საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მიუნხენში ჩამობრძანდა უცხოეთში მცხოვრები ქართველების მფარველი წმ. თამარ მეფის ხატი

16 დეკემბერი
589-2

ქალაქ მიუნხენის ქართულ ეკლესიას უცხოეთში მცხოვრები ქართველების მფარველი წმინდა თამარ მეფის ხატი ესტუმრა. ხატი ესპანეთის ქალაქების ბარსელონას, არნედოსა და ვიტორიის ქართული სამრევლოების შემდეგ იქ მოღვაწე ქართველმა მღვდელმსახურებმა გერმანიაში ჩამოაბრძანეს.

კვირას, 12 დეკემბერს მიუნხენის ქართულ ეკლესიაში აღევლინა სადღესასწაულო წირვა და წმინდა თამარ მეფის სავედრებელი პარაკლისი. ეკლესიაში შეიკრიბა საქართველოს უამრავი მოქალაქე, რომელიც მიუნხენსა და მის შემოგარენში ცხოვრობს. ქართველმა მართლმადიდებლებმა მათ დიდებულ მეფეს და წმინდანს შეავედრეს მათი უცხოეთში ყოფნა და სამშობლოში მალე დაბრუნება. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით 2010 წელს ათონის მთაზე შეიქმნა უცხოეთში მცხოვრები ქართველების მეოხი და სამშობლოში დაბრუნების სიმბოლო წმინდა თამარ მეფის ხატი. ხატის შექმნაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ ევროპის ყველა ქართულმა სამრევლომ.

ხატი 2010 წლის ბოლომდე მოივლის ევროპის ყველა ქართულ სამრევლოს და 7 იანვარს, შობას დაბრძანდება ქ. პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ქართულ ტაძარში, სადაც ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი აღავლენს საშობაო წირვას. შობის დღესასწაულის შემდგომ ხატი უკვე მუდმივად დაბრძანდება თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ ილოცონ მათი ახლობლების კეთილდღეობისათვის და სამშობლოში მალე დაბრუნებისათვის.