საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს სვეტიცხოვლობაა

14 ოქტომბერი
579-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.

უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქართული ეკლესიისა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა .

“საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს და ძნელია დიდი ქვეყნების გვერდით თანაცხოვრება. სარწმუნოებამ საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა ქართველი ერი. ეს არის დიდი ძალა, რომელიც დღესაც გვიცავს”,- ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ისაუბრა გლობალიზაციის გარდაუვალ პროცესზეც და აღნიშნა, რომ ამის გამო არ უნდა ჩავიკეტოთ, პირიქით, უნდა გავეცნოთ სხვა ქვეყნების კულტურას და მათგან კარგი შევიმეცნოთ.

“ქართველებს ბევრი რამ აქვთ ისეთი, რაც გარესამყაროსთვისაც მისაღებია. ეს არის ჩვენი ფასეულობები და მათ უნდა გავუფრთხილდეთ”,-აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

უწმინდესმა დალოცა აფხაზეთი და სამაჩაბლო; შესთხოვა უფალს, რომ დამთავრდეს განსაცდელი საქართველოსთვის, ღმერთმა მოიღოს წყალობა ჩვენს ქვეყანაზე, კვლავაც გაამთლიანოს და გააერთიანოს საქართველო.
წირვის შემდეგ პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მაღალი რანგის სასულიერო პირებს, საპატიო სტუმრებს და მრევლს ქადაგებით მიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს სადღსასწაულო მსახურებაში მონაწილეობისათვის.

სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა ტირანასა და ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა. მან საქართველოს პატრიარქს საჩუქრად ბარძიმ-ფეშხუმი გადასცა, როგორც ერთიანობის, სიყვარულისა და მომავლისადმი რწმენის სიმბოლო.

უწმინდესმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოლოცვები მიიღო კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურისგან, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისგან, მისგან გამოგზავნილი წერილი კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელმა წაიკითხა. უწმინდესს დღესასწაული მიულოცა პრაღის, ჩეხეთისა და სრულიად სლოვაკეთის მიტროპოლიტმა ქრისტოფორემ. მანაც უწმინდესს, დღესასწაულთან დაკავშირებით, საჩუქარი გადასცა.

დღეს სვეტიცხოვლის ტაძრის დაარსების 1700 და განახლებიდან 1000 წლისთავი აღნიშნება.