასში სიყვარულს, სასოებას, რწმენას, მიმტევებლობას, სიკეთეს. ასეთი ადამიანი სთესავს სიკეთეს ყველგან, სადაც კი ამისი საშუალება ეძლევა.

როცა წმიდათა ცხოვრებას ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ ძირითადად ისინი კეთილმორწმუნე მშობლების შვილები იყვნენ და მადლს მშობლებიდან და წინაპრებიდან ღებულობდნენ. ხე ნაყოფისაგან იცნობა, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ცხოვრებას. და უნდა გვახსოვდეს, რომ როცა რაიმე ცოდვას ვიდენთ ან უფლის წინაშე მადლს ვპოვებთ, იგი გადადის ჩვენს შვილებზე და შვილთა-შვილებზე.

წმიდანები არიან ჩვენი შუამდგომელნი წინაშე ღვთისა. მათგან ზოგი წინასწარმეტყველია, ზოგი მოციქული, მღვდელმთავარი, მოწამე, ღირსი მამა ან სალოსი, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს: ისინი სიკეთეს საიდუმლოდ, ხალხისაგან დაფარულად აკეთებდნენ. რადგან, თუკი სათნო საქმის სანაცვლოდ, მადლობასა და შექებას ამქვეყნად მიიღებ, იმქვეყნად უფლისგან ჯილდო აღარ გერგება, რადგან პატივი შენ უკვე დედამიწაზე მოგენიჭა.

მახსენდება, წინა პატრიარქები გვიამბობდნენ, რომ რევოლუციის წლებში იყო მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე. მან იმგვარი მოღვაწეობა იტვირთა, რომ არასდროს წვებოდა ლოგინში და მთელ ღამეს ან ფეხზე მდგომი, ან სავარძელში მყოფი ლოცვაში ატარებდა და ამით სჯიდა საკუთარ თავს. ასეთი მოღვაწეობით ჰპოვა მან დიდი მადლი წინაშე უფლისა. ეს იყო ის დრო, როცა ეგზარქოსები მართავდნენ ეკლესიას და ქართული წირვა-ლოცვა აკრძალული იყო ტაძრებში. ეს იყო დრო, როცა მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი.

მიტროპოლიტი დავითი მოესწრო იმ დროს, როცა აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული-წირვა ლოცვა, მაგრამ მას მაინც უმძიმეს წლებში მოუხდა ცხოვრება და ღირსეულად აღესრულა. ასეთი მოღვაწენი ძალიან ბევრია. მე იმიტომ მოგიყვანეთ მისი მაგალითი, რომ წმიდანები მხოლოდ ისინი კი არ არიან, რომელთა სახელებიც კალენდარშია ჩაწერილი. ძალიან ბევრია წმიდანი, რომლებიც ამქვეყნად საიდუმლო მოღვაწეებად დარჩნენ. ზოგიერთის ცხოვრება შემდეგ ცნობილი გახდა, ზოგიერთისა კი _ არა. მაგალითად მარიამ მეგვიპტელს დიდმარხვაში უდაბნოში ბერი ზოსიმე რომ არ შეხვედროდა, მის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა. ასეთი წმიდანები ძალიან ბევრია.

დღეს, თუ საშუალება გექნებათ, წაიკითხეთ კალენდარში დაწერილ წმიდანთა სახელები და სთხოვეთ შემწეობა, ეს არის ზეციური მხედრიონი, სულიერი მხედრიონი, რომლებიც ჩვენთვის აკეთებენ გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ საკუთარი თავისთვის.

ყოველთა წმიდათას ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ამ მარხვაში მიიღოთ თევზი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა. ღმერთმა ბედნიერი პეტრეპავლობა გაგითენოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი