საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

შორს სამშობლოსგან, ეკლესიასთან ახლოს. ქ. შტუტგარტის წმ. ილია მართლის სამრევლოს შესახებ

6 დეკემბერი
58-2

2006 წლის ივნისში მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით და გერმანიის ქ. შტუტგარტში მცხოვრები ქართველების დიდი მონდომებით დაარსდა სამრევლო, რომელსაც წმ. ილია მართლის სახელი ეწოდა. აღსრულდა იმ მრავალრიცხოვან ქართველ მართლმადიდებელთა სურვილი, რომელთაც რუსული ეკლესია ვეღარ იტევდა. მათ მშობლიურ ქართულ ენაზე შესრულებული წირვა-ლოცვა ენატრებოდათ. მიუნხენში არსებული ქართული ეკლესიის დახმარებით, მამა ლაზარესა (სამადბეგიშვილი) და მამა თამაზის (ლომიძე) თანადგომით შესაძლებელი გახდა ორგანიზება იმისა, რასაც თვეში ერთხელ ქართულად შესრულებული ღმრთისმსახურება ჰქვია.
აი უკვე ერთი წელია რეგულარულად, თვეში ერთხელ ჩამოდის ჩვენთან მამა თამაზი და აღავლენს ქართულ წირვას. განსაკუთრებით გვიხარია ის, რომ ჩამოყალიბდა და გვყავს ჩვენი საკუთარი მგალობელთა გუნდი. თვიდან თვემდე მატულობს აღმსარებელთა და მაზიარებელთა რიცხვი. სრულდება ნათლობები, ჯვრისწერები, პარაკლისები და პანაშვიდები.
მართალია ჩვენ სამშობლოს ფიზიკურად დავშორდით, მაგრამ სულიერი სამშობლო აქ ბევრმა ვიპოვეთ. მრავალი ჩვენგანი აქ, ათასობით კილომეტრით დაშორებული უფრო დაუახლოვდა დედა ეკლესიას, უფრო თავისუფლად ალაპარაკდა მშობლიურ ენაზე და რაც მთავარია დაიწყო სულიერი და ეკლესიური ცხოვრება. ესაა შედეგი ჩვენს სამრევლოში აღსრულებული იმ მადლიანი ღმრთისმსახურებებისა, რომელთაც ყოველ თვე ასე მოუთმენლად ველით და რომლებმაც რწმენა და ეკლესია გვაპოვნინა.
ვმადლობთ ღმერთს, ჩვენს მღვდელმთავარს და მოძღვრებს, რომ შესაძლებელია ევროპაში არსებობდეს ქართული ეკლესია და მღვდელმსახურნი.
ქ. შტუტგარტის წმ. ილია მართლის სახ. სამრევლო.