საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა – ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა

23 ნოემბერი
583-2

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა – ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. კათალიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ერი დალოცა.

მტერი ვერ შეძლებს საქართველოს დაყოფას, ბრძანა დღეს კათოლიკოს – პატრიარქმა. ილია მეორემ უფალს საქართველოს მფარველობისთვის მადლობა შესწირა. საქართველო არ დაეცემა, ის ძლიერდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა მრევლს თავდადებისა და თავმდაბლობისაკენ მოუწოდა. ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვილი გადაიხადა. დღეს პატრიარქმა პური, ყველი, ღვინო და ტკბილეულობა აკურთხა, რომელიც საღვთო ლიტურღიის შემდეგ მრევლს გაუნაწილდა.

წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის ბორბალზე გაკვრა.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.