საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია დღემდე აჭედილია

19 ოქტომბერი

როგორც ცნობილია, ოქტომბრის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქურმუხის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიაში ყოველკვირეული პარაკლისების აკრძალვისა და ტაძრის დაკეტვის შესახებ. ეკლესიის კარი აიჭედა. ამის პარალელურად მესმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაძარი ალბანური ძეგლია და მას ქართულ კულტურასთან კავშირი არ აქვს.
15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს ელმირა სულეიმანოვას მიმართა. ომბუდსმენმა ქალბატონ სულეიმანოვას ამცნო, რომ ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტ სერგისა (ჩეკურიშვილი) და საინგილოს ქართველების ცნობით, ადგილობრივმა აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ქურმუხის ეკლესიის კარი აჭედა და ღვთისმსახურების განახლების შემთხვევაში ქართველებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. სოზარ სუბარმა აზერბაიჯანულ მხარეს ევროპის კონვენციის მე-9 მუხლი შეახსენა, რომელიც ადამიანის სარწმუნოების თავისუფლებას იცავს და ხაზი გაუსვა ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
17 ოქტომბერს აზერბაიჯანულ გაზეთ “ექო”-ში დაიბეჭდა ვრცელი სტატია, რომელსაც თან ერთვის “რელიგიურ წარმონაქმნებთან მუშაობის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის” პრეს-სამსახურის უფროსის იაგუდ ალიევის კომენტარი; იგი აცხადებს, რომ “საუბარია ძველ ალბანურ მართლმადიდებლურ ტაძარზე _ კურუნუხზე და მისი გამოცხადება წმინდა გიორგის სახ. ქართულ ეკლესიად მართებული არ არის” (?! რედ.). და იქვე დასძენს, რომ ამ ნიადაგზე კახის რაიონში რაიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მას არ გააჩნია. შემდეგ ქალბატონი ალიევა მკითხელს მოუთხრობს: “ეს ეკლესია მრავალი წლის მანძილზე რუსულ ტაძრად იყო ქცეული. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ეკლესიას რუსული ჯვარი ჩამოხსნა და მასზე ქართული ჯვარი აღმართა. მას შემდეგ ისინი ამ ტაძარს ქართულს უწოდებენ.~ ქალბატონმა ალიევამ ეტყობა არ იცის, რომ ალბანური ეთნოსი VIII საუკუნეში გადაშენდა. ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია კი გაცილებით უფრო გვიან, XV საუკუნეში აიგო საქართველოს ძირძველი კუთხის – ჰერეთის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ აჩუქა. ხოლო რაც შეეხება ტაძარზე ჯვრის შეცვლას, – გუმბათზე ჯვარი წლების განმავლობაში არ ყოფილა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ხევში გადაგდებული ჯვარი იპოვა და ტაძრის გუმბათზე აიტანა.
სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაივიწყა, რომ ჯერ კიდევ 2005 წლიდან არსებობს საქართველოს საპატრიარქოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სიტყვიერი შეთანხმება ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებით.